ფორმულა 1, ფერსტაპენი, მაქს ფერსტაპენი, ავტოკოლექცია, პორშე 911, რედ ბული, ფერარი ესეფ90, ასტონ მარტინი ვალკირი, ჰონდა ენესიქსი, ასტონ მარტინი დიბი11, ფერარი მონცა, ასტონ მარტინი დიბიესი, ფიატ ტოპოლინო
Aa
Aa

Valkyrie-დან Topolino-მდე | რა ავტომობილებს მალავს მაქს ფერსტაპენის ავტოფარეხი?

Red Bull-ის პილოტისა და Formula 1-ის ოთხგზის ჩემპიონის, მაქს ფერსტაპენის ავტოფარეხი, ალბათ, იმედგაცრუებულს არცერთ ავტოენთუზიასტს დატოვებს. ნიდერლანდელის კოლექციაში არაერთი ძვირადღირებული მოდელი ინახება, თუმცა ამ შთამბეჭდავ ნაკრებშიც არის ერთი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია მაქსის ავტოფარეხის გამორჩეული მარგალიტი ვუწოდოთ.

ასევე იხილეთ: რატომაა Formula 1-ის პილოტობა თითქმის შეუძლებელი?

წლების განმავლობაში, Formula 1-ის ჩემპიონმა შეაგროვა კოლექცია, რომელიც სავსეა პლანეტის უსწრაფესი, უიშვიათესი და ბევრისთვის სასურველი სუპერქარებით. აქ შეხვდებით ყველაფერს, მათ შორის — რბოლებში მაქსის მთავარი კონკურენტების, Ferrari-სა და Mercedes-ის შეზღუდული გამოშვების მოდელებს. ეს არის კოლექცია, რომელიც მოიცავს ალბათ თითქმის ყველა ავტომობილს, რომელზეც ოდესმე გიოცნებიათ — სარბოლო ტრეკის მხეცებიდან დაწყებული, ულტრა-ექსკლუზიური ჰიპერქარებით დასრულებული.

რთულია საუბარი არ დავიწყოთ F1-ის ჩემპიონის იმ გამორჩეული მოდელებით, რომელთაც თავისუფლად შეგვიძლია იტალიური ელიტის წარმომადგენლები ვუწოდოთ. ასეთებია: Ferrari Monza SP2, Ferrari SF90 Stradale და Ferrari 488 Pista; ხოლო ტრეკის მონსტრებიდან და გრან ტურერებიდან უნდა გამოვყოთ Porsche 911 GT3 RS, Aston Martin DBS Superleggera, Aston Martin Vantage და Aston Martin DB11 AMR; ყოველდღიური მართვისთვის კი, ნიდერლანდელი შესაძლოა თავის Audi RS6 ABT Legacy Edition-სა და Mercedes-AMG C63 S-საც იყენებდეს. მაქსის კოლექციაში საპატიო ადგილი უკავია სპეციალურ Honda NSX-საც.

საინტერესოა, რომ ფერსტაპენის ავტოფარეხში ყველა მოდელი ვერ დაიკვეხნის წარმოუდგენელი სიმძლავრით. Red Bull Racing-ის პარტნიორმა, Fiat-მა, ჩემპიონს პატარა ელექტრომობილი, Fiat Topolino აჩუქა. ეს კომპაქტური EV მაქსიმალურ სიჩქარეს 45 კმ/სთ-მდე ავითარებს და გადატვირთულ მოძრაობაში მანევრირებისთვისაა შექმნილი.

მაქსის ავტოფარეხის მთავარი მარგალიტი კი, შესაძლოა არ გაგიკვირდეთ და Aston Martin Valkyrie გახლავთ. თუ თქვენ საგზაო ავტომობილში Formula 1-ის ბოლიდის მსგავს გამოცდილებას ეძებთ, მაშინ ეს ავტომობილი შესაძლოა წარმოებულთა შორის საუკეთესო არჩევანი იყოს. მისი დიზაინი Red Bull Racing-ის აეროდინამიკოსმა, ედრიან ნიუიმ შექმნა. ეს არის ადამიანი, რომელიც Red Bull-ის გუნდის წარმატებაზეა პასუხისმგებელი.

ამ ავტომობილს Cosworth-ის შექმნილი V12 ძრავა აქვს, რომელიც წუთში 11 000 ბრუნს ასრულებს. ეს ძრავა ჰიბრიდულ სისტემასთან ერთად 1 139 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე 402 კმ/სთ-ია, 100-მდე ასაჩქარებლად 2.5 წამია საჭირო, აეროდინამიკური არხები კი ჰაერთან წინაღობას ამცირებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნიშნულის მიღწევა ატმოსფერული ძრავითაა შესაძლებელი.

დაგვეთანხმებით, რომ ფერსტაპენის ავტოფარეხში ამ ჰიპერქარის არსებობას გარკვეული სიმბოლური დანიშნულებაც შეგვიძლია მოვუძებნოთ. ნიუიმ უდიდესი როლი ითამაშა Red Bull-ის საჩემპიონო მანქანების შექმნაში, რის გამოც Valkyrie იდეალურად ესადაგება როგორც მაქსის კოლექციას, ასევე ჩემპიონის მისწრაფებებს F1-ის ტრასის მიღმაც კი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები