შუმახერი, მიხაელ შუმახერი, მერსედესი, მერსედეს ბენცი სლკ 230, მერსედესი სლკ 230 კომპრესორი
Aa
Aa

შუმახერის Mercedes-Benz SLK საშუალო კლასის მოდელის ფასად იყიდება

ძველი და კლასიკური ავტომობილები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომელთაც შესაძლებლობებთან ერთად საინტერესო წარსულიც გამოარჩევთ, გამოჩენისთანავე ყველას ყურადღებას იპყრობენ. გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა და, რა თქმა უნდა, მოდელმა, რომელიც ლეგენდარული გერმანელი მრბოლელის, მიხაელ შუმახერის სახელს უკავშირდება, გამოჩენისთანავე დიდი ინტერესი დაიმსახურა.

ამ შემთხვევაში ჩვენს ყურადღებას არა მხოლოდ ავტომობილი და მისი ძველი მფლობელი, არამედ ამ მოდელის ფასიც იმსახურებს. არ გეტყვით, რომ ამ მოდელის შესაძლებლობები ან მდგომარეობა დიდად გაგაოცებთ, თუმცა მათ ვისაც საკულტო ავტომობილის ხელსაყრელ ფასად შეძენა სურს, Veloce Roma Srl კარგ შანსს აძლევს. საუბარია Mercedes-Benz SLK 230 Kompressor-ზე, რომელიც გერმანელმა მრბოლელმა 1997 წელს საკუთარი კომპანიის, MS Motorsport-ის მეშვეობით შეუკვეთა და მას შემდეგ შუმახერების ოჯახის კონტროლქვეშ რჩებოდა.

ავტომობილის ისტორია იმავე წლის აგვისტოდან იწყება. Mercedes-ი 1997 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა — ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შუმახერი Ferrari-ს ბოლიდს მართავდა. შუმახერი Ferrari-ს 1996 წელს შეუერთდა მას შემდეგ, რაც Benetton-თან ერთად 1994 და 1995 წლებში მსოფლიო ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.

ასევე დაგაინტერესებთ: რა დაემართა მიხაელ შუმახერს? - აქამდე უცნობი ფაქტები

მოდელი სპეციალურად შექმნილი დეტალებითა და ელემენტებით იყო კონფიგურირებული: ეს გულისხმობს როგორც ბამპერს, ასევე ავტომობილის გვერდითა კალთებსა და Brabus-ის გამონაბოლქვ სისტემას. რა თქმა უნდა, მხოლოდ მსგავსი დეტალები SLK-ს სპორტქარად ვერ აქცევდა, მაგრამ ეს იყო მცდელობა, მოდელი გერმანელი პილოტის გემოვნებისთვის უფრო მეტად მოერგოთ.

ამ მოდელში მკაცრად იყო დაცული სტანდარტული ძრავის მახასიათებლები. ავტომობილი 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 193 ცხენის ძალას გამომუშავებდა. SLK 230 Kompressor-ის ეს ძრავა ავტომატურ გადაცემათა კოლოფს უკავშირდებოდა, რის შედეგადაც მოდელი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 7.3 წამში ჩქარდებოდა და მაქსიმალურ სიჩქარეს — 231 კმ/სთ-ს აღწევდა. ეს შესანიშნავი მაჩვენებელი იყო 90-იანი წლების ბოლოსთვის, თუმცა იმავეს თქმა თანამედროვეობაზე გაგვიჭირდება.

ვერც იმას ვიტყვით, რომ ავტომობილი ფაქტობრივად ახალია. პირიქით, ოდომეტრზე 135 000 კილომეტრზე მეტია გამოსახული, თუმცა მანქანას სრულად მოჰყვება სერვისის ისტორია, ასევე სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ Mercedes-ი ავარიაში არ მოხვედრილა. მიხაელის მიერ ავტომობილის შეძენის შემდეგ ის ჯერ დედამისის, შემდეგ კი ბიძის საკუთრებაში იყო.

ახლა კი ის გასაყიდადაა გამოტანილი, თუმცა არა აუქციონზე, როგორც ბევრი წარმოიდგენდა. Mercedes-ი რომშია და Auto Veloce Roma Srl-ის მიერ იყიდება. ფასი კი მართლაც მიმზიდველია: ამ მოდელის შეძენა მსურველებს სულ რაღაც 29 000 ევროდ შეუძლიათ. ამ თანხის სანაცვლოდ ისინი მიიღებენ ავტომობილს, რომელიც, შესაძლოა, მონაცემებით დიდად არ გამოირჩევა, თუმცა ნამდვილად შესაშური ისტორია აქვს. წესით, რომ არა შუმახერის სახელი, ეს ავტომობილი შესაძლოა 10 000 ევროდაც არ შეფასებულიყო, თუმცა ლეგენდასთან კავშირი ამ Mercedes-ის ღირებულებასაც ერთი ორად ზრდის. 

მსგავსი სიახლეები