აშშ Mercedes-ების გარეშე რჩება? | მიზეზი ჩინური ავტომობილების შესაჩერებლად შექმნილი კანონპროექტია
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი კანონპროექტის გამო, რომელიც მიზეზად ქვეყანაში ჩინური წარმოების ავტომობილების შეზღუდვას ისახავს, Mercedes-Benz-ს შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნას. ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უკვე ინიციირებულია, მიზნად იმ ავტომწარმოებლების ბლოკირებას ისახავს, რომლებიც „უცხო ქვეყნის მოწინააღმდეგე მხარესთან“ არიან კავშირში. არსებობს დიდი შანსი, რომ გერმანული გიგანტი ამ ბრძოლაში არასასურველ სამიზნედ იქცეს.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი ის არაა, თუ სად ამზადებს Mercedes-ი საკუთარ ავტომობილებს. გერმანულ კომპანიას, ათწლეულების განმავლობაში, ავტოწარმოების ნაწილი ალაბამაში ჰქონდა, სამხრეთ კაროლინაში კი ფურგონების ქარხანას მართავდა. ამის ნაცვლად, მთავარი საფრთხე Mercedes-ის აქციონერთა სტრუქტურაა.
Mercedes-ის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი ჩინური სახელმწიფო ავტოგიგანტი BAIC-ია, რომელიც კომპანიის 10%-ზე ნაკლებს ფლობს. მსხვილ აქციონერთა შორისაა Geely-ის თავმჯდომარე ლი შუფუ, რომლის წილიც კომპანიაში ასევე 10 პროცენტზე ოდნავ ნაკლებია. კოლექტიურად, ეს აქციები Mercedes-ის დაახლოებით 19.7%-ს შეადგენს.

ხუთი წლის წინ ეს ყოველივე პრობლემა არ იქნებოდა. CNBC-ის ცნობით, შემოთავაზებული საავტომობილო მოდერნიზაციის კანონი მოიცავს ფორმულირებას, რომელიც იმ კომპანიების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთა მმართველებიც აშშ-ის მიმართ „მტრულად განწყობილ“ სახელმწიფოებთან არიან დაკავშირებულნი. ჩინეთი კი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ამ სიაში ერთ-ერთი პირველია.
ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ინტერპრეტაციას მისცემენ კანონმდებლები ახალ რეგულაციას. მიუხედავად იმისა, რომ Mercedes-ი გერმანული მარკაა და აშშ-შიც აქვს წარმოება, არაა გამორიცხული, რომ დაზარალებულთა შორის ის მაინც მოხვდეს. თუმცა ეს მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება აშშ-ისთვისაც, რომელიც ავტოწარმოების სრულად ამერიკაში ლოკალიზებითაა დაინტერესებული. დამატებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გერმანულ გიგანტს აშშ-ში 10 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული და იქ პოპულარული GLC მოდელის წარმოების გადატანასაც გეგმავს.

შექმნილი ვითარების მიუხედავად, Mercedes-ი პანიკაში არაა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ოლა კალენიუსის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში კომპანიას საკუთრების საკითხებზე ზრუნვა შეუძლია და დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი საკითხის მოგვარება დიდი დრამის გარეშე იქნება შესაძლებელი.