აუქციონზე უიშვიათესი კომპლექტაციის მქონე Ferrari Enzo გაიყიდება
Enzo-ს Ferrari-ს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს — მან ეპოქა დაასრულა და გახდა უკანასკნელი ფლაგმანი, რომელიც ელექტრიფიკაციის გარეშე შეიქმნა. ავტომობილი, რომელიც აშშ-ში სტარტზე 660 000$ ღირდა, თანდათან საკოლექციო ეგზემპლარად გადაიქცა. მომავალ თვეში კი აუქციონზე ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ Enzo-ს ვიხილავთ — დიდი ალბათობით, მისი ფასი თავდაპირველ ფასს, სულ მცირე, 10-ჯერ გადააჭარბებს...
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ერთმა მჭედელმა ბიჭმა Ferrari
ეს კონკრეტული Enzo ერთ-ერთია იმ ცხრა ავტომობილიდან, რომელიც ქარხნულად ვერცხლისფერში (Argento Nurburgring) შეიღება, ნაცვლად სტანდარტული წითელი (Rosso Corsa), ყვითელი (Giallo Modena) ან შავი (Nero) ფერებისა. ავტომობილი თავდაპირველად ბრიტანელმა კოლექციონერმა შეუკვეთა და Enzo-მ მასთან 15 წელი დაჰყო.
მოგვიანებით სუპერქარი შვეიცარიაში გადავიდა, 2019 წელს კი კვლავ გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნდა. მას გავლილი აქვს Ferrari Classiche-ს სერტიფიცირება, წელს კი Pirelli-ს სრულიად ახალი საბურავებით აღიჭურვა. ოდომეტრი ამჟამად 19 079 კილომეტრს (11,855 მილი) აჩვენებს.

ფასი და მდგომარეობა
მიუხედავად იმისა, რომ ტიპური საკოლექციო Enzo-სთვის ეს საკმაოდ მაღალი გარბენია, სოთბის აუქციონის მესვეურები პროგნოზირებენ, რომ ავტომობილი 5.5-დან 6 მილიონ დოლარამდე გაიყიდება. შედარებისთვის — წელს Mecum-ის აუქციონზე ყვითელი Enzo რეკორდულ, $17,875 მილიონად გაიყიდა, თუმცა ამ კონკრეტულს მხოლოდ 1 044 კმ ჰქონდა გავლილი.
ჩვენს ვერცხლისფერ მოდელს კიდევ უფრო მიმზიდველად ერთი დეტალი აქცევს: მსოფლიოში მხოლოდ ხუთი Enzo არსებობს, რომლებსაც Argento Nurburgring-ის ექსტერიერი და Rosso-ს წითელი ტყავის ინტერიერი აქვს. ბრიტანეთში კი ამ კონფიგურაციით მხოლოდ ეს ერთი ეგზემპლარია წარმოდგენილი.
Enzo-ს კაპოტის ქვეშ 6.0-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავი დაგხვდებათ, რომელიც 600 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 3.65 წამში ახერხებს.
ავტოფარეხში წლებს ბევრი Enzo ატარებს, მაგრამ აუქციონზე ასეთი იშვიათი კომპლექტაცია იშვიათად ჩნდება. ერთი ცხრიდან, ხუთი წითელი სალონით და არცერთი მიზეზი იმისა, რომ ეს ავტომობილი არ გინდოდეთ. თუ დაინტერესდით, აუქციონისათვის თვალის დევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ.