Aa Aa
9 მაისი 2022  |  11:31

TOP-ი: სპეციალური შეკვეთით დამზადებული „სუპერქარები“

21-ე საუკუნეში საშინლად მოდიფიცირებულმა მანქანებმა იმატა.

მასისგან გამორჩეულობა და ყურადღების მიპყრობა ბევრს უყვარს. არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესმენებზე ვსაუბრობთ თუ გამოჩენილ ადამიანებზე - საკუთარი სტატუსის ხაზგასმა დღეს აქტუალური საკითხია. ასეთ ადამიანებს უამრავი ფინანსური რესურსი გააჩნიათ, იმისთვის, რომ განსაკუთრებული ნივთები შეიძინონ. ავტომწარმოებლებმა თუ ცალკეულმა კომპანიებმა ეს კარგად იციან. მიზნობრივი ჯგუფებისთვის კი სპეციალური შეთავაზებები არსებობს.

მიუხედავად ყველაფრისა, ვერ ვიტყვით, რომ ყველა ცნობად სახეს თუ მდიდარ ადამიანს კარგი გემოვნება აქვს. მწარმოებლები და „ტუნინგ“ ატელიეები აკეთებენ ყველაფერს, რასაც მომხმარებელი დაუკვეთავს. თუ ყველა სპეციალური შეკვეთით დამზადებული მანქანა მფლობელის სურვილებსა და მოთხოვნებს ირეკლავს, მაშინ რატომ გამოდის მათი უმეტესობა საოცრად მახინჯი? ნუთუ შეიძლება მონა ლიზას წამწამები ავუპრიხოთ, ტუჩები დავუბეროთ და დემნა გვასალიას ქურთუკი მოვაცვათ? არ შეიძლება და რომც შეიძლებოდეს ჯოკონდა თავის სიდიადეს დაკარგავდა.

ქვემოთ სწორედ იმ ავტომობილებს წარმოგიდგენთ, რომლებიც მფლობელებმა უბრალოდ წაბილწეს. შესაძლოა რამდენიმე ავტომობილების შეფასებაში არ გვეთანხმებოდეთ, მაგრამ აქ თქვენი აზრის შესაცვლელად არავინაა.


Mercedes SLR McLaren 999 Red Gold Dream


McLaren SLR-ი 2000-იან წლების ერთ-ერთი საუკეთესო „სუპერქარია“. მოდელს 600 ცხენის ძალა, 780ნმ, კარბონის შასი (რომელზეც გორდონ მარიმ იმუშავა), „ბეტმობილის“ ვიზუალი და მკაცრი ხასიათი ჰქონდა. მანქანა სარბოლო ტრეკზეც საოცრად დადიოდა და შორ გზებზეც დიდი კომფორტულობით გამოირჩეოდა. ძველი Top Gear-ის ერთ-ერთ ეპიზოდში ჯერემი კლარკსონმა ამ მანქანით თითქმის 24 საათი იმგზავრა. გზატკეცილზე კი ყველას ყურადღებას იპყრობდა.

და შემდეგ მოხდა ის, რასაც სურათებზე ხედავთ. 2009 წელს შვეიცარიელმა დიზაინერმა (დღეს ასეთ ადამიანებს ანტერპრენერებს უწოდებენ, დიახ), უელი ანლიკერმა, გადაწყვიტა, რომ SLR-ს რაღაც აკლდა. მან მოდელს Hot Wheels-ის კორპუსის დამატებითი დეტალები, ლალის ქვები და 5კგ ოქრო დაუმატა. სრულყოფილებისთვის კი სახურავის პანელიც ამოჭრა. ამბობენ, რომ ანლიკერმა პროექტზე 3 მილიონი დოლარი დახარჯა. ახლა ეს მანქანა 11 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ოქრო საუკეთესო ინვესტიციაა.

ეს ყველაფერი არაა მეგობრებო. გორდონ მარი სერიოზული ინჟინერი გახლავთ, რომელმაც ამ მოდელში თითოეული დეტალი გათვალა. ძალზედ რთული გახლდათ მაყუჩების წინა ბორბლებთან გამოტანა. მანქანის მკაცრი ვიზუალის გარდა, ეს ფუნქციური ჩანაფიქრიც იყო. ასე ავტომობილის წონა ისე დარეგულირდა, რომ წონის გადანაწილება იდეალურად დაბალანსდა, ხოლო ცხელი აირები დიფუზორს მოსცილდა.

ანლიკერმა გადაწყვიტა, რომ პროფესორ მარიზე მეტი იცოდა და მაყუჩები უკანა ბორბალთან გადაიტანა. რა პრობლემაა? კარგად დააკვირდით SLR-ის კარს. მანქანიდან გადმოსვლისას გაცხელებული მაყუჩები შემწვარი ხორცის სუნს აუცილებლად დააყენებს. 999 Red Gold Dream-იდან დამწვარი ფეხით, მაგრამ ამაყად გადმოსვლას რა სჯობს?

Mansory Cormeum


დიახ, ეს Mansory-ა. თქვენი აზრით, რა ავტომობილზე დააფუძნა Mansory-მ Cormeum-ი? ჩვენ გეტყვით - Mercedes SLS AMG-ზე.

დასაწყისისთვის ქარხნული SLS AMG-ი მიმოვიხილოთ. როგორი ავტომობილია ეს? ლეგენდარული Gullwing-ის თანამედროვე ადაპტაცია, რომელიც ელეგანტურობასაც, გრაციოზულობასაც, გრანდიოზულობასაც და სოლიდურობასაც ასხივებს. სად უნდა გამოჩნდეთ ამ ავტომობილით, რომ გარშემომყოფების თვალში არ ამაღლდეთ? მოკლედ, SLS-ი დონეა.

რა ქნა Mansory-მ? კომპანიამ 2011 წელს SLS-ი საკუთარ კედლებში შეიტყუა და რამდენიმე თვის შემდეგ ის რაღაც გამოაგორა, რასაც სურათებზე ხედავთ. რა აკლდა თანამედროვე Gullwing-ს მათი აზრით? კარბონის კორპუსი, უზარმაზარი უკანა ფრთა, გადატვირთული წინა ბამპერი, სიმძლავრის 731 ცხენის ძალამდე გაზრდა (რაც ცუდი არ არის) და Ferrari 599-ს მაშუქები. რა გამოვიდა? ქართული გემრიელი კერძი - აჯაფსანდალი.

თუ Mansory-ს მიერ გადაკეთებულ მანქანას დააკვირდებით მიხვდებით, რომ ის უბრალოდ დამახინჯებულია. წარმოდგენა არ გვაქვს როგორ, მაგრამ კომპანიამ მოახერხა, რომ ავტომობილისთვის სტილი სრულიად დაეკარგა. არც ერთი ხაზი, მოყვანილობა და ფორმა ერთმანეთში არ ზის. სიმეტრია და პროპორციები დაირღვა და ავტომობილის წინა მხარე ედრიენ ბროუდის ცხვირს დაემსგავსა. თანაც არ დაგავიწყდეთ, Cormeum-ის სახეს Ferrari-ს მაშუქები ამშვენებს. იგივე მაშუქები Alfa Romeo Disco Volante-ზე გვხვდება.

Nimrod Katyusha


ჟენევის ყოველწლიური ავტოჩვენება ყოველთვის განსაკუთრებულია. ბრძოლა აქ გიგანტ ავტომწარმოებლებს შორის ჩაღდება. ყველა კომპანიას სურს, რომ დიდი განათების მქონე ფოტოკამერიანი ჟურნალისტები და დამთვალიერებლები თავიანთ კუთხესთან შეკრიბონ.

თუმცა, ჟენევის ავტოჩვენების პანდემიის გამო ჩაშლა იმ მიზეზითაცაა საწყენი, რომ ასეთ მანქანებს ვერ ვიხილავთ. სად ნახავთ Nimrod-ის ასეთ ნამუშევრებს სხვაგან?

დიახ, Nimrod-ი. ეს სლოვაკური „ტუნინგ“ ატელიეს სახელია. როგორც ხედავთ, კომპანია საკმაოდ სოლიდური მანქანების გადაკეთებითაა დაკავებული. მათ ნამუშევრებში კი ნებისმიერ ჩვენგანში მცხოვრები 9 წლის ბიჭუნა ან გოგონა იღვიძებს.

Nimrod Katyusha 2014 წელს გამოჩნდა. უცნაური სახელი აქვს, არა? რატომ უნდა დაარქვა საოცრად სპორტულ ავტომობილს საბჭოთა სამხედრო მარშის სახელი? დიახ, ისიც ვიცით, რომ Katyusha ერთ-ერთ ყველაზე პირველ ზალპურ საარტილერიო სისტემას ერქვა, მაგრამ ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირს აცოცხლებს, რაც საამაყო საერთოდ არ არის. შესაძლოა ვიღაცას ამ მანქანის შეძენის სურვილი ნამდვილად გაუჩნდა, მაგრამ სახელის გამო უბრალოდ გადაიფიქრა.

ასეა თუ ისე, ამ მანქანას დიზაინიც არ აქვს დახვეწილი. კორპუსის ის დამატებითი პანელები, რაც ამ 458-ს დაუყენეს, მაღალი ალბათობით, ფუნქციური არ არის. საერთო დიზაინი კი ზუსტად იმ ჩინური წარმოების სათამაშოს ჰგავს, რომელიც პატარა ბავშვებისთვის სუპერმარკეტებში იყიდება. როგორც წესი, ასეთ სათამაშოებს ბავშვები ამტვრევენ ხოლმე. მიყვარს ბავშვები.

Novitec N-Largo 720S

ახლა ბავარიულ „ტუნინგ“ ატელიეზე გადავალთ, რომელიც ბოლო დროს „სუპერქარების“ გადაკეთების სამუშაოებს საკმაოდ გემოვნებიანად ასრულებს. გერმანული კომპანია ძირითადად მანქანების წარმადობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. მათი გადაკეთებული (ისედაც სწრაფი) Ferrari-ს მოდელები ტყვიასავით სწრაფი გახლავთ. იშვიათად კი ისეთ პოლარიზებულ დიზაინებს ქმნიან, როგორსაც ახლა სურათზე გამოსახულ McLaren 720S-ს ხედავთ.

ეს „მაკლარენი“ ჩვენი მკითხველის უმეტესობას გარანტირებულად მოეწონება. N-LARGO, სტანდარტულ მოდელთან შედარებით, წინ 5სმ-ით, ხოლო უკან 10სმ-ით უფრო განიერია.

ყველა ახალი პანელი კარბონისგანაა დამზადებული, ხოლო მაყუჩების ახალი სისტემა ავტომობილს 86 ცხენის ძალას მატებს. საერთო ჯამში N-LARGO 806 ცხენის ძალასა და 878ნმ-ს გამოიმუშავებს. საკმაოდ მხეცური მონაცემებია, არა?

სიტყვა მხეცურს ვერ ვიტყვით მის ვიზუალზე. ბოდიში მოგვიხდია, მაგრამ Novitec-ის ეს იდეა გამხდარ ადამიანს გვაგონებს, რომელმაც მყისიერად 200კგ დაიკლო, კანი კი ჩამოწელილი დარჩა. იქნებ მანქანის ფერი თამაშობს ამ შედარებაში დიდ როლს? არა მგონია. აშკარაა, რომ N-LARGO-ს ბევრი ზედმეტი დეტალი აქვს.

Liberty Walk-ის ნებისმიერი მანქანა, მაგალითად, Ferrari 458 Italia


ტოკიოს დასავლეთით, ნაგოიაში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული „ტუნინგ“ ატელიეა. Liberty Walk-ი ვატარუ კატო-სანმა 26 წლის ასაკში დააფუძნა. საწყის წლებში ის იაპონური ქეი-ავტომობილების მოდიფიცირებით იყო დაკავებული. სხვათა შორის, ქეი-მანქანებს კარგი სტატია მივუძღვენით, რომლის გახსნაც ამ ლურჯ სიტყვებზე დაჭერითაა შესაძლებელი.

ვატარუ იქამდე განაგრძობდა შიდა ბაზრისთვის გამოშვებული მოდელების გადაკეთებას, სანამ ერთ დღესაც Lamborghini-ს კორპუსის დეტალების შექმნა არ განიზრახა. მას შემდეგ კი „სუპერქარებისთვის“ Liberty Walk-ის ხედვები ისეთ მანქანებს ამშვენებს, როგორიც McLaren 650S-ი, Ferrari 458 და სხვა მაღალი კლასის სპორტული ავტომობილებია.

Liberty Walk-ის ხელისმომწერი სტილი უზარმაზარ თაღებს, ღიად დატოვებულ მოქლონებს (სამაგრებს) და თვლების უარყოფით ნახარს მოიცავს. იაპონია არასდროს იცვლება. არასდროს!

LeMansory


დავუბრუნდეთ Mansory-ს, რომელმაც ახლახან Le Mans 24 Hours-ისთვის სპეციალურად შექმნილი მოდელი გადააკეთა და LeMansory დაარქვა. სამწუხაროდ, მხოლოდ სახელია კრეატიული.

რა თქმა უნდა ამ კომპანიამ აეროდინამიკის შესახებ იმ კომპანიაზე მეტი იცის, რომელსაც გამძლეობის რბოლაში მონაწილეობის ათწლეულების გამოცდილება აქვს. LeMansory Ford-GT-ზე დაფუძნებული მანქანაა. მას ახალი მაშუქები, განიერი უკანა ფრთა, დამატებითი მაყუჩი (იმიტომ, რომ სამი მეტია და შესაბამისად ორზე უკეთესია) და ჭადრაკის დაფის ნიმუშის კარბონის დეტალები აქვს. მსოფლიოში სულ სამი ასეთი მოდელი ივლის.

განსხვავებულია მისი მონაცემებიც. LeMansory-ის 3.5-ლიტრიანი EcoBoost-ი V6, 647 ცხენის ძალის ნაცვლად, 710-ს გამოიმუშავებს.

კი, მაგრამ ამ ავტომობილთან მაინც რა პრეტენზიები გვაქვს? არაფერი, გარდა იმისა, რომ Mansory-მ Ford GT-ი ხილის საჭრელ დანას დაამსგავსა, რომელიც 99 ლარად და 99 თეთრად იყიდება. გახსოვთ ის ცნობილი რეკლამები?

Pagani Zonda Anija


ავტოსამყაროს ყველაზე დიდი უცნაურობა - Pagani-ს მოდიფიცირება. წარმოიდგინეთ, როგორი პრეტენზიული უნდა იყოს ადამიანი, რომ Zonda-ს ვიზუალმა და მონაცემებმა არ დააკმაყოფილოს. ასეა თუ ისე, დღეს Zonda-ს ხელუხლებელი ეგზემპლარები საკმაოდ იშვიათი გახლავთ. Pagani-ს კი მოდიფიცირებული მოდელების ქარხნულ კომპლექტაციაზე გადაწყობა ახალ ბიზნესად ექცა. კომპანია მფლობელების მიერ მოდიფიცირებული ძრავის თავიდან ბოლომდე აწყობასაც გვთავაზობს.

სურათებზე თქვენ Zonda Anija-ს ხედავთ. მოდელი რა თქმა უნდა კარბონის დანამატებით, უზარმაზარი უკანა ფრთითა და განსხვავებული გამოხედვითაა წარმოდგენილი. ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც Zonda სპეციალური შეკვეთის მიხედვით გადააკეთეს.

ის ცვლილებები, რასაც სურათებიდან ხედავთ იაპონური ავტოკულტურით არის შთაგონებული. ასეთ ვიზუალზე ის სწორედ იაპონიაში გადააწყვეს.

საინტერესო ფაქტი ის გახლავთ, რომ Pagani ამ მანქანას არ აღიარებს. მარტივად თუ ვიტყვით, იტალიელებმა იაპონელებს გაწეული სამუშაო არ მოუწონეს. ჩვენი მკითხველის აზრი კი, ვფიქრობთ, ორად გაიყოფა.

 

როგორია თქვენი აზრი ჩვენი ჩამონათვალის შესახებ? რომელს გამოარჩევდით მათგან? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში!

გაზიარება: