ჩინეთი ლეგენდარული კლასიკური ავტომობილებისთვის სრულიად ახალ ძარებს ამზადებს
ჩინეთის ქარხანაში შექმნილი Ford Bronco-ს ძარა ამერიკულ რესტომოდში გამოიყენეს. მოგვიანებით ეს მოდელი $400 000-ად გაიყიდა.
ავტოინდუსტრიაში ჩინეთი ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი ელექტრომობილების წარმოებითაა ცნობილი. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ჩინეთის ბაზარზე თითქმის ყველა საჭირო, თუ არასაჭირო ნივთის პოვნაა შესაძლებელი და ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც ლეგენდარული კლასიკური ავტომობილების ძარებია.

კერძოდ, ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში მოქმედებს კომპანია, რომელმაც ფაქტობრივად მთელი თავისი ბიზნესი ავტომოყვარულთა საკულტო მოდელებისთვის ახალი ძარებისა და პანელების შექმნაზე ააწყო. მათ შორის კი, ისეთ კლასიკოსებს ვხვდებით, როგორებიცაა Toyota AE86 და თავდაპირველი Ford Bronco-ც კი. სწორედ ეს ლითონის კონსტრუქციები ავტომობილებს სიცოცხლეს უნარჩუნებენ მას შემდეგაც კი, რაც თავიანთმა მწარმოებლებმა ამის გაკეთება შეწყვიტეს.

Jiangsu Juncheng Vehicle Industry Co შანხაიდან ჩრდილოეთით დაახლოებით სამი საათის სავალზე მდებარეობს. მასშტაბურ საწარმოში დასაქმულები ავტომობილებისთვის ახალ ძარებს ჭედავენ. ახალი მოდელისთვის ნაწილების დამზადებისთვის, ისინი პირველ რიგში საწნეხ ყალიბს ქმნიან, რომელსაც შემდეგ ჭედვის პროცესში იყენებენ.
მაღალი სიმტკიცის ფოლადს CNC-ის აპარატი აყალიბებს, შემდეგ კი, გამოცდილი ხელოსნები შტამპს ამუშავებენ და აპრიალებენ. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, შტამპის ზონაში ათავსებენ, რაც საშუალებას იძლევა, რომ თითოეული კომპონენტი სწრაფად გამოიჭედოს და ფორმა მიეცეს.

Hagerty-ს ცნობილი ავტოფოტოგრაფი და ბლოგერი, ლარი ჩენი ცოტა ხნის წინ საწარმოს ეწვია და მუშაობის პროცესი დაათვალიერა. მათ შორის თავისი თვალით ნახა, თუ როგორ იჭედება ქარხანაში AE86-ის კაპოტი და კარების პანელები. საინტერესოა, რომ ამ ჩინურ ობიექტში დიდი ზომის ძარის ნაწილების გარდა, ავტომობილების სრული სიზუსტით აღსადგენად საჭირო პატარა სამაგრები და სხვა ნაწილებიც მზადდება.
ცოტა ხნის წინ, Juncheng-ის ხელოსნებმა Ford Bronco-სთვის ძარა შექმნეს, რომელიც აშშ-ში რესტავრირებულ კონსტრუქციაში გამოიყენეს. ეს მოდელი მოგვიანებით $400 000-ად გაიყიდა. Bronco-სა და AE86-ის გარდა, კომპანია ძარის ნაწილებსა და მთლიან ჩონჩხებს აწარმოებს ისეთი მოდელებისთვის, როგორებიცაა Datsun 240Z, Toyota Land Cruiser, 1967 წლის Ford Mustang-ი.
ამ მოდელებს ძალიან მალე 964 თაობის Porsche 911-იც შეეატება. ამავდროულად კი, უახლოეს მომავალში, ლეგენდარული Mercedes-Benz 300 SL Gullwing-ის ძარების გამოშვებაც იგეგმება.