ოფიციალურად: ლეგენდარული Mitsubishi Pajero და Montero ბრუნდება
ერთი მოდელის ნაცვლად, Pajero ხელახლა დაიბადება, როგორც სრულიად ახალი, ყველგანმავლების სერია.
როგორც ჩანს, გავრცელებული ხმები სიმართლეს შეესაბამება. უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ Mitsubishi თავისი ლეგენდარული Pajero-ს სახელს დააბრუნებს, რომელიც უკანასკნელად მათ 2021 წელს გამოიყენეს. დებიუტი ამ შემოდგომაზეა დაგეგმილი, ჩვენ კი სრულიად ახალ SUV-ს უნდა ველოდოთ — უგზოობისთვის განკუთვნილ ავტომობილს, რომლის ბაზასაც ავტომწარმოებელი Triton-ის პიკაპიდან აიღებს.

თუმცა ეს ყველაფერი არაა. Mitsubishi-ს თავისი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი მოდელისთვის ბევრად მასშტაბური გეგმები აქვს. Pajero-ს სახელწოდებას ისინი მკაცრად, მხოლოდ ერთი მოდელისთვის არ გამოიყენებენ და ამის ნაცვლად, ე.წ. „ოფ-როუდ“ ავტომობილების მთელ სერიას შემოგვთავაზებენ. კომპანიის საწარმოო ხაზის გეგმა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ადასტურებს, რომ გეგმაში სულ მცირე ორი, Pajero-ზე დაფუძნებული მოდელის შემუშავებაა.
ასევე იხილეთ: ტყუილი, რომელმაც Mitsubishi-ის დინასტია გაანადგურა
მთავარი Pajero-ს შესახებ ჯერჯერობით თითქმის არაფერი ვიცით, თუმცა, როგორც Mitsubishi ამბობს, ის კომპანიის ფლაგმანური მოდელი იქნება. განსაკუთრებული, უგზოობაში გამოსადეგი მოდელი, რომელსაც სრულამძრავიანი სისტემა და ორივე ღერძზე სპეციალურად მისთვის შემუშავებული, დამოუკიდებელი საკიდარი ექნება. ეს მოდელი არც პიკაპის ინტერიერს გაიმეორებს და მისთვის Mitsubishi ინდივიდუალურად შეიმუშავებს ახალ დიზაინს, ბევრად უფრო კომფორტულსა და დახვეწილს.
დრო გვიჩვენებს, გაიყიდება თუ არა Montero-ს ვერსია ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე, თუმცა მასზე მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, სხვა გადაწყვეტილება ალბათ ფინანსურად გაუმართლებელი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკულ ბაზარზე ტვინტურბო 2.4-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი, დიზელზე მომუშავე ძრავით აღჭურვილი Triton-ი უკვე ხელმისაწვდომია, Montero-სთვის ალბათ განსხვავებულ გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ. შეგვიძლია ფსონი ბენზინის ძრავაზე ანდაც პლაგ-ინ ჰიბრიდულ სისტემაზე ჩამოვიდეთ.

როგორც გრაფიკზეც ხედავთ, Pajero-ს სერია ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც 2032 წლამდე ბაზარზე სულ მცირე 13 მოდელი გამოჩნდება. ახალი საწარმოო გეგმით კი კომპანია თითქმის ყველა სეგმენტს მოიცავს: მინივენებითა და ე.წ. Kei-ქარებით დაწყებული, SUV-ებითა და პიკაპებით დასრულებული. ამ 13 მოდელიდან ხუთი ჰიბრიდი, ხუთიც კი სრულად ელექტრო იქნება. რაც შეეხება სპორტქარებს, ისინი ამ ეტაპზე არ განიხილებიან.

Pajero/Montero-ს მსოფლიო პრემიერა მომდევნო თვეებშია დაგეგმილი, გაყიდვები კი, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება.
Pajero ავტომწარმოებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელია. ის ათწლეულების განმავლობაში 170-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში იყიდებოდა, ოთხი თაობის განმავლობაში კი სულ 3.25 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. ასე რომ, მისი გაცოცხლება შესაძლოა კომპანიისთვის საკმაოდ მომგებიან ნაბიჯად იქცეს.