ფორმულა 1, რეგულაციები, ფია, ბოლიდი
Aa
Aa

F1-მა 2026 წლის ინოვაციური ბოლიდის რენდერები წარმოადგინა

„ფორმულა 1“ ახალ 2026 წლის სეზონს რიგი განახლებებით ხვდება. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ მომდევნო წლისთვის, F1-ის ტექნიკური რეგულაციების გადახედვა იგეგმება, რაც ამ სპორტისთვის ფაქტობრივად ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს.

თუმცა „ფორმულა 1“-ის გუნდები ამ ცვლილებისთვის უკვე დიდი ხანია ემზადებიან და ცდილობენ, მეტოქეებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობაც მოიპოვონ. ახლა უკვე ისეთი დიდი ხნის ისტორიის მქონე ძრავების მწარმოებლები, როგორებიც Ferrari და Mercedes-ი არიან, ერთადერთი დიდი მოთამაშეები აღარ იქნებიან. მათ ახალი და F1-ში დაბრუნებული მწარმოებლები — Red Bull Powertrains-ი (Ford-თან ერთად), Audi და Honda — დაუპირისპირდებიან.

მაგრამ ძრავის აგრეგატებში, აეროდინამიკურ დიზაინსა და უსაფრთხოების მახასიათებლებში ფართომასშტაბიანი ცვლილებებისადა გამო, წინასწარ რაიმეს თქმა ალბათ ყველას გაგვიჭირდება. ასე, რომ სჯობს, ყველანი F1-ის გუნდების სეზონისწინა ტესტირებებს დაველოდოთ.

რაც ვიცით, არის ის, რომ ბოლიდები უფრო ვიწრო და მსუბუქი იქნება, ამასთან ერთად კი, „ფორმულა 1“ DRS-საც გამოემშვიდობება. ეს ცვლილებები გუნდებს მეტ თავისუფლებას აძლევს — შეცვალონ მანქანების პარამეტრები და მძღოლებს წინ მყოფ ავტომობილებთან კონკურენცია გაუმარტივონ. თან ვეღარც DRS-ს დაეყრდნობიან. თუმცა, მათ მთელი ზამთრის შესვენება ჯერ წინ აქვთ, რომ ახალი სეზონისთვის მოემზადონ.

მაგრამ, მანამ, სანამ ყველაფერი თავიდან დაიწყება, „ფორმულა 1“-ის ვებგვერდი 2026 წლის ბოლიდის უახლეს რენდერებს გვთავაზობს, რომელთაც თქვენ ზემოთ მოცემულ ფოტოებზე ხედავთ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები