NASCAR-ის ლეგენდარული მრბოლელი, კაილ ბუში, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა
ავტოსპორტის სამყაროში გავრცელებული ცნობების მიხედვით, NASCAR Cup Series-ის ჩემპიონი კაილ ბუში სამშაბათს მოულოდნელად გარდაიცვალა. მრბოლელი წინა დღეს საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს, თუმცა დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„ბუშის ოჯახის, Richard Childress Racing-ისა და მთელი NASCAR-ის სახელით ვაცხადებთ, რომ კაილ ბუში ყველასათვის მოულოდნელად გარდაიცვალა. NASCAR-ის მთელი ოჯახი ამ დანაკარგით განადგურებულია. კაილი, დიდების დარბაზის მომავალი წევრი, უიშვიათესი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო, რომლის მსგავსებიც, როგორც წესი, თაობაში მხოლოდ ერთხელ იბადებიან. ის იყო შეუპოვარი, მონდომებული და საოცრად ნიჭიერი პიროვნება, რომელიც მუდმივად სპორტსა და ფანებზე ფიქრობდა...“, — ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

შეუპოვარი, მონდომებული და საოცრად ნიჭიერი, ალბათ, ბუშის პიროვნებასა და კარიერას შესანიშნავად აღწერს. ამერიკელ მრბოლელს არაერთი რეკორდი ეკუთვნის, მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანი NASCAR-ის ეროვნული სერიების გამარჯვებების რეკორდია, 234-ჯერ აფრიალებული შავ-თეთრი დროშებით.