Subaru, აშშ, სუბარუ, Subaru Legacy, Subaru WRX
Aa
Aa

Subaru WRX-ის გაყიდვები 2025 წელს ამერიკულ ბაზარზე 40%-ით შემცირდა

Subaru WRX-ს თავისი ფან-ბაზა ნამდვილად ჰყავს და არც თუ ისე უსამართლოდ — ადეკვატური ფასი და მშვენიერი პერფორმანსი იყო ის, რაც მოდელს მძღოლებისათვის მიმზიდველს ხდიდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი აღარ არის — 2025 წლის გაყიდვები აშშ-ში მოდელისათვის ისტორიაში ყველაზე უარესი იყო.

მთელი კალენდარული წლის განმავლობაში, იაპონურმა ავტომწარმოებელმა შტატებში 10 930 WRX გაყიდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 41.2%-იანი ვარდნაა. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ფაქტი, რომ თავად 2024 წელიც, 2023-თან შედარებით საკმაოდ მძიმე იყო. ჯამურად 2 წლის განმავლობაში, WRX-ის გაყიდვები 55.7%-ით დაეცა და ნათელი მომავლის პერსპექტივებიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. 

იაპონურ ავტომწარმოებელს ოფიციალური განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, თუმცა მოთხოვნის კლების ერთ-ერთ მიზეზად აუცილებლად უნდა მოვიაზროთ ის, რომ 2025 წლის მოდელს, Subaru-ს გადაწყვეტილებით საბაზისო კომპლექტაცია მოშორდა და, შესაბამისად, საშუალოდ, 4000$-ით გაძვირდა.

თუ 2024 წელს ახალი WRX-ის შეძენა, დაახლოებით, 32000$-ად იყო შესაძლებელი, 2025 წელს ფასმა 36000$-ს მიაღწია. ეს კარგი ამბავი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როცა ყველა ვარიანტი ანალოგიური 2.4-ლიტრიანი, ტურბოჩაბერვის მქონე, ოთხცილინდრიანი ოპოზიტური ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 271 ცხ.ძ-სა და 349 ნიუტონს გამოიმუშავებს.

Solterra-ს წარუმატებლობა

მიუხედავად WRX-ის საშინელი წლისა, მან Subaru-ს კიდევ ერთ მოდელს, Solterra-ს მაინც აჯობა. სრულად ელექტრო ქროსოვერზე არჩევანი მხოლოდ 10715-მა მძღოლმა შეაჩერა — 13.9%-ით ნაკლებმა, ვიდრე 2024 წელს.

შედარებისთვის, Crosstrek-ის გაყიდვები 5.5%-ით გაიზარდა და 191 724 ერთეული შეადგინა, Forester-მა კი სტაბილური 175 000 შეინარჩუნა.

საინტერესოა, რომ 13.4%-ით გაიზარდა Legacy-ის გაყიდვები, რომლის წარმოებაც 2025 წლის დასრულებასთან ერთად დასრულდა.

სუბარუს 2025 წელი ამერიკულ ბაზარზე კატასტროფული არ ყოფილა, თუმცა არც მაინცდამაინც სასიამოვნო იყო, რადგან გასულ წელს 2024-ზე 3.6%-ით ნაკლები, 643 591 მოდელი გაიყიდა. 2026 წლისთვის კომპანიას წარმოების ხაზში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოუწევს, რადგან, როგორც ჩანს, მომხმარებელთა პრეფერენციები იცვლება, რასაც ფეხი Subaru-მაც უნდა აუწყოს.  

მსგავსი სიახლეები