საქართველო, ავტოიმპორტი, ავტო ექსპორტი
Aa
Aa

გერმანია ჩინეთმა ჩაანაცვლა | როგორია ავტომობილების ბაზარი საქართველოში

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 26%-ით შემცირდა, ასევე 27%-იანი კლება განიცადა ექსპორტმაც.

ამასთან, ამავე საანგარიშო პერიოდში შეიცვალა იმპორტიორი ქვეყნების სამეულიც. თუ წლების განმავლობაში უპირობო ლიდერები იყვნენ - აშშ, იაპონია და გერმანია, წელს ეს უკანასკნელი ჩინეთმა ჩაანაცვლა, საიდანაც მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით თითქმის 100%-ით გაიზარდა (რაოდენობრივად). კერძოდ, თუ 2025 წელს ჩინეთიდან საქართველოში 870 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 1 732 ერთეული შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 632.249 მლნ დოლარის ღირებულების 40 182 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 856.044 მლნ დოლარის 47 425 ერთეული.

გერმანია სამეულს მიღმა დარჩა - ის ავტომობილების იმპორტში ჩინეთმა ჩაანაცვლა:

5 ქვეყანა, სადაც საქართველომ წელს 3 თვეში ყველაზე ბევრი მსუბუქი მანქანა იყიდა:

  • აშშ - 31 181 ერთეული (365.8 მლნ დოლარი)
  • იაპონია - 3 478 ერთეული (62.5 მლნ დოლარი)
  • ჩინეთი - 1 732 ერთეული (16.4 მლნ დოლარი)
  • გერმანია - 1 055 ერთეული (89.5 მლნ დოლარი)
  • სამხრეთ კორეა - 642 ერთეული (9.7 მლნ დოლარი)

რაც შეეხება ექსპორტს, აქაც კლება ფიქსირდება. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 500.687 მლნ დოლარის ღირებულების 20 250 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, წელს კი 364.507 მლნ დოლარის 14 237 ერთეული.

ქვეყნების ხუთეული კი, სადაც იანვარ-მარტში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილები გავიდა, ასე გამოიყურება:

  • ყაზახეთი - 5 422 ერთეული (85.9 მლნ დოლარი)
  • ყირგიზეთი - 4 459 ერთეული (183.6 მლნ დოლარი)
  • ტაჯიკეთი - 1 250 ერთეული (20.2 მლნ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 919 ერთეული (29.8 მლნ დოლარი)
  • სომხეთი - 596 ერთეული (13.7 მლნ დოლარი)

წყარო: bpn.ge

მსგავსი სიახლეები