მსოფლიოს ყველაზე მძლავრი პიკაპი — გაიცანით ახალი Ram Rumble Bee SRT
თანამედროვე საავტომობილო ინდუსტრიაში ინჟინრები და დიზაინერები რაციონალურობას, ეკონომიურობასა და საწვავის ხარჯს იშვიათად უგულებელყოფენ, თუმცა როცა ამას აკეთებენ, რაღაც სრულიად გიჟურისა და გენიალურის შექმნა ძალიან მარტივდება. ცოტა ხნის წინ, სწორედ ასეთი მომენტის მომსწრენი გავხდით — Ram-მა და SRT განყოფილებამ 2027 წლისთვის სრულიად ახალი Rumble Bee ხაზი დააანონსეს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ამერიკული მასლ-ქარების ეპოქა დასასრულისგან ჯერ ძალიან შორსაა.
ასევე იხილეთ: 7 ყველაზე გიჟური პიკაპი, რაც ოდესმე შექმნილა
ხაზის მთავარი ვარსკვლავი, უმძლავრესი Rumble Bee SRT, 6.2-ლიტრიანი, კომპრესორიანი Hellcat V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც წარმოუდგენელ 777 ცხენის ძალასა და 921 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ეს მაჩვენებლები მას ისტორიაში ყველაზე მძლავრ შიგაწვისძრავიან სერიულ პიკაპად აქცევს. ეს გოლიათი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 3.4 წამში ახერხებს, ხოლო მეოთხედ მილს 11.6 წამში ფარავს, რაც თანამედროვე სუპერქარების ტემპია. პიკაპის მაქსიმალური სიჩქარე კი 274 კმ/სთ-ია, რითაც ის 2006 წლის ლეგენდარული, Viper-ის V10 ძრავიანი Ram SRT-10-ის მრავალწლიან რეკორდს დაამსხვრევს.

საინტერესოა, რომ ინჟინრებმა მართვის დინამიკის გასაუმჯობესებლად ავტომობილის ბაზა სტანდარტულ ვერსიებთან შედარებით 13 დუიმით შეამცირეს და ის ექსკლუზიურად ორკარიანი გაფართოებული სალონითა და მოკლე საბარგულის პლატფორმით გამოვა. სიგრძეში შემცირებასთან ერთად, მანქანა სიგანეში 88 დუიმამდე გაიზარდა ახალი ფრთების ხარჯზე, რაც მას საოცრად დაკუნთულ პროპორციებს სძენს.

იმისათვის, რომ ამ ზომის ავტომობილმა 270 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის დროს სტაბილურობა შეინარჩუნოს, გამოყენებულია სერიოზული აეროდინამიკური ელემენტებიც — 4.5-დუიმიანი წინა სპლიტერი, ძრავის დამცავი სპეციალური „აერო ფარი“, რომელიც ჰაერის ნაკადს ძარის ქვეშ სწორად ატარებს და უკანა ბორტზე დამაგრებული 80-მილიმეტრიანი სპოილერი.

ტექნიკური თვალსაზრისით, SRT ვერსია აღჭურვილია სრული ამძრაობის სისტემითა და გაძლიერებული 8-სიჩქარიანი TorqueFlite ავტომატური კოლოფით. თუმცა, ვინაიდან საქმე მასლქართან გვაქვს, მძღოლს შეუძლია წინა ხიდი სრულად გათიშოს და მხოლოდ უკანა ამძრაობითა და სპეციალური „e-Spool“ ბლოკირებით კვამლიანი ბურნაუთები და ეპიკური დრიფტი მოაწყოს. ამ ყველაფერს გზასთან უზარმაზარი, 325 მმ-იანი განიერი უკანა საბურავები აკავშირებს, რაც Dodge Viper-ის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
დაკიდების სისტემაში Bilstein Damptronic-ის ადაპტური ამორტიზატორები და სპორტული პნევმო-საკიდარი გვხვდება, რომელიც სარბოლო რეჟიმში მანქანას მიწასთან მაქსიმალურად აახლოებს — დამუხრუჭებაზე გიგანტური, 410-მილიმეტრიანი სამუხრუჭე დისკები და Brembo-ს სუპორტები ზრუნავენ.

მიუხედავად ასეთი სარბოლო ხასიათისა, სალონში ასკეტური საერთოდ არაფერია — ძვირადღირებული პრემიუმ ტყავი, ნახშირბადის ბოჭკოს დეტალები, უზარმაზარი 14.5-დუიმიანი სენსორული ეკრანი, Head-Up დისპლეი და Harman Kardon-ის 19-დინამიკიანი აუდიოსისტემა. ამასთანავე, მანქანა ინარჩუნებს პიკაპის პრაქტიკულობასაც და 4 ტონამდე ტვირთის ბუქსირება შეუძლია. მათთვის კი, ვისაც შედარებით ნაკლები სიმძლავრე აკმაყოფილებს, ხელმისაწვდომი იქნება 5.7-ლიტრიანი (395 ცხ.ძ.) და 6.4-ლიტრიანი 392 Hemi (470 ცხ.ძ.) ვერსიებიც.