კევინ ჰარტის ექსკლუზიური Bronco აუქციონზე გადის | მოდერნიზებული ამერიკული კლასიკა
Barrett-Jackson-ი კლასიკური ამერიკული ყველგანმავალი მანქანებისა და მოდერნიზებული, ძველი სტილის პიკაპების მოყვარულთათვის სპეციალური აუქციონისთვის ემზადება. ეს მანქანები გარედან ვინტაჟურად გამოიყურება, თუმცა ქვედა ნაწილში უახლესი ძრავები, ტექნოლოგიები და ნაწილებია განთავსებული, რაც კლასიკურ სტილს თანამედროვე მახასიათებლებთან აერთიანებს.

აუქციონის ერთ-ერთი მთავარი ლოტი კევინ ჰარტის საკუთრებაში არსებული 2024 წლის Ford Bronco-ა. შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა თქვენ წინაშე რეალურად სრულიად ახალი SUV დგას – უბრალოდ, მისი ვიზუალისთვის ჰარტმა 1970-იანი წლების სტილის მსგავსი კორპუსი შეარჩია. ამას ემატება უჩვეულო შავი ფერის ექსტერიერი, მოსახსნელი რბილი ტექსტურის სახურავი და EcoBoost-ის 2.7-ლიტრიანი ძრავა.

თუმცა, ჰარტის უცნაური მოდელი ერთადერთი Bronco სულაც არაა, რომელსაც აუქციონზე აღმოვაჩენთ. Barrett-Jackson-ზე გამოტანილ ლოტებს შორისაა 1973 წლის Ford Bronco-ც, რომელიც მესამე თაობის Coyote-ის 5-ლიტრიანი V8 ძრავითა და 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. გასაყიდად გამოტანამდე მოდელში საჭის გამაძლიერებელი და სამუხრუჭე სისტემა განაახლეს და 17-ინჩიანი საბურავებიც დაუყენეს.


წარმოდგენილ მოდელებთან ერთად, აუქციონის სახლი 1968 წლის Ford F-100-საც ყიდის. თეთრი და ფირუზისფერი ფერების კომბინაციით შეღებილი მოდელი Roadster Shop-ის ახალ ძარაზე დგას და Coyote-ის 5-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი.
გასაყიდ ლოტებს შორის ვიპოვით 1969 წლის Chevrolet K10-საც, რომელიც თანამედროვე GM-ის შასიზეა განთავსებული და 525 ცხენის ძალის მქონე, 6.2-ლიტრიანი LS3 V8 ძრავითაა აღჭურვილი. აქვეა 1965 წლის Chevrolet C10-იც, რომლის დებიუტიც 2015 წელს SEMA Show-ზე შედგა. ეს უკანასკნელი 6.7-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი.