საინტერესო, მერსედესი, მერსედეს ბენცი, უცნაური, სტივ ჯობსი, მერსედეს ბენცი ესელი, მერსედესი სლ 55
Aa
Aa

როგორ მართავდა ჯობსი Mercedes-ს სანომრე ნიშნის გარეშე? | „უხილავი“ ავტომობილის სტრატეგია

წარმოიდგინეთ, რომ ერთ ჩვეულებრივ დღეს კალიფორნიის ავტომაგისტრალზე მოძრაობთ და მოულოდნელად თქვენს გვერდით ვერცხლისფერი Mercedes SL ჩაივლის, რომელსაც სანომრე ნიშნებიც კი არ აქვს. ეს, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ერთი პერიოდი ჩვეულებრივი მოვლენა იყო პალო-ალტოს მაცხოვრებლებსა და სილიკონის ველის თანამშრომლებს შორის. ამ ავტომობილის მფლობელი და მმართველი კი სხვა არავინ იყო, თუ არა სტივ ჯობსი — ადამიანი, რომელმაც თავისი iPhone-ითა და სხვა ინოვაციური პროდუქტებით სამყარო მთლიანად შეცვალა.

ბევრს აინტერესებდა, თუ როგორ ახერხებდა ჯობსი ემართა ავტომობილი სანომრე ნიშნის გარეშე ისე, რომ კანონმდებლობა არ დაერღვია. ბევრი იმასაც თვლიდა, რომ ჯობსს ქვეყნის მმართველობასთან რაიმე სახის შეთანხმება ჰქონდა დადებული, რაც მას ამის უფლებას აძლევდა. თუმცა, რეალურად ეს სიმართლე არ გახლდათ და, უფრო მეტიც, ჯობსი არც ყოველდღიურად ჯარიმებს იხდიდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო. მიზეზი გაცილებით უფრო მარტივი იყო და სწორედ ჯობსის მსგავს გენიოსს შეეფერებოდა.

საუბარი კი ისეთ შესანიშნავ ავტომობილზე გვაქვს, როგორიც Mercedes-Benz SL 55 AMG-ია — გერმანული ინჟინერიის საგანძური 515 ცხენის ძალით, რომელსაც ამერიკელი ბიზნესმენი მისი დახვეწილი დიზაინის გამო აღმერთებდა. ესთეტიკითა და მინიმალიზმით შეპყრობილი ადამიანისთვის კი მსგავს ავტომობილზე სანომრე ნიშნის დამაგრებაც კი ერთგვარი ვიზუალური შეურაცხყოფა იქნებოდა. სტივი თვლიდა, რომ სანომრე ნიშნები მანქანის კორპუსის იდეალურ კონსტრუქციას არღვევდა და მთელი თავისი ინტელექტი რეგულაციების შესწავლას მოახმარა.

ჯობსის თავსატეხის გასაღები სატრანსპორტო კოდექსში იმალებოდა. სწორედ აქ სტივმა პატარა აბზაცს მიაგნო, რომელიც ახალი ავტომობილების მფლობელებს ექვს თვემდე ვადით სანომრე ნიშნების გარეშე მანქანის მართვის საშუალებას აძლევდა. მათ იცოდნენ, რომ ნომრების დამზადებასა და ფოსტით გამოგზავნას დრო სჭირდებოდა, ასე რომ, ეს 6-თვიანი ვადა არსებობდა მანამ, სანამ მფლობელები ფოსტით ახალ, მუდმივ ნომრებს მიიღებდნენ.

ეს კი ჯობსისთვის იყო შესაძლებლობა, მისი ავტომობილი უნიკალურად სუფთა მდგომარეობაში შეენახა. ყოველ 6 თვეში ერთხელ ის აბარებდა თავის მანქანას და იყვანდა ზუსტად იმავე მოდელის ახალ ავტომობილს. ამ გზით ის მუდმივად „ახალი მფლობელი“ იყო და მთელი ცხოვრება ნომრების გარეშე დადიოდა.

ჯობსის ქცევა სასარგებლო იყო თავად სადილეროებისთვისაც, რომლებიც ყოველ ექვს თვეში თითქმის ახალ ავტომობილს იბარებდნენ — ძალიან დაბალი კილომეტრაჟითა და უნაკლო მდგომარეობით. ამ Mercedes-ის გაყიდვის ღირებულება სტანდარტულზე მაღალი იყო, რადგან ის სტივ ჯობსს ეკუთვნოდა. სხვებს კი მოუწიათ შეგუებოდნენ, რადგან მძღოლს ყველა საჭირო დოკუმენტი თან ჰქონდა და მისი სტრატეგია სრულად ლეგალურიც იყო.

ასევე დაგაინტერესებთ: მძღოლთან ერთად მგზავრსაც იჭერენ? - 10 უცნაური საავტომობილო კანონი

სტივ ჯობსის უხილავი ავტომობილების სტრატეგია დღეს უკვე აღარ არსებობს. Apple-ის დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ კალიფორნიამ არსებულ კანონმდებლობას გადახედა და შესწორებები შეიტანა. ახალი წესებით, ავტომობილების მფლობელები ვალდებულნი გახდნენ მუდმივი სანომრე ნიშნების მიღებამდე დროებითი ნომრებით ისარგებლონ.

ფოტოს წყარო - https://www.topspeed.com/

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები