იაპონია კვლავ ერთი ნაბიჯით წინაა | ქვეყანას თოვლისგან გზების გაწმენდის უნიკალური მიდგომა აქვს
თოვლსა და მოყინულ გზებზე ავტომობილით გადაადგილება განსაკუთრებით საფრთხილოა. სწორედ ამიტომ არსებობს ზამთრის საბურავები, რომელიც ყველასთვის რეკომენდებულია, ხოლო თავის მხრივ, შესაბამისი სამსახურების მხრიდანაც, გზები საჭიროების მიხედვით იწმინდება.
თუმცა იაპონია, როგორც ყოველთვის კვლავ ერთი ნაბიჯით წინაა და ამჯერადაც, გზების წმენდის უნიკალურ მეთოდს გვთავაზობს. ისეთს, რომ როგორც ბევრი ხუმრობს, მის „მოპარვაზე“ უარს ამერიკაც არ იტყოდა.

მაშინ, როდესაც ქვეყნები გზების თოვლისგან გაწმენდის ტრადიციულ მეთოდებზე არიან გადასულნი, იაპონია Shosetsu-ს სისტემის წყალობით, ამ გამოწვევასაც განსხვავებულად უმკლავდება. ეს ყველაფერი კი სათავეს 1960-იანი წლებიდან იღებს. სწორედ მაშინ, იაპონიის ერთ-ერთ ქალაქში გზებზე სარწყავი სისტემები დამონტაჟდა.
საქმე იმაშია, რომ სარწყავი სისტემებიდან გამომავალი წყალი ქუჩებს რწყავს და თოვლს ადნობს. ახლა მსგავსი სისტემები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დამონტაჟებული და ქვეყანას თოვლისგან გზების გაწმენდაში ეხმარება. გამომდინარე იქიდან, რომ იაპონიაში ბუნებრივად თბილი წყალქვეშა წყლებია, სარწყავი სისტემებიდანაც თოვლის დასადნობად საჭირო ტემპერატურის წყალი გამოდის.

იმის გამო, რომ იაპონიას გეოთერმული უპირატესობა აქვს, სხვა ქვეყნების მიერ იმავე პრაქტიკის დანერგვა შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. ხოლო თოვლზე ცივი წყლის შესხურება საუკეთესო შემთხვევაში უსარგებლო იქნება, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი, საშიში.