გაყიდვები, ელექტრომობილები, ტესლა, საიბერთრაქი, ტესლა საიბერთრაქი, ტესლას გაყიდვები
Aa
Aa

ყოველი მეხუთე Tesla Cybertruck-დან ერთი თვითონ მასკმა შეიძინა

Tesla Cybertruck-ს ისეთი წარმატება რომ არ ხვდა წილად, როგორსაც ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი და მისი მილიარდერი დამფუძნებელი თავდაპირველად გეგმავდნენ, ეს უკვე სიახლე აღარაა. ელექტროპიკაპმა თავისი უცნაური დიზაინით ყურადღება გამოსვლისთანავე მართლაც მიიპყრო, თუმცა დრო გავიდა და Tesla-ს ამ მოდელის გაყიდვა უფრო და უფრო უჭირს.

მაგრამ, როგორც ჩანს, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს ახალი გეგმა აქვს: მისი ერთი კომპანიის მიერ წარმოებულ მოდელს მეორე კომპანიის საშუალებით ყიდულობს. S&P Global Mobility-ის მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯამში 7 071 ერთეული Cybertruck-ი დარეგისტრირდა. ამ რაოდენობიდან 1 279 ერთეული ელექტროპიკაპი SpaceX-ს გადაეცა, 60 ერთეული კი — მილიარდერის სხვა კომპანიებს, მათ შორის: Boring Company-ს, Neuralink-სა და xAI-ს (რომელიც SpaceX-მა წელს შეიძინა).

შედეგად გამოდის, რომ 2025 წლის ბოლო კვარტალში გაყიდული Cybertruck-ების თითქმის 20%, ანუ ყოველი მეხუთე ერთეული, ამერიკელი ბიზნესმენის საკუთრებაში არსებულ სხვა კომპანიებზე მოდიოდა.

ასევე იხილეთ: Tesla-ს მარკეტინგული ხრიკი | კომპანიამ გაუყიდავ Cybertruck-ებს ახალი გამოყენება მოუძებნა

S&P Global Mobility-ის მონაცემებიდან ასევე ვიგებთ, რომ მილიარდერის კომპანიებმა შესყიდვები მომდევნო თვეებშიც გააგრძელეს. მაგალითად, მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში დამატებით 225 ერთეული Cybertruck-ი დაარეგისტრირეს. ამავდროულად, გაუყიდავი ელექტროპიკაპები Tesla-მ „კომპანიის ავტომობილების ფლოტშიც“ დააბრუნა.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, SpaceX-მა, xAI-მ, Boring Company-მ და Neuralink-მა ამ პერიოდში Cybertruck-ების შესყიდვებზე სულ მცირე 100 მილიონი აშშ დოლარი მაინც დახარჯეს — იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროპიკაპის საბაზისო ფასი დაახლოებით 70 000 დოლარია. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ საერთო მფლობელის კონტროლქვეშ არსებულ კომპანიებს ავტომობილები შეღავათიანი გარიგებით, განსხვავებული ფასით მიეღოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები