Ferrari-ის ბოლო საგზაო ავტომობილი, რომლის შექმნაშიც შუმახერმა პირადად მიიღო მონაწილეობა
ეს F430 Scuderia ბოლო საგზაო ავტომობილია, რომლის შექმნაშიც ლეგენდარულმა მრბოლელმა, მიხაელ შუმახერმა პირადად მიიღო მონაწილეობა. დიდი ხნით ადრე, სანამ ტრასებისთვის გათვლილი მოდელები მარკეტინგულ იარაღად იქცეოდა, Ferrari-მ შექმნა ავტომობილი, რომელიც „ფორმულა 1“-ის გათვლებით, ნამდვილად დახვეწილობის ნიმუში იყო.
შედეგად კი F430 Scuderia მივიღეთ — მოდელი, რომელიც იმაზე მსუბუქი, ხმაურიანი და სწრაფიც კი იყო, ვიდრე ისედაც შესანიშნავი F430. ამ ავტომობილის ერთ-ერთი გამორჩეული ეგზემპლარი ახლა აუქციონზე იყიდება.

F430 Scuderia პირველად 2007 წელს ვიხილეთ, როგორც Ferrari-ის პასუხი უკომპრომისო საგზაო ავტომობილის მოთხოვნებზე. მოდელი FXX პროგრამის პარალელურად Enzo-ს ბაზაზე შემუშავდა. ეს Scuderia, როგორც გითხარით, ბოლო საგზაო მოდელიც გახდა, რომელიც „ფორმულა 1“-ის ლეგენდის, მიხაელ შუმახერის პირდაპირი მონაწილეობით შეიქმნა.
ავტომობილზე შუმახერი Ferrari-ის ინჟინრებთან ერთად მუშაობდა, მათ შორის დროსელისა და საჭის შეგრძნების გაუმჯობესებაზე, საკიდრის რეგულირებასა და მუხრუჭების მოდულაციაზე.

დიზაინის თვალსაზრისით უნდა ითქვას, რომ Scuderia ფრენკ სტეფენსონის ქარხნული F430-ის არქიტექტურაზეა აგებული, თუმცა უფრო მეტად შემაღლებულია. უფრო დიდი ზომის შემშვები მილებით, დამატებული გამწოვებითა და დიფუზორებით, რომლებიც გაგრილებას და მაღალ სიჩქარეზე სტაბილურობას აუმჯობესებს.
სტანდარტულ F430-თან შედარებით შემცირებულია წონაც — ძირითადად, კარბონის პანელების გამოყენებით. სიმძლავრე კი, 4.3-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავიდან მოდის, რომელიც 503 ცხელის ძალას გამოიმუშავებს და Ferrari-ს F1 SuperFast-ის გადაცემათა კოლოფთანაა დაწყვილებული. შედეგად, ეს მოდელი 0-დან 100-მდე სულ რაღაც 3.6 წამში ჩქარდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია.

წარმოდგენილი ეგზემპლარი, 24 000 კილომეტრის გარბენითა და შავი ფერის ალკანტარათი, აუქციონზე უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. თავისი შესაძლებლობებისა და წარსულის გათვალისწინებით კი, წესით კოლექციონერების საყვარელ ლოტადაც უნდა იქცეს.