მტვერსასრუტების ჩინური მწარმოებელი არ ხუმრობდა | უფრო სწრაფი ვიდრე Bugatti
გახსოვთ, მტვერსასრუტების ჩინური მწარმოებელი, რომელსაც ყველაზე სწრაფი სუპერქარის შექმნა სურდა? როგორც ჩანს, ის დროს უქმად არ კარგავს და თავისი მიზნის მისაღწევად მუშაობაც დაიწყო. ცოტა ხნის წინ, Dream Technology-ის დამფუძნებელმა იუ ჰაომ სოციალურ ქსელში მათი მოდელის რენდერები გამოაქვეყნა, რომლებიც სრულად, ან ნაწილობრივ მაინც, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.
ჩინური მედიის ცნობით, კომპანიის ახალი საავტომობილო განყოფილება ავტომობილის ფიზიკური პროტოტიპის წარდგენას იანვარში, ლას-ვეგასში გასამართ სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე (CES) გეგმავს.
მაგრამ სანამ ეს მოხდება, მიდით ჯერ ამ რენდერზე ვისაუბროთ. ალბათ უცხო თვალიც მარტივად შეამჩნევდა, რომ ეს ჩინური სუპერქარი ზუსტი თუ არა, Chiron-ის ძალიან მიახლოებული ასლია, დიზაინის იმავე ელემენტებითა და ნალის ფორმის საფირმო ცხაურითაც კი. თუმცა ინტერიერის შემთხვევაში, Dream Technology-მ დიზაინისა და აღჭურვილობის სრულად გადმოტანა მაინც ვერ გაბედა და ბევრად განსხვავებული ვერსია შემოგვთავაზა - მთავარი აქცენტით, დიდ სენსორულ ეკრანზე.
Dreame-მ, რომელიც 2017 წელს დაარსდა და ძირითადად მტვერსასრუტების წარმოებითაა ცნობილი, გასულ თვეში სუპერქარის გამოშვება დაააანონსა. ჩინური კომპანიის თქმით, მათი სუპერქარი ყველაზე სწრაფი იქნება და Bugatti-სა და Koenigsegg-საც კი უკან ჩამოიტოვებს.
Car News China-ს ცნობით, კომპანია ამჟამად გერმანიაში ელექტრომობილის წარმოებისთვის პოტენციურ ობიექტს ეძებს. მათ შორის Tesla-ს გიგაქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ჩინური მედიასაშუალება Jieman-ი კი ირწმუნება, რომ Dreame თავისი საავტომობილო გეგმები განსახორციელებლად, ფრანგულ ბანკ BNP Paribas-თან თანამშრომლობს.