ჯერემი კლარკსონი, ტოპ გირი, კლარკსონის ფერმა
Aa
Aa

ჯერემი კლარკსონმა დაადასტურა, რომ აგრესიული ფორმის სიმსივნეს ებრძვის

Pink Floyd-ის Time-ში მოისმენთ, რომ დრო შეუმჩნევლად გარბის, სანამ ერთ დღესაც არ აღმოაჩენ, რომ ათი წელი უკან მოგიტოვებია და რბოლაში მარცხდები. საავტომობილო სამყაროსა და ტელეეკრანების ცოცხალმა ლეგენდამ, ჯერემი კლარკსონმა, ახლახან აღმოაჩინა, რომ მისი ცხოვრების ყველაზე დიდი და სახიფათო რბოლა არა ტრეკზე, არამედ მისსავე სხეულში მიმდინარეობს. 66 წლის წამყვანმა საზოგადოებას გაუმჟღავნა, რომ გასულ ზაფხულს პროსტატის აგრესიული ფორმის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ეს ამბავი მის გულშემატკივრებს მას შემდეგ დაატყდათ თავს, რაც მან გულის ურთულესი ოპერაცია გადაიტანა.

ეს ინფორმაცია ჯერემიმ Prime Video-ს დოკუმენტური სერიალის, Clarkson’s Farm-ის მეხუთე სეზონის ფინალურ ეპიზოდებში გააჟღერა. კადრებში, რომლებიც გასულ წელსაა გადაღებული, Top Gear-ის ვარსკვლავი თავის ფერმის მენეჯერს, კალებ კუპერსა და მიწის აგენტს, ჩარლი აირლენდს სრულიად პირდაპირ, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ეუბნება: „სიმსივნე მაქვს“.

„გახსოვთ, მაისში სამედიცინო შემოწმება რომ გავიარე? აი, წინა კვირას რომ დავიკარგე, ბიოფსია მქონდა გაკეთებული. ეს კიბოა და თანაც აგრესიული... დროულად რომ არ შევმოწმებულიყავი და ეს პრობლემა ადრეულ სტადიაზე არ ეპოვათ, ეს წელი შესაძლოა ჩემი უკანასკნელი მოსავალი ყოფილიყო ფერმაში. მხოლოდ იმის წყალობით, რომ ყველაფერი წინასწარვე შევიტყვეთ, არსებობს იმედი, რომ ამ მიწაზე მოსავალს კიდევ მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში ავიღებ“, — განაცხადა ლეგენდამ.

სერიალის ფინალში კლარკსონი კვლავ საავადმყოფოს საწოლშია გადაღებული. „მოკლედ, მეხუთე სეზონი საავადმყოფოს საწოლში დავიწყეთ და აგერ, სეზონის ბოლოს ისევ აქ ვარ, — ამბობს ის და გულის ოპერაციაზე მიანიშნებს. — მოდით ასე ვთქვათ, მკურნალობის გარკვეულმა ეტაპმა გეგმის მიხედვით არ ჩაიარა, ასე რომ, აქ კიდევ ცოტა ხანს მომიწევს დარჩენა“. მაყურებლისადმი მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვები კი ნამდვილ დრამატულ ნოტაზე სრულდება: „რისი თქმაც მინდოდა, არის შემდეგი: თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდება, მეექვსე სეზონში შევხვდებით. ხოლო თუ არა... მაშინ ვეღარ. გაუფრთხილდით თავს, მეგობრებო“.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ პროსტატის კიბო გაერთიანებულ სამეფოში მამაკაცებში გავრცელებულ სიმსივნეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირია და ახალი შემთხვევების 28 პროცენტს შეადგენს. კლარკსონი ჯერ კიდევ გასულ ივნისს მოუწოდებდა კაცებს, რეგულარულად ჩაეტარებინათ შემოწმება: „ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე ამ სენით. სიტუაციის კონტროლისთვის კი მხოლოდ ერთი-ორი უსიამოვნო წუთის გაძლებაა საჭირო ექიმის კაბინეტში. მერე კი იგებ, რომ სუფთა ხარ და ექიმიც ბედნიერი მიდის სახლში. რა არის ამაში ცუდი?“

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში პროსტატის კიბოს ეროვნული სკრინინგ-პროგრამა არ არსებობს, 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს (ხოლო რისკ-ჯგუფში მყოფებს — 45 წლიდან) აქვთ სრული უფლება, ოჯახის ექიმისგან სპეციალური PSA სისხლის ტესტის ჩატარება მოითხოვონ.

მსგავსი სიახლეები