Ferrari Enzo-ს ფასები რეკორდულად იზრდება — ნაცრისფერი სუპერქარი 8-ნიშნა თანხად გაიყიდა
საავტომობილო აუქციონების სამყაროში მოულოდნელობები იშვიათი არ არის, თუმცა Ferrari Enzo-ს ფასების ბოლოდროინდელი ზრდა მაინც ძალიან მოულოდნელია. სუპექარის ფასები ბოლო ექვსი თვის განმავლობაში იმდენად ასტრონომიულად გაიზარდა, რომ მოდელი ოფიციალურად გადავიდა 8-ნიშნა ციფრების კატეგორიაში და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სუპერქარად იქცა. თუ ადრე იდეალურ მდგომარეობაში მყოფი Enzo 4-დან 5 მილიონ დოლარამდე ფასობდა, დღეს მცირე გარბენის მქონე ეგზემპლარები 10-მილიონიან ნიშნულს მარტივად სცდება.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ერთმა მჭედელმა ბიჭმა Ferrari
ცოტა ხნის წინ, Mecum-ის აუქციონზე იშვიათი, 2003 წლის Ferrari Enzo წარმოუდგენელ ფასად — $10.23 მილიონად გაიყიდა. ეს შედეგი მით უფრო შოკისმომგვრელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტომობილი არ არის ბრენდის ტრადიციულ ფერში (Rosso Corsa) შეღებილი. ფასის ასეთ ზრდას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ ენცოს ქარხნიდან გამოსვლის შემდეგ მხოლოდ 4 871 კილომეტრი აქვს გავლილი.

ეს არ არის ერთადერთი რეკორდი ამერიკულ სააუქციონო სივრცეში. მიმდინარე წლის იანვარში ფილ ბახმანის კოლექციის ყვითელმა Enzo-მ აბსოლუტური ნიშნული დააფიქსირა და ახალი მფლობელის ხელში 17.87 მილიონად გადავიდა.
ეს კონკრეტული რუხი ეგზემპლარი ერთ-ერთია იმ 6 მოდელიდან, რომელიც ქარხნულად Grigio Titanio ფერში შეიღება, თუმცა ის ერთადერთია, რომელსაც კონტრასტული წითელი ტყავის სალონი ამშვენებს. ავტომობილი თავის დროზე ცნობილმა ბიზნესმენმა და Ferrari 250 GTO-ს მფლობელმა, ჩიპ კონორმა შეუკვეთა.

ავტომობილის უმაღლეს საინვესტიციო ღირებულებას, გარდა იშვიათი ფერისა და მცირე გარბენისა, განაპირობებს Ferrari Classiche-ს ოფიციალური სერტიფიკატი (ეგრეთ წოდებული წითელი წიგნი), რაც ადასტურებს, რომ მანქანის ყველა დეტალი 23 წლის განმავლობაში იდეალურ, ორიგინალ მდგომარეობაში იყო შენარჩუნებული.
Ferrari Enzo-ს კაპოტქვეშ ინჟინერიის ნამდვილი ხელოვნება — 6.0-ლიტრიანი ატმოსფერული Tipo F140B V12 ძრავა იმალება, რომელიც 651 ცხენის ძალასა და 657 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ეს აგრეგატი მარანელოს ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამ არქიტექტურამ ჩაუყარა საფუძველი ფერარის ყველა მომდევნო თაობის V12 ფლაგმანს.

Enzo-ს ფასების ეს ფენომენალური აფეთქება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კოლექციონერები სულ უფრო მეტად აფასებენ ანალოგური ეპოქის ბოლო სუპერქარებს, სადაც ტურბოები და ელექტრონული ასისტენტები ჯერ კიდევ არ ახშობდნენ სუფთა, ატმოსფერული V12-ის ხასიათს.