Mercedes-Benz-ის 10 მეორადი მოდელი, რომელთა შეძენასაც არ გვირჩევენ | CarBuzz
Mercedes-Benz-ი გამძლე და ხარისხიანი მოდელების წარმოებითაა ცნობილი. შესაბამისად, ამ გერმანული კომპანიის მოდელები, როგორც ახალ, ისე მეორადი ავტომობილების ბაზარზე მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. ავტომწარმოებლის ისტორია 1886 წლიდან იწყება და დღემდე კომპანია მოწოდების სიმაღლეზე დგას.
ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „მერსედესს“ ოდესმე შეუქმნია
თუმცა Mercedes-Benz-ის საწარმოო ხაზშიც იპოვით მოდელებს, რომელთა შეძენა მძღოლებისთვის შესაძლოა მაღალხარჯიან პრობლემად იქცეს. რთული ელექტროობა, პრობლემური ძრავები, ძვირად ღირებული პნევმატური დაკიდების სისტემა — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორების, რამაც თქვენი ერთი შეხედვით სტანდარტული შენაძენი დიდ თავის ტკივილად აქციოს.
CarBuzz-მა მიმოხილვაში Mercedes-Benz-ის სწორედ ის 10 მოდელი წარმოგვიდგინა, რომელთა შეძენამდეც მათ ტექნიკურ მდგომარეობასა და წარსულ სერვისებს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

10. Mercedes-Benz SL-Class (R230)
R230-თაობის SL-Class-ი წინამორბედ R129-თან შედარებით უფრო თანამედროვე დიზაინითა და ტექნოლოგიებით გამოირჩეოდა. მოდელში ერთ-ერთი მთავარი სიახლე დასაკეცი მყარი სახურავი Vario იყო, ხოლო გარკვეული ვერსიები Mercedes-მა ABC-ითაც აღჭურვა.
თუმცა ტექნოლოგიებს თან სერიოზული პრობლემებიც ახლავს. ABC-სისტემაში შესაძლოა ჰიდრავლიკური ამორტიზატორები, ტუმბოები და სარქველების ბლოკები დაზიანდეს. მხოლოდ დასაკეცი სახურავის მექანიზმში კი 11 ჰიდრავლიკური ცილინდრია, რომელთა შეკეთებაც ასევე ძვირი შეიძლება დაჯდეს. გარდა ამისა, 2003–2004 წლების ავტომობილების ნაწილი წარსულში SBC-ის სამუხრუჭე სისტემის გამო უკანაც იყო გაწვეული.

9. Mercedes-Benz E350 (W211)
W211-თაობის E-Class-ი კომფორტული ავტომობილია, ფართო სალონითა და დახვეწილი დიზაინით. მიუხედავად ამისა, E350-ის ზოგიერთ ვერსიას საწვავის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
ზოგიერთ ავტომობილში საწვავის ავზის გარშემო არსებული კომპონენტებიდან საწვავი ჟონავდა. ამ პრობლემის გამო მფლობელებს საწვავის მიწოდების სისტემის რამდენიმე ნაწილის შეცვლაც მოუხდათ. შესაბამისად, შეძენამდე მისი კარგად შემოწმება დაგჭირდებათ.

8. Mercedes-Benz S550 (W221)
W221-თაობის S-Class-ს წინამორბედ W220-თან შედარებით უფრო დახვეწილი დიზაინი და მოწინავე ტექნოლოგიები ჰქონდა, ასევე უფრო საიმედოც გახლდათ. თუმცა S550-ის თავდაპირველი მოდელების ნაწილს მაინც ჰქონდა გარკვეული ტიპის პრობლემები.
2007 წლის გამოშვების მოდელების ნაწილში პროგრამული ხარვეზის გამო ძრავა და გადაცემათა კოლოფი ავარიულ რეჟიმში გადადიოდა. ეს კი მოდელის სიმძლავრეს ზღუდავდა. რიგ შემთხვევებში პრობლემის გამოსასწორებლად ძრავის მართვის ელექტრონული ბლოკის (ECU) შეცვლა გახდა საჭირო.

7. Mercedes-Benz C300 (W205)
W205-თაობის C-Class-ი კი თანამედროვე დიზაინითა და პრემიუმკლასის სალონით გამოირჩეოდა. თუმცა 2015 წლის C300-ის მფლობელთა ნაწილს ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. მათ შორის იყო არასათანადოდ დამაგრებული პანორამული სახურავი, ასევე უსაფრთხოების ბალიშების გასაბერი მექანიზმის გაუმართაობა. ამ და სხვა მიზეზების გამო შეძენამდე მისი კარგად შემოწმება აუცილებელი ფაქტორია.

6. Mercedes-Benz A-Class (W168)
W168-თაობის A-Class-ი გერმანული ავტომწარმოებლის მცდელობით გამოვიდა, თავი კომპაქტური ავტომობილების ბაზარზეც დაემკვიდრებინა. თუმცა 1997 წელს შვედეთში ჩატარებული ე.წ. „ლოსის ტესტის“ დროს Mercedes-ის მოდელი მკვეთრი მანევრის შესრულებისას გვერდზე გადაბრუნდა. შემთხვევის შემდეგ Mercedes-Benz-მა A-Class-ის გაყიდვები დროებით შეაჩერა.
პრობლემის გამოსასწორებლად კი მოდელის დაკიდების სისტემისა და საბურავების კონფიგურაცია შეცვალა და ESP-ის სტაბილურობის კონტროლის სისტემა სტანდარტულ აღჭურვილობაში შეიტანა. ცნობისთვის, Mercedes-მა მანამდე გაყიდული 18 000 ერთეული ავტომობილიც ნებაყოფლობით განაახლა.

5. Mercedes-Benz ML-Class (W163)
W163-თაობის ML-Class-ი გერმანული ავტომწარმოებლის ერთ-ერთი პირველი თანამედროვე და ძვირად ღირებული SUV გახლდათ. ეს უფრო ოჯახებისთვის განკუთვნილი, G-Class-ისგან განსხვავებული, ყოველდღიურ გამოყენებაზე ორიენტირებული ავტომობილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ეს მოდელი საკმაოდ გამძლე ავტომობილად ითვლება, მისი მოვლა იაფი არ დაგიჯდებათ.
ბრიტანეთში ჩატარებულ რამდენიმე გამოკითხვაში ავტომობილი ყოველდღიური გამოყენებისთვისაც საკმაოდ რთულ ავტომობილად შეფასდა. ხოლო მეორადი ეგზემპლარის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და დაკიდების სისტემის მდგომარეობას უნდა მიექცეს.

4. Mercedes-Benz R-Class (W251)
R-Class-ში Mercedes-მა სცადა ფუფუნება, საოჯახო ავტომობილის პრაქტიკულობა და კომფორტი გაეერთიანებინა. თუმცა ზოგიერთ ვერსიაში თავი ტექნიკურმა პრობლემებმა იჩინა და მისი შენახვაც გაძვირდა. Mercedes-Benz R350-ის ზოგიერთ მოდელში (რომლებშიც M272 ტიპის 6-ცილინდრიანი ძრავი დგას) არაერთი ქარხნული წუნია. მაგალითად, ბალანსირების ლილვის კბილანა, რომელიც წლების გასვლასთან ერთად ცვდება. მისი შეკეთება კი ძრავის დაშლას და მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს.
განსაკუთრებით საყურადღებოა R63 AMG. მისი 6.2-ლიტრიანი ატმოსფერული M156 V8 ძრავა 503 ცხენის ძალასა და დაახლოებით 630 ნიუტონმეტრ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებს, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი წუნიც აქვს, მაგალითად, გამანაწილებელი ლილვებისა და სარქველების ამწეების ცვეთა და ლილვების რეგულატორების გაუმართაობა.

3. Mercedes-Benz GL-Class (X164)
X164-თაობის GL-Class-ი ML-Class-ის უფრო დიდი და მდიდრული ალტერნატივა იყო. თუმცა სწორედ მისი გაბარიტების გამო მძღოლებს ქალაქში გადაადგილება და პარკირებაც კი ურთულდებოდათ. პრაქტიკულობასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, მოდელს სხვა წუნიც ჰქონდა. მთავარი რისკი Airmatic-ის პნევმატური დაკიდებაა, რომლის კომპრესორის დაზიანებამ შესაძლოა დიდ ხარჯებში გადაგაგდოთ. ამ და სხვა პრობლემების გამო მეორადი ეგზემპლარების შეძენამდე ძრავის კონკრეტული ვერსიისა და მისი ტექნიკური ისტორიის დეტალური შემოწმება აუცილებელია.

2. Mercedes-Benz E-Class (W210)
W210-თაობის E-Class-ი იმ მოდელებს შორისაა, რომლებმაც Mercedes-Benz-ის ხარისხისა და გამძლეობის რეპუტაციას წყალი შეუყენეს. 1990-იან წლებში წარმოებულ ავტომობილებზე ბევრი ჩიოდა, რომ კომპანიამ ხარჯების შემცირების გამო ბევრი შეცდომა დაუშვა. მაგალითად, ეს მოდელები არც კოროზიისგან იყო საკმარისად დაცული.
ამ მოდელის შემთხვევაში ცნობილი პრობლემაა მუხლა ლილვის ჰარმონიული ბალანსირის დაზიანება, ასევე სალონის ვენტილატორის გაუმართაობა, ელექტრო შუშების ამწეების დაზიანება და დაკიდების სისტემის კომპონენტების ნაადრევი ცვეთა. ექსპერტთა რჩევით კი მეორადი ვერსიის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება ავტომობილის იმ ადგილებს უნდა მიაქციოთ, სადაც კოროზია შესაძლოა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემად იქცეს.

1. Mercedes-Benz S-Class (W220)
W220-თაობის S-Class-ი წინამორბედ W140-თან შედარებით უფრო მომრგვალებული დიზაინითა და მოწინავე ელექტრონული სისტემებით გამოირჩეოდა. ამ მოდელში Mercedes-მა ისეთი ტექნოლოგიები გამოიყენა, როგორებიცაა Keyless-Go, Airmatic-ის პნევმატური დაკიდება და COMAND-ის მულტიმედიური სისტემა.
თუმცა ტექნოლოგიურმა სირთულემ და კოროზიისადმი მგრძნობელობამ W220-ის საიმედოობა ეჭვქვეშ დააყენა. მაგალითად, პნევმატური დაკიდების სისტემაში შესაძლოა ამორტიზატორები დაზიანდეს ან კომპრესორი მწყობრიდან გამოვიდეს. Active Body Control-ის მქონე ვერსიებს ჰიდრავლიკური სისტემის ძვირად ღირებული გაუმართაობის რისკიც ახლავს. სხვადასხვა წუნს შორისაა ავტომატურად დახურვადი კარების მექანიზმისა და ელექტროსისტემის გაუმართაობა. საბარგულში ან სალონში წყლის მოხვედრამ შესაძლოა მართვის ელექტრონული მოდულებიც დააზიანოს. კიდევ ერთი პრობლემა კი კოროზიაა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს