სუპერქარი, ჯერემი კლარკსონი, ტოპ გირი, გრანდ ტური, გორდონ მარი
Aa
Aa

ორმა ფერმერმა გორდონ მარის V12-ძრავიანი სუპერქარი გამოცადა

ლეგენდარულმა ავტოდიზაინერმა გორდონ მარიმ ერთხელ ლეგენდარული McLaren F1-ის თანამედროვე ინტერპრეტაციის შექმნის იდეა წამოჭრა და მხოლოდ ამ განზრახვითაც კი საავტომობილო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. რა თქმა უნდა, მან თავისი გეგმა სისრულეში მოიყვანა და ასე მივიღეთ T.50 — სუპერქარი ატმოსფერული 3.9-ლიტრიანი V12 ძრავით.

სარბოლო ტრასებზე T.50-ის შესაძლებლობები წარსულშიც არაერთხელ გამოიცადა. ახლა კი Harry's Garage-ის ავტორმა და წამყვანმა, ჰარი მეტკალფმა, გადაწყვიტა სუპერქარი რეალურ ცხოვრებაშიც გამოეცადა და სერიულ პროტოტიპთან ერთად ხუთი დღე გაატარა. ამ პერიოდში მეტკალფმა გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით იმოგზაურა, გზად კი თავის ცნობილ ფერმერ მეზობელსაც გაუარა.

რა თქმა უნდა, ეს ფერმერი მეზობელი ჯერემი კლარკსონია — Top Gear-ისა და The Grand Tour-ის ყოფილი წამყვანი. თუმცა, სამწუხაროდ, კლარკსონს მოდელის თავად გამოცდის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან T.50-ის სავარძელი უკვე მძღოლისთვის იყო მორგებული. მიუხედავად იმისა, რომ კლარკსონი მხოლოდ მგზავრის სტატუსით იყო წარმოდგენილი, მისი სტუმრობა, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.

გასაკვირი არაა, რომ კლარკსონმა Cosworth-ის 4-ლიტრიანი V12 ძრავა შეაქო და მას „არაჩვეულებრივი“ უწოდა. თუმცა ძრავა იმდენად ხმაურიანი იყო — ავტომობილის შიდა სივრცესა და სავარძლის პოზიციას თუ გავითვალისწინებთ — მძღოლისა და მგზავრისთვის საუბარი თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა.

გეტყვით, რომ Cosworth-ის 4-ლიტრიანი V12 ძრავა 654 ცხენის ძალასა და 467 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს, წუთში კი 11 500 ბრუნის შესრულება შეუძლია. ძრავა 6-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული, რომელიც მთელ სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს. შედეგად, სუპერქარი 100 კმ/სთ-მდე 3 წამზე ნაკლებ დროში ჩქარდება, მაქსიმალურ სიჩქარეს კი 364 კმ/სთ-ზე აღწევს.

გასაკვირი ალბათ არავისთვისაა, რომ მეტკალფს T.50 და მისი შესაძლებლობები ძალიან მოეწონა და ისიც აღიარა, რომ სუპერქარი იმაზე უფრო „ექსტრემალური“ მანქანა აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა. თუმცა კლარკსონმა თქვა, რომ მოდელმა მასში ის განსაკუთრებული აღფრთოვანება ვერ გამოიწვია, რომელზეც ჯეიმს მეი ძველ გადაცემებში საუბრობდა ხოლმე. რაზეც მეტკალფი პასუხობს, რომ კლარკსონს ალბათ სხვა შეხედულება დარჩებოდა, ავტომობილის საჭესთან თავად რომ ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები