ტუნერებმა 1960-იანი წლების მივიწყებული Jeep Super Wagoneer-ი გააცოცხლეს
Jeep Wagoneer-ი და Grand Wagoneer-ი საავტომობილო სამყაროსთვის კარგად ნაცნობი მოდელებია, რომელთაც თავიანთი სახელი ამერიკული SUV-ების ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერეს — ამ პროცესში მათი ერთ-ერთი „ძმა“ დაიჩრდილა, რომელიც 1960-იან წლებში იწარმოებოდა და მდიდრული SUV-ების სეგმენტის ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი შეიტანა — საუბარი Jeep Super Wagoneer-ს ეხება.
Vigilante-ს ტუნერების გუნდმა ხელი სწორედ ამ დიდი ხნის წინ გამქრალ მოდელს მოჰკიდა და მისგან რაღაც უნიკალური შექმნა. ავტომობილმა კლასიკური ექსტერიერის დიდი ნაწილი შეინარჩუნა, თუმცა არაერთი თანამედროვე განახლებითაც აღიჭურვა, რამაც ძველისა და ახლის შესანიშნავ კომბინაციად აქცია.
სეგმენტის პიონერი
შორეულ 1960-იან წლებში, Super Wagoneer-ი თავისი კონკურენტებისგან მდიდრული და პრაქტიკული დეტალების შესანიშნავი ბალანსით გამოირჩეოდა. ეს ადრეული ექსპერიმენტი იყო, რომელიც შესაძლებლობებსა და კომფორტს აერთიანებდა — ათწლეულებით ადრე, სანამ მდიდრული SUV-ების სეგმენტი ამერიკული ბაზრის ცენტრალური ნაწილი გახდებოდა. 
აღნიშნული Super Wagoneer-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მისი ძრავაა — ტუნერებმა მასში თანამედროვე, 6.4-ლიტრიანი Hemi V8 ჩადგეს, რომელიც 485 ცხ.ძ-სა და 644 ნიუტონს გამოიმუშავებს — სიმძლავრე თვლებს Tremec-ის 6-სიჩქარიანი, მექანიკური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება. 
დამატებითი სიმძლავრის ადეკვატურად სამართავად, Vigilante-მ სუვი სპეციალურად შემუშავებული სრული ამძრავობის სისტემითა და Baer-ის მაღალი პერფორმანსის საბურავებით აღჭურვა. მფლობელს კაპოტის ქვეშ მთელი ხელოვნება დახვდება — ძალიან დახვეწილად განლაგებული დეტალები, უშნოდ გამოშვერილი სადენების გარეშე. ამ ყველაფერს კი ქრომირებული რადიატორი ამშვენებს, რომელიც 8 ცილინდრის გადახურების თავიდან არიდებაზეა პასუხისმგებელი.
ვიზუალს, რომელიც დიდებულია, თავადაც ხედავთ — Flamboyant Blue ლურჯში გადაწყვეტილ კორპუსს ქრომირებული აქცენტები ძალიან უხდება. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ტუნერებმა მანქანის სიმაღლე დაკიდების კომპონენტების ცვლილებით, საგრძნობლად გაზარდეს. ცხადია, მანქანას დაემატა თანამედროვე კლიმატ-კონტროლის სისტემები და Bluetooth აუდიოსისტემა.
„ამ Super Wagoneer-ის პროექტი აერთიანებს ყველაფერს, რისთვისაც Vigilante იბრძვის. ეს საავტომობილო მემკვიდრეობის დაფასებაა, თუმცა ასევე თამამი განაცხადი, რომ კლასიკური ავტომობილების გაცოცხლება თანამედროვე ინჟინერიითა და ოსტატობით თავისუფლადაა შესაძლებელი. ჩვენ არათუ უბრალოდ აღვადგინეთ ეს Jeep-ი, არამედ მისგან სრულიად ახალი გამოცდილება შევქმენით და ეს ყოველივე მისი უნიკალურობის შენარჩუნებით შევძელით", — განაცხადა Vigilante-ს დამფუძნებელმა, დენიელ ვან დოვერენმა.