ელექტრომობილი, ჩინეთი, ჰუავეი, მაექსტრო, მაექსტრო ეს800, ჩინური მაიბახი
Aa
Aa

Mercedes-ი, BMW და Porsche პოზიციებს თმობენ? | $104 000-იანი ჩინური სედანი ბაზარს იპყრობს

გლობალურ ბაზარზე ჩინეთმა თავი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ავტომობილების შეთავაზებით დაიმკვიდრა. თუმცა ამას რიგი ავტომწარმოებლებისთვის ხელი არ შეუშლია, ძალები ძვირადღირებული და მდიდრული მოდელების სეგმენტშიც მოესინჯათ. მათ შორისაა Maextro S800, რომელიც Huawei-სა და JAC-ის კოლაბორაციით შეიქმნა და გაყიდვებში ლიდერულ პოზიციებს დასავლურ კონკურენტებს არ უთმობს.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ITHome-ის მონაცემებით, გასულ თვეში ჩინეთში S800-ის 1 142 ეგზემპლარი გაიყიდა, რაც მას 700 000 იუანზე ($102 900) მაღალი ღირებულების მქონე ავტომობილებს შორის ქვეყნის ყველაზე გაყიდვად მანქანად აქცევს. შედეგად, S800-ს მყარად პირველი ადგილი უკავია და ისეთ მოდელებსაც კი უსწრებს, როგორებიცაა Mercedes-Maybach S-Class-ი — 736 გაყიდული ერთეულით, Porsche Panamera — 616 ერთეულით და სტანდარტული Mercedes-Benz S-Class-ი — 521 ერთეულით. BMW-ის მეშვიდე სერია, მათ შორის i7, მეხუთე ადგილზეა ჩინეთში გაყიდული 436 სედანით.

Maextro S800-ის პოზიციები კიდევ უფრო ძლიერი 2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში იყო. წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში კომპანიამ ამ მოდელის 5 465 ერთეული გაყიდა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე Mercedes-Maybach S-Class-ის 3 012 ერთეული და BMW-ის მეშვიდე სერიისა და i7-ის გაყიდული 2 976 ერთეული.

ასევე იხილეთ: იხილეთ ჩინური მდიდრული სედანი, რომელიც Maybach-ს საეჭვოდ ჰგავს

Maextro S800-ის გაყიდვები გასული წლის დებიუტის შემდეგ სტაბილურად მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. როგორც გითხარით, ეს მოდელი Huawei-სა და JAC-ის პარტნიორობით შეიქმნა და შედის Harmony Intelligent Mobility Alliance-ის შემადგენლობაში, რომელიც ასევე Aito, Luxeed, Stelato და SAIC ბრენდებს მოიცავს.

S800-ის ფასები 708 000 იუანიდან (არსებული კურსით $104 000) იწყება და 1 018 000 იუანამდე ($149 500) მერყეობს. მოდელი სრულად ელექტროა, 97 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეითაა აღჭურვილი, რომელსაც ორ ელექტროძრავასთან აერთიანებს. შედეგად, ელექტრომობილის კომბინირებული სიმძლავრე 523 ცხენის ძალას აღწევს, ხოლო ერთი სრული დამუხტვით ის 670 კილომეტრამდე ფარავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები