4-წლიანი ლოდინის შემდეგ, Gordon Murray T.33 წარმოებაში ჩაეშვება
$1.8 მილიონის ღირებულების სუპერქარი მხოლოდ 100 ერთეულად იწარმოება.
ავტომოყვარულთათვის კარგად ნაცნობი და ერთ-ერთი გამორჩეული სუპერქარი, რომლის ღირებულებაც $1.8 მილიონს აღწევს, მრავალწლიანი დაპირების შემდეგ, 2026 წელს წარმოებაში ჩაეშვება. Gordon Murray T.50-ის უმცროს „ძმად“ მოხსენიებული მოდელი, რა თქმა უნდა, იმ ადამიანის მიერაა შექმნილი, ვის სახელსაც ატარებს — საუბარია ლეგენდარული McLaren F1-ის არანაკლებ ლეგენდარულ დიზაინერზე, გორდონ მარიზე.

T.33-ის დებიუტი ოთხი წლის წინ შედგა და მიუხედავად იმისა, რომ სატესტო ვერსიები უკვე გამოვიდა, ავტომოყვარულები და კოლექციონერები სერიული წარმოების დაწყებას მოუთმენლად ელოდებიან.

Gordon Murray Automotive (GMA)-მ T.33, რომელიც T.50-ს მახასიათებლებით არაფრით ჩამოუვარდება, 2022 წელს წარმოადგინა. სუპერქარი აღჭურვილია Cosworth-ის მიერ შექმნილი 3.9-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც მაღალ სიმძლავრესთან ერთად საოცარ ჟღერადობასაც სთავაზობს მომხმარებელს. შედეგად, GMA T.33-ის სიმძლავრე 607 ცხენის ძალას, ხოლო მაბრუნი მომენტი 451 ნიუტონ-მეტრს შეადგენს.
მწარმოებელმა სუპერქარი 1.37 მილიონ გირვანქა სტერლინგად (დაახლოებით $1.8 მილიონად) შეაფასა. არსებული ცნობებით, მოდელი ახლა ტესტირების დასკვნით პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ მისი 100-ვე ერთეული, სავარაუდოდ, უკვე გაყიდულია, კარგი ამბავი ისაა, რომ მწარმოებელი კაბრიოლეტი ვერსიის გამოშვებასაც გეგმავს. ასევე იგეგმება სარბოლო ტრასებისთვის შექმნილი ვერსია, რომელიც „ფორმულა 1“-ის მსოფლიო ჩემპიონის, ნიკი ლაუდას სახელს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ T.33-ს წარმოუდგენელი აეროდინამიკური მახასიათებლებიც გამოარჩევს, რასაც აგრესიული დიფუზორი და სპეციფიკური შემშვებ-გამშვები სისტემა უზრუნველყოფს. სუპერქარი საოცრად მსუბუქია და სულ რაღაც 1 100 კილოგრამს იწონის.
ცნობისთვის, წარმოების გახანგრძლივებისა და თარიღის გადავადების მთავარ მიზეზად მაღალი ხარჯები სახელდება, რის გამოც პრიორიტეტი უფრო ძვირადღირებულ მოდელებს — Le Mans GTR-სა და S1 LM-ს მიენიჭა.