გაყიდვები, ელექტრომობილები, პორშე, პორშე ტაიკანი, წარმოების დასასრული
Aa
Aa

Porsche-მ თავისი საუკეთესო ავტომობილები წარმოებიდან მოხსნა, რადგან მათ არავინ ყიდულობდა

Porsche-მ თავისი ბოლო ორი უნივერსალი, ახლა უკვე ოფიციალურად, წარმოებიდან მოხსნა. მიზეზი საკმაოდ მარტივი და ბანალურია. როგორც დასავლურ გამოცემებს Porsche-ს წარმომადგენლებმა განუცხადეს, ამ მოდელებზე მომხმარებლების მხრიდან ძალიან დაბალი მოთხოვნა იყო. შედეგად, 2027 წელს, ელექტრო Taycan-ის გამოსვლასთან ერთად, Taycan Sport Turismo-ისა და Taycan Cross Turismo-ს გამოშვება სამუდამოდ შეწყდება.

ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

აშშ-ის ბაზარზე Taycan-ის გაყიდვებმა პიკს 2023 წელს მიაღწია, როდესაც Porsche-მ 7 570 ელექტრომობილი გაყიდა. თუმცა, მას შემდეგ გაყიდვების მაჩვენებლები სტაბილურად კლების ტენდენციას აფიქსირებდა. შედარებისთვის, Porsche-მ 2024 წელს 4 747 ერთეული Taycan-ი გაყიდა, ხოლო 2025 წელს — მხოლოდ 4 142. მიმდინარე წელს Taycan-ის გაყიდვები კიდევ უფრო შემცირდა — კერძოდ, 2026 წლის პირველ სამ თვეში გერმანელებმა აშშ-ის ბაზარზე ამ მოდელის მხოლოდ 607 ეგზემპლარი გაყიდეს, მაშინ, როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში ეს მონაცემი 1 019 ერთეულს უტოლდებოდა.

მსგავსი შედეგების ფონზე, რასაც ზოგადად ელექტრომობილებზე მოთხოვნის კლებაც ემატება, Porsche-მ ერთი მოდელისთვის სამი განსხვავებული ძარის შენარჩუნება ეკონომიკურად არამოგებიან ნაბიჯად შეაფასა. საერთო სურათს თუ შევაფასებთ, გერმანელების გადაწყვეტილება მართლაც რომ არაა აზრს მოკლებული და კომპანიის საუკეთესო ფინანსურ ინტერესებს უკავშირდება.

უნივერსალის მოყვარულებს კი შეუძლიათ ახლა უკვე ოფიციალურად გლოვა გამოაცხადონ. 2027 წლის Taycan-ი რიგი განახლებებით გამოვა, თუმცა მათ შორის ვერსად ნახავთ Sport Turismo-სა და Cross Turismo-ს. ამაში კი გერმანულ კომპანიას ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ — Porsche-ს უბრალოდ არ სურს აწარმოოს ის, რაც არ იყიდება. შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ 2023 წელს ზუსტად ამავე მიზეზით შეწყდა Panamera Sport Turismo-ს წარმოებაც.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ 2027 წლის განახლებულ Taycan-ში Porsche, მომხმარებლების მისაზიდად, „ყალბი გადაცემათა კოლოფის“ და სიჩქარეების იმიტაციის დამატებასაც კი არ ერიდება. თუმცა იმ პოპულარულ ძარებს, რომლებიც ნამდვილ ავტომოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ძალიან მარტივად წარმოებიდან აქრობს.

ირონიულია, მაგრამ იმავე პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე Porsche-ს გერმანული კონკურენტების, BMW M5 Wagon-ისა და Audi RS6 Avant-ის გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა. ხოლო შეკითხვა, თუ რატომ არ წყალობს ბაზარი Porsche-ს საუკეთესო ვერსიებს, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება.

აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ 2021 წელს ამ მოდელებს ავტოკრიტიკოსები საუკეთესო შეფასებებსაც აძლევდნენ. მაგალითად, გამოცემა The Drive-ის ექსპერტები Taycan-ის უნივერსალებს ბაზარზე არსებულ საუკეთესო და ყველაზე ემოციურ ელექტრომობილებად მიიჩნევდნენ. მათივე თქმით, ეს სწორედ ის ელექტრომობილები იყო, რომელთაც EV-ების ყველაზე დიდი მოძულეების გულის მოგებაც კი შეეძლოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები