ულტიმატუმი კანადას | გააძვირებს თუ არა აშშ-ის ახალი გეგმა ავტომობილებს?
აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმება (USMCA) ოფიციალურად ძალაში დაახლოებით ექვსი წლის წინ შევიდა. ამერიკის შეერთებული შტატები მას ყოველთვის „ურთიერთსასარგებლო გამარჯვებად“ მიიჩნევდა ჩრდილოეთ ამერიკის მუშახელისთვის, ფერმერებისა და ბიზნესებისთვის. თუმცა, ალბათ გასაკვირი არაა, რომ დღეს ახალ ადმინისტრაციას დიდად არც ეს შეთანხმება მოსწონს და, უფრო მეტიც, ფიქრობს, რომ ის გადახედვას და დიდ ცვლილებებს საჭიროებს.

გამოცემა Reuters-თან საუბრისას რამდენიმე წყარომ, ანონიმურობის პირობით, გაამხილა, რომ თეთრ სახლს ავტოწარმოებასთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი ცვლილების მიღება სურს. მაგალითად, შესაძლოა დაავალდებულოს ავტომწარმოებლები, რომ შეღავათებით სარგებლობისთვის, მათ ავტომობილში იმ ნაწილების სავალდებულო წილი, რომლებიც აუცილებლად ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში უნდა დამზადდეს, 75%-დან 82%-მდე გაიზარდოს.
ეს საკმაოდ სოლიდური მატებაა, თუმცა არა შეუძლებელი, და საბოლოოდ, ალბათ, იმ მიზანს ემსახურება, რომ ბევრმა კომპანიამ ავტომობილების წარმოება პირდაპირ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიტანოს. ამჟამინდელ ადმინისტრაციას კი, თავის ხელმძღვანელთან ერთად, ეს ნამდვილად სურს.
ასევე იხილეთ: პრეზიდენტის ლიმუზინის და ესკორტის საიდუმლო ფუნქციები
თუმცა არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. ამერიკის შეერთებული შტატები ამ საკითხს ბევრად უფრო მკაცრად უდგება და ითხოვს, რომ ამ ნაწილებიდან სულ მცირე 50% უშუალოდ აშშ-ში დამზადდეს. ეს კი, მართლაც ყურადსაღები ცვლილებაა, რადგან მოქმედი შეთანხმების პირობებით, „ძირითადი ნაწილების“ მხოლოდ 40% ან 45% — ავტომობილის ტიპის მიხედვით — უნდა დამზადდეს მაღალანაზღაურებად იურისდიქციებში, როგორიცაა კანადა ან აშშ.
ფაქტობრივად, გამოდის, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია კანადისგან საავტომობილო სექტორში სამუშაო ადგილების წართმევას ცდილობს. ეს კი გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, რადგან აშშ-სა და კანადას შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დაიძაბა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის მილიარდერმა ხელმძღვანელმა კანადის 51-ე შტატად შეერთების იდეა გააჟღერა.

Reuters-ის ინფორმაციითვე, შეერთებულ შტატებს შეუძლია მექსიკასთან მოლაპარაკებები აწარმოოს, შედეგსაც მიაღწიოს და მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე კანადას შეთანხმება ულტიმატუმის სახით წარუდგინოს. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, ამერიკულ მხარეს შეთანხმების შედეგად სურს კანადასა და მექსიკასთან არსებული ტარიფები შეინარჩუნოს.
მკვეთრი ცვლილებებით ავტომწარმოებლები, წესით, შეშფოთებულნი იქნებიან, თუმცა სანერვიულო რიგით მომხმარებლებსაც აქვთ. AutoForecast Solutions-ის წარმომადგენელ სემ ფიორანის განცხადებით, ავტომობილების აწყობისას აშშ-ში წარმოებული ნაწილების გამოყენების ზრდა, სავარაუდოდ, ფასების მატებაშიც აისახება. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ავტომწარმოებლებს ხარჯები გაეზრდებათ; ეს ავტომობილების ფასების მატებას გამოიწვევს და მომხმარებელსაც უფრო მეტის გადახდა მოუწევს.