ჯიპი, ჯიპ ვრანგლერი, ინდოეთი, მაჰინდრა თარ როქსი, მაჰინდრა
Aa
Aa

Mahindra Thar Roxx — Wrangler-ის ინდური „კლონი“, რომელიც 4-ჯერ იაფი ღირს

ავტომობილების ინდურ ბაზარს, ალბათ, მაინცდამაინც კარგად ცოტა ადამიანი იცნობთ. არ დაგიმალავთ, მე მხოლოდ Tata Group და Mahindra & Mahindra მსმენია — სტატია სწორედ ამ უკანასკნელის მოდელს შეეხება. როგორც ჩანს, დასავლური ავტომობილების კლონირებისგან, ჩინელების მსგავსად, თავს არც ინდოელები იკავებენ.

წარმოგიდგენთ Mahindra Thar Roxx-ს რომელიც Jeep Wrangler-ის ძალიან საინტერესო „ტყუპისცალია“. ინდური ავტომწარმოებლის პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი და აქ მის უფრო „დაკუნთულ“, ყველგანმავალ ვერსიასაც ვხვდებით — რა თქმა უნდა, Wrangler-ის მოყვარულებს Thar Roxx-ი ვერაფრით გააკვირვებს, თუმცა მისმა ფასმა შეიძლება ყველა დააფიქროს.

Thar Roxx Star Edition-ი მოდელის სხვა ვერსიებისგან გამოირჩევა იმით, რომ მისი ცხაურა ზუსტად Jeep-ის სტილშია გადაწყვეტილი. თვალს 19-დუიმიანი დისკებიც მოგწყვეტთ, თუმცა სხვა ყველაფერი, ერთი შეხედვით, ისეთია, როგორსაც ბიუჯეტური ვრანგლერისგან უნდა ველოდოთ. LED მაშუქები, უკანა გაბარიტული ფარები და ნისლსაწინააღმდეგო მაშუქები სტანდარტულია — მყიდველს არჩევანის გაკეთება ექსტერიერის 4 ვარიანტიდან შეუძლია.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ ყველაფერი შავია — სავარძლებს შავი ფერის ხელოვნური ტყავი ფარავს, ცენტრალურ კონსოლსა და ხელსაწყოთა დაფაზე კი ნახშირბადის ბოჭკოს იმიტაციასა და ამავე ხელოვნური ტყავის აქცენტებს ვხვდებით. ტექნოლოგიურად, Thar Roxx საკმაოდ გულუხვია — 10.25-დუიმიანი ეკრანება, ჩაშენებული Alexa, კამერები 360-გრადუსიანი დაფარვით, უსადენო დამმუხტველი, პანორამული ჭერი, წინა სავარძლების ვენტილაცია და Harman Kardon-ის აუდიოსისტემა — ეს ყველაფერი Wrangler-ის კლონის საბაზისო კომპლექტაციაში დაგხვდებათ. 

უცნაურია, მაგრამ მოდელის Star Edition-ი უკანა ამძრავია, თუმცა სხვა კომპლექტაციები გულს არ დაგწყვეტენ და ოთხივე ბორბალს აამოძრავებენ. კაპოტის ქვეშ Mahindra-ს სტანდარტული 2.0-ლიტრიანი, ტურბოჩაბერვის მქონე შიგაწვის ძრავა დაგხვდებათ, რომელიც 175 ცხ.ძ-სა და 380 ნიუტონს გამოიმუშავებს — სიმძლავრე ბორბლებს 6-სიჩქარიანი გადაცემათა ავტომატური კოლოფით მიეწოდება. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია 2.2 ლიტრიანი, ტურბოდიზელზე მომუშავე ძრავიც, რომელიც 171 ცხ.ძ-სა და 400 ნიუტონს გამოიმუშავებს — მისი გადაცემათა კოლოფი კი მექანიკურია. 

როგორც აღინიშნა, გამორჩეული ავტომობილში მისი ფასია — Mahindra Thar Roxx Star Edition-ის დიზელზე მომუშავე მექანიკა 18 400$ ღირს, ბენზინზე მომუშავე ავტომატიკა 19 500$, ყველაზე ძვირი კი დიზელისა და ავტომატიკის სინთეზია — მის შესაძენად 20 000$-ის დახარჯვა მოგიწევთ.

საბაზისო კომპლექტაციის ჯიპი სასაცილოდ იაფიც კი ღირს — მის შეძენას ინდოელი მყიდველი 10 900 დოლარად შეძლებს... ხარისხზე ვერაფერს გეტყვით, ინდური მანქანა არასდროს მყოლია (და, დიდი იმედი მაქვს, არც მეყოლება).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები