ძრავა, ჩინეთი, საწვავის მოხმარება, ხელოვნური ინტელექტი, გილი
Aa
Aa

ჩინურმა ავტომწარმოებელმა მსოფლიოში ყველაზე თერმოეფექტიანი ძრავა შექმნა

ჩინური ავტოინდუსტრიის განვითარების ტემპები უკვე აღარავის გვიკვირს, თუმცა მათი ძალისხმევა მხოლოდ ელექტრომობილებით როდი შემოიფარგლება. ცოტა ხნის წინ ჩინურმა Geely-მ კიდევ ერთი რევოლუციური მიდგომა შეიმუშავა და, როგორც ამბობს, მსოფლიოში ყველაზე თერმოეფექტიანი ძრავა შემოგვთავაზა — აგრეგატი, რომელიც სტანდარტულ მასობრივი წარმოების ძრავებთან შედარებით, თითქმის 50%-იანი თერმოეფექტიანობით გამოირჩევა.

Car News China-ს რეპორტაჟის თანახმად, Geely-მ თავისი უახლესი i-HEV სისტემის წყალობით, მასობრივი წარმოების ძრავაში 48.4%-იან თერმოეფექტიანობას მიაღწია. აღნიშნული სისტემა ენერგიის ეფექტიანად მართვისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ალგორითმებს იყენებს. Guinness-მა დამოუკიდებლად დაადასტურა, რომ ახალი მიდგომით საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე 2.2 ლიტრს შეადგენს. Geely-ს მონაცემით, ამ ნიშნულის მიღწევა ნებისმიერი i-HEV მოდელით იქნება შესაძლებელი, იქნება ის აღჭურვილი 1.5-ლიტრიანი თუ 2-ლიტრიანი ძრავით.

რამდენად მნიშვნელოვანია Geely-ს მიღებული 48.4%-იანი თერმოეფექტიანობა?

მარტივად რომ გითხრათ, 48.4%-იანი თერმული მარგი ქმედების კოეფიციენტი ნიშნავს, რომ ძრავა საწვავისგან მიღებული ენერგიის თითქმის ნახევარს ავტომობილის მოძრაობად გარდაქმნის — ეს კი რევოლუციური მაჩვენებელია. სტანდარტულად, ავტომობილებში ენერგიის დიდი ნაწილი (დაახლოებით 65-75%) სითბოს სახით უსარგებლოდ იკარგება. Geely-ს სისტემით ძრავა მაქსიმალური ეფექტიანობით მუშაობს, რაც პირდაპირ აისახება საწვავის გამოყენებასა და გარემოზე ზემოქმედებაზე.

დღემდე ყველაზე თერმოეფექტიანი წარმოების ძრავებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 42%-ს შეადგენდა. ამ დიაპაზონშია, მაგალითად, Nissan-ის e-Power სისტემა და Toyota-ს Dynamic Force ჰიბრიდული ძრავები. ხოლო სტანდარტულად, შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილის თერმოეფექტიანობა 20-30%-იან შუალედშია. მეტად თერმოეფექტიანი ძრავა მეტ ცხენის ძალასა და საწვავის ეკონომიას ნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ: 10 საუკეთესო „ჰიბრიდი“, რომელსაც 15 000$-მდე შეიძენთ

ჰიბრიდული სისტემები კი ამ მიდგომის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამ ტიპის სისტემებს დახარჯული ენერგიის შენახვა და დაქოქვა-გაჩერების დროს მისი ხელახლა გამოყენება შეუძლიათ. Geely-ს მაჩვენებლები კი ფორმულა 1-ის ნიშნულს უახლოვდება, რაც რევოლუციური შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები