გათანამედროვებული მოდელი, კლასიკური ავტომობილები, მერსედესი, მერსედეს ბენცი, მერსედესი ც126 სეც
Aa
Aa

Mercedes-Benz-ის ლეგენდარული SEC დაბრუნდა | ამჯერად 500-ცხენისძალიანი V8 ძრავით

გერმანულმა კომპანია Mechatronik-მა M SEC წარადგინა — კლასიკური Mercedes-Benz C126 SEC-ის მოდერნიზებული ვერსია, რომელიც 6.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მოდელი მხოლოდ 30 ეგზემპლარად გამოვა.

ასევე იხილეთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო

Mechatronik-მა, გერმანულმა კომპანიამ, რომელმაც წელს „ფორმულა 1“-ის ყოფილ ჩემპიონს, ფერნანდო ალონსოს, Pagani Zonda და Bugatti Veyron-ი მიჰყიდა, ცოტა ხნის წინ Mercedes-Benz-ის საკულტო C126 სერიის SEC კუპეს თანამედროვე ვერსია წარადგინა. M SEC-ის სახელით ცნობილი ავტომობილი კლასიკურ გერმანულ ვიზუალს თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს.

მოდელი სულ 30 ეგზემპლარად გამოვა. თითოეული მოდელის საფუძვლად კი თავად მომხმარებლების მიერ მიწოდებული სტანდარტული SEC იქნება გამოყენებული, რომელსაც კომპანია სრულად დაშლის. Mechatronik-ის გუნდის წევრები დონორ ავტომობილს საღებავს სპეციალური ქიმიური მეთოდით მოაშორებენ, შემდეგ კი კოროზიისგან დაცვის მიზნით ძარას კათოდური ჩაძირვის მეთოდით დაამუშავებენ. ეს პროცესი ძარის ზედაპირზე დამცავ საფარს ქმნის.

შემდეგ ავტომობილს ახალი აეროდინამიკური კომპლექტი დაემატება, რომელიც ლეგენდარული AMG Widebody-ის დიზაინით შთაგონებულ ბორბლების გაფართოებულ თაღებს, ასევე კარბონისგან დამზადებულ ფრთებს, გვერდითა ზღურბლებს, ბამპერებსა და ძარის გვერდითა მოპირკეთებას ითვალისწინებს.

M SEC-ის მფლობელებს ძარის ფერის შერჩევისას კი თითქმის შეუზღუდავი თავისუფლება ექნებათ. მათ შეეძლებათ კარბონის დაუფარავი ზედაპირის დატოვება ან მასზე საღებავის რამდენიმე თხელ ფენად დატანა — თუმცა ისე, რომ მასალისთვის დამახასიათებელი ბადისებრი სტრუქტურა კვლავ ხილულად დარჩეს. მსგავსი მიდგომა უფრო Pagani-სა და Koenigsegg-ის სუპერქარებთან ასოცირდება, ვიდრე კლასიკურ Mercedes-Benz-თან.

M SEC-ის მთავარი ღირსშესანიშნაობა Mercedes-Benz-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძრავა — M156-ია. 2005 წელს წარმოდგენილი ატმოსფერული V8 სხვადასხვა მოდელში გამოიყენებოდა, მათ შორის E 63 AMG-ში, C 63 AMG-სა და CLK 63 AMG-ში. ძრავა განსაკუთრებით გამორჩეულია AMG-სთვის დამახასიათებელი ღრმა და აგრესიული ჟღერადობით.

M SEC-ის შემთხვევაში 6.2-ლიტრიანი აგრეგატი 500 ცხენის ძალასა და 630 ნმ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებს. მას AMG Speedshift-ის შვიდსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფი და თვითბლოკირებადი დიფერენციალი ერწყმის, ძრავიდან წამოსული სიმძლავრე კი სრულად უკანა ბორბლებზე ნაწილდება. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ სპორტული ან სარბოლო გამონაბოლქვის სისტემა. Mechatronik-ის მონაცემებით, სტანდარტული M SEC 100 კმ/სთ-მდე 4.2 წამში აჩქარდება, 200 კმ/სთ-ს კი 14.1 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად 250 კმ/სთ-ზეა შეზღუდული.

ასევე ხელმისაწვდომია GT ვერსია, რომელიც სტანდარტულ მოდელზე 88 კილოგრამით მსუბუქია. შედეგად, 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4 წამს ანდომებს, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 280 კმ/სთ-ზე აღწევს. ავტომობილისთვის სპეციალურად შექმნილია 19-დუიმიანი დისკებიც, რომლებზეც Michelin-ის თანამედროვე საბურავებია დამონტაჟებული. განახლებულ ექსტერიერს LED მაშუქებიც ავსებს.

როგორც გითხარით, კომპანია აღნიშნულ პროექტს მხოლოდ 30 ეგზემპლარად განახორციელებს. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა დაჯდება კლასიკური SEC-ების გათანამედროვება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები