იშვიათი ავტომობილები, კლასიკური ავტომობილები, მერსედესი, მერსედეს ბენცი, ეიემჯი სიელქეი დითიემი, დრეიკი, მერსედეს ბენცი ეიემჯი სიელქეი დითიემი
Aa
Aa

დრეიკმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი Mercedes-AMG გამოაჩინა

სოციალურ ქსელ Instagram-ზე გამოქვეყნებული სთორის მეშვეობით, კანადელმა რეპერმა, დრეიკმა, გამომწერებს თავისი ავტოფარეხიდან კადრები გაუზიარა და მათ შორის მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი მოდელიც გამოაჩინა. როგორც ირკვება, დრეიკის საკუთრებაში ულტრაიშვიათი, 2005 წლის CLK DTM AMG-ია — მოდელი, რომელიც გერმანულმა ავტომწარმოებელმა მხოლოდ 80 ეგზემპლარად გამოუშვა.

ლეგენდარული Mercedes-Benz CLK DTM AMG Cabriolet-ი ბევრ თანამედროვე ჰიპერქარზე უფრო იშვიათი მოდელია. გერმანული კლასიკა Mercedes-AMG-ის მიერ 2003 წლის DTM-ის ჩემპიონატში გამარჯვების აღსანიშნავად შეიქმნა. ეს მოდელი ავტომოყვარულებს შორის განსაკუთრებით დიდი მოწონებით სარგებლობს ერთი სოლიდური მიზეზის გამო: ის ძველი სკოლის AMG-ის საინჟინრო ხელოვნების პიკს წარმოადგენს — იმ ეპოქის, სანამ ჰიბრიდები და ელექტრომობილები ბაზარს დაიპყრობდნენ, და შესაბამისად, ენთუზიასტებსაც მის მიმართ გარკვეული ნოსტალგია აკავშირებთ.

როგორც გითხარით, Mercedes-Benz CLK DTM AMG Cabriolet-ი გერმანულმა ავტომწარმოებელმა სუპერშეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 80 ერთეულად გამოუშვა, მასთან ერთად კი მომხმარებელს მოდელის კუპევერსიის 100 ეგზემპლარიც შესთავაზა. Mercedes-მა მოდელი 5.4-ლიტრიანი კომპრესორიანი V8 ძრავით აღჭურვა, რომელიც დაახლოებით 582 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. შედეგად, CLK DTM AMG Cabriolet-ი 0-დან 100-მდე 4 წამზე ნაკლებ დროში ჩქარდება, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 300 კმ/სთ-ს აღწევს.

განიერი ფრთებით, კარბონის ძარათი და თითქმის 320 კმ/სთ-ის მაქსიმალური სიჩქარით, CLK DTM AMG-ის კაბრიოლეტი მდიდრულ მოდელზე მეტად, გზებისთვის ლეგალური სარბოლო ავტომობილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი ღირებულება კი, ძირითად შემთხვევაში, $500 000 – $600 000-ის ფარგლებში მერყეობს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივლისში, გერმანიაში, RM Sotheby’s-ის აუქციონზე სწორედ ერთ-ერთი ასეთი ეგზემპლარი გამოვა. მისი სავარაუდო ფასი $650 000-ს აღწევს. აუქციონისთვის განკუთვნილი ავტომობილი, რომელიც 2006 წელსაა შექმნილი, იდეალურ მდგომარეობაშია — მისი ოდომეტრი სულ რაღაც 1 997 კილომეტრს აჩვენებს და სულ მცირე ხნის წინ მოდელს $11 800-ად მფლობელმა სრული სერვისი ჩაუტარა.

თქვენ რას ფიქრობთ ამ მოდელზე? ამჯობინებდით ამ ულტრაიშვიათ CLK DTM AMG კაბრიოლეტს რომელიმე თანამედროვე სუპერქარს?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები