Nissan-ის ისტორიული ქარხანა სამხედრო დრონების წარმოებაზე გადადის? | Anduril-თან პოტენციური გარიგების შესახებ
ამერიკის თავდაცვითი ტექნოლოგიების ფირმა Anduril Industries-ი იაპონური ავტომწარმოებლის, Nissan-ის, ქარხნის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ტოკიოს მახლობლად მდებარე ქარხანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში Nissan-ისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საწარმოო ობიექტი იყო, შესაძლოა სამხედრო დანიშნულების მქონე უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) საწარმოო ცენტრად გადაიქცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ინსაიდერულ წყაროებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გაიქცა იაპონიის ციხიდან Nissan-ის გადამრჩენელი ბოსი?
Oppama-ს ობიექტი 1961 წელს გაიხსნა და დღემდე დაახლოებით 18 მილიონი ავტომობილი აწარმოა. 2010 წელს Nissan-ის პირველი მასობრივი წარმოების ელექტრომობილის, Leaf-ის, წარმოებაც აქ დაიწყო. თუმცა კომპანიამ გასულ წელს განაცხადა, რომ წარმოების შემცირების გეგმის ფარგლებში 2028 წლისთვის ქარხანას დახურავდა. Nissan-ი აპირებს, რომ 2 400 თანამშრომელი იაპონიაში არსებულ სხვა საწარმოებში დაასაქმოს.

როგორც Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, Anduril-ს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ასევე არ გადაუწყვეტია, ქარხნის რა ნაწილი სჭირდება დრონების წარმოებისთვის, თუმცა თანამშრომლების გადამზადებასა და სამხედრო ტექნიკის წარმოებაში მათ ჩართვას უკვე განიხილავს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ბენეფიტია ისიც, რომ Oppama-ს ქარხანა 1.7 მილიონ კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული — მოიცავს კვლევით, სატესტო და საპორტო ინფრასტრუქტურას.
ცნობილია, რომ Anduril-ის გარდა, Nissan-ი ობიექტის გასხვისებაზე სხვა კომპანიებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ობიექტის წარმატებისთვის და იმისათვის, რომ ინვესტიცია ეკონომიკურად გამართლებულად ჩაითვალოს, ამერიკულ კომპანიას, წესით, იაპონიის თავდაცვის ძალებისგან შეკვეთებიც დასჭირდება. თავად Anduril-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ იაპონიასთან თანამშრომლობს და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების გაფართოების შესაძლებლობებს იკვლევს.

Oppama-ს სამხედრო დანიშნულების საწარმოდ გადაკეთების შესაძლებლობას კრიტიკოსებიც უკვე გამოუჩნდნენ. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს იაპონიას ომისშემდგომი პაციფისტური პოლიტიკისგან კიდევ უფრო დააშორებს. დამატებით კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ ქარხნის პოტენციური მფლობელი ამერიკული თავდაცვითი კომპანიაა, მაშინ როდესაც იაპონიაში აშშ-ის სამხედრო ტექნიკა, როგორც წესი, ადგილობრივი კომპანიების ლიცენზიით იწარმოება.