კლასიკური Mercedes-ი სუპერქარის ძრავით | ლეგენდარული C126-ის თანამედროვე რეინკარნაცია
იშვიათია, რომ Mercedes-Benz-ის მოდელების ტუნინგ-ვერსიების შემუშავება ვინმეს იმაზე კარგად გამოსდიოდეს, ვიდრე Renntech-ს. ამერიკული ბრენდი უკვე 35 წელზე მეტია ანახლებს და აწყობს Mercedes-ის ავტომობილებს და, როგორც წესი, იმედებს არც გვიცრუებს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი, რომელიც ახლახან წარადგინა, ყურადღებას პირველივე დანახვისას იპყრობს.
Renntech-ის ახალი ქმნილების სრული სახელწოდებაა Renntech SEC V12 Sledgehammer. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ტუნერი პატივს მიაგებს ლეგენდარულ AMG Hammer-ს — მაღალი წარმადობის სედანს, რომელიც 1980-იანი წლების Mercedes-Benz W124 E-Class-ის ბაზაზე იქმნებოდა.


ამ შემთხვევაში კი Renntech-ის მოდელი არანაკლებ ლეგენდარულ C126 SEC-ზეა დაფუძნებული, ხოლო კაპოტქვეშ Mercedes M120 ატმოსფერულ V12 ძრავას მალავს. Renntech-მა აგრეგატი მნიშვნელოვნად განაახლა: მისი მოცულობა 7.5 ლიტრამდე გაზარდა, რის შედეგადაც ძრავა ახლა უკვე 660 ცხენის ძალასა და 881 ნიუტონ-მეტრს გამომუშავებს.
Renntech-ს, რა თქმა უნდა, არც მანქანის ჟღერადობა დავიწყებია. იმისათვის, რომ SEC V12-მა Pagani-ს მსგავსი ხმა გამოსცეს, კომპანიამ მისთვის თანაბარი სიგრძის სპეციალური კოლექტორები შეიმუშავა. ტუნერს მოდელში გამოყენებულ გადაცემათა კოლოფზე დეტალები არ გაუმხელია, თუმცა დიდი შანსია, რომ სიმძლავრე ექსკლუზიურად უკანა ბორბლებზე ნაწილდებოდეს.

Renntech-ი SEC V12-ის წარმოებას მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 12 ერთეულით შეზღუდავს. თითოეული მათგანი სტანდარტულ C126-ზე გაცილებით აგრესიულად გამოიყურება. რენდერებზეც ჩანს, რომ ავტომობილი აღჭურვილია სპეციალური კორპუსით (widebody), განახლებული ცხაურით, კაპოტითა და უნიკალური ფორმის პანელებით. ამას ემატება ახალი ბამპერი, დიფუზორი და სპოილერი, რომლებიც, ვიზუალურ მხარესთან ერთად, ავტომობილის აეროდინამიკასაც აუმჯობესებენ.
როგორც აღვნიშნეთ, Renntech-ის ახალი ავტომობილი სულ რაღაც 12 ეგზემპლარად გამოვა. კომპანიის განცხადებით, წარმოება 2027 წელს იგეგმება, თუმცა მისი, სავარაუდოდ, საკმაოდ მაღალი ღირებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.