რექარო, გაკოტრება
Aa
Aa

Recaro Automotive-ი გაკოტრებას გადაურჩა

მიმდინარე წლის ივლისში, Recaro Automotive-მა გაკოტრების შესახებ ოფიციალური განაცხადი სასამართლოს წარუდგინა. მაშინ, კომპანიამ გადაწყვეტილების მიზეზად რიგი ფინანსური გამოწვევები, მათ შორის მზარდი ხარჯები და მსხვილი კონტრაქტების გაუქმება დაასახელა. თუმცა, როგორც ჩანს, სპორტული სავარძლების გერმანული მწარმოებელი გაკოტრებას გადაურჩა.

Recaro Automotive-ი გაკოტრებისგან იტალიური Proma Group-ის ინვესტიციამ იხსნა. გერმანულ კომპანიასთან საინვესტიციო ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც Proma Group-ი ეტაპობრივად Recaro-ზე კონტროლს აიღებს. Proma Group-მა განაცხადა, რომ შეინარჩუნებს Recaro-ს რამდენიმე თანამშრომელს, რათა მომხმარებელთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა უფრო მარტივი და უწყვეტი იყოს.

ბაზარზე სავარძლების მიწოდებას Recaro მომდევნო თვიდან დაიწყებს, ხოლო კომპანიის ქარხნული ნაწილების წარმოება იტალიაში გადაინაცვლებს. „Recaro Automotive-ში ინვესტიცია გააძლიერებს ჩვენ ბიზნესს, პრემიუმ ხარისხის სავარძლების წარმოების მიმართულებით და ამასთან ერთად, საავტომობილო სექტორში უახლეს ინოვაციებს დანერგავს“, - აღნიშნა Proma Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკა პინომ.

რაც შეეხება Proma Group-ს: კომპანია ავტომობილის სხვადასხვა კომპონენტის, მათ შორის სავარძლების სტრუქტურებისა და საკიდრების წარმოებაშია სპეციალიზებული. Proma Group-ის 25 ქარხანა მსოფლიოს სამ კონტინენტზე მოქმედებს და 5,000 თანამშრომელს ასაქმებს.

ცნობისთვის, გაკოტრების მიუხედავად, Recaro ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიაში მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები