აუქციონზე იყიდება ბოლიდი, რომლითაც შუმახერმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ისტორიის სათავეებთან დაკავშირებული ბოლიდი აუქციონზე იყიდება — მიხაელ შუმახერისათვის გამარჯვების მომტანი ბოლიდები მრავლად მოიპოვება, რადგან ლეგენდარული გერმანელი პილოტი და გამარჯვება ერთმანეთისგან შორს არასდროს ყოფილან. მიუხედავად ამისა, ეს საკოლექციო ეგზემპლარი მაინც უნიკალურია, რადგან სწორედ მის საჭესთან მჯდომმა შუმახერმა აჩვენა ყველას, რომ განსაკუთრებული იყო.
საქმე 1992 წლის Benetton B192-ს ეხება, რომლითაც F1-ის რეკორდსმენმა პირველი გამარჯვება მოიპოვა — ახლა ეს უმშვენიერესი ბოლიდი, სულ მცირე, 10 მილიონი დოლარი ეღირება. 

Benetton-მა B192 1992 წელს, ესპანეთის გრან პრიზე წარადგინა — კანადის გრან პრიზე შუმახერმა ბოლიდით მე-2 ადგილი დაიკავა, რასაც საფრანგეთში განცდილი ფიასკო, მე-20 ადგილი და უნგრეთში DNF მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ყველასათვის მოულოდნელად, ძალიან რთულ კლიმატურ პირობებში, ბელგიის გრან პრიზე, შუმახერმა ყველას აჯობა და დებიუტიდან სულ რაღაც 1 წელიწადში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
Ford-ის ატმოსფერული V8 ძრავითა და 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი B192 როს ბრაუნმა და რორი ბირნმა შექმნეს — სეზონის დასრულების შემდეგ კი მან Renault-ის სათაო ოფისში, კლასიკური ავტომობილების განყოფილების კოლექციაში გადაინაცვლა, სადაც 2015 წლამდე ინახებოდა. 2015 წელს ბოლიდი LRS Formula-მ იყიდა და სრული რესტავრაცია ჩაუტარა, 2016 წელს კი კერძო პირს მიჰყიდა.
თუ გსურთ, თვალი ადევნოთ (ან ვინ იცის, იყიდოთ...) ავტოსპორტის ლეგენდის სათავეს, შეგიძლიათ ეს Broad Arrow-ს აუქციონების ვებ-გვერდზე გააკეთოთ.