„შუმახერი საწოლს მიჯაჭვული აღარაა“ | მედიაში მრბოლელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლესი ცნობები ვრცელდება
ფორმულა 1-ის ლეგენდის სათხილამურო ინციდენტიდან დაახლოებით 13 წლის შემდეგ, უცხოურ მედიაში მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლესი და დამაიმედებელი ცნობები ვრცელდება. როგორც უცხოური გამოცემები წერენ, გერმანელი მრბოლელი საწოლს აღარაა მიჯაჭვული და ეტლით გადაადგილდება.
Daily Mail-ის ცნობით, შუმახერთან დაახლოებულმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ იგი კვლავ 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა. თუმცა, წარსულისგან განსხვავებით, გერმანელი ლეგენდა საწოლს აღარაა მიჯაჭვული და მისი მეუღლე და ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირები მის ეტლით გადაადგილებას ახერხებენ.

„ისეთი შეგრძნება გვრჩება, თითქოს მიხაელი მის გარშემო მიმდინარე მოვლენების ნაწილს აღიქვამს, თუმცა — არა ყველაფერს“, — განუცხადა წყარომ გამოცემას.
ცნობისთვის, გასულ წელს შუმახერის მდგომარეობაზე ფლავიო ბრიატორემაც ისაუბრა. როგორც მაშინ ბრიატორემ განაცხადა, შუმახერი კვლავ საწოლს იყო მიჯაჭვული. იმავე თემასთან დაკავშირებით ბრიატორეს ყოფილმა მეუღლემაც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მიხაელი არ ლაპარაკობს — ის მხოლოდ თვალებით ურთიერთობს. მისივე ინფორმაციით, შუმახერთან მხოლოდ სამ ადამიანს უშვებენ.

2013 წლის დეკემბერში საფრანგეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ ფორმულა 1-ის სამყარო შეძრა. მსოფლიო ჩემპიონი შუმახერი თხილამურებით სრიალის დროს მძიმედ დაშავდა და რამდენიმე თვე მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადიოდა. ტრაგედიის შემდეგ შუმახერის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ გავრცელებულა.