ჩინეთი, გაყიდვები, ტოიოტა, ტოიოტა რავ4, სანავთობო კრიზისი
Aa
Aa

Toyota ზედიზედ მე-4 თვეა გაყიდვების კლებას აფიქსირებს — ერთ-ერთი მიზეზი ჩინეთია

იაპონურმა საავტომობილო გიგანტმა Toyota-მ მაისის თვის ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბრენდის გლობალური გაყიდვები წინა წელთან შედარებით 7.2%-ით შემცირდა და 834 279 ერთეული შეადგინა. ეს ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც კომპანია გაყიდვების კლებას აფიქსირებს, რაც დიდწილად ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით გამოწვეული ბენზინის ფასების ზრდითა და ჩინეთის ბაზარზე შესუსტებული მოთხოვნით არის განპირობებული.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

რეგიონულმა კონფლიქტმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ლოგისტიკურ ჯაჭვსაც — იაპონიიდან ახლო აღმოსავლეთში ტოიოტას ექსპორტი მკვეთრად, 65.9%-ით დაეცა (სულ 7 323 ავტომობილი), რაც უკვე მესამე თანმიმდევრული თვიური კლებაა.

მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლის მონაცემები აჩვენებს, რომ კრიზისმა წარმოებაზეც იქონია გავლენა —გლობალური წარმოება 5.5%-ით შემცირდა და 765 470 ავტომობილი შეადგინა... ეს პირველი კლებაა ბოლო სამი თვის განმავლობაში.

რაც შეეხება საერთაშორისო გაყიდვებს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყიდვები 9.6%-ით დაეცა  და სულ 715 898 ერთეული გასხვისდა. ყველაზე მძიმე დარტყმა კი, როგორც აღინიშნა, ბრენდს ჩინეთმა მიაყენა, სადაც გაყიდვები 31.7%-ით შემცირდა, ადგილობრივი წარმოება კი 23%-ით დაეცა. ჰიბრიდულ მოდელებზე არსებული უდიდესი მოთხოვნის დამსახურებით, ამერიკაში გაყიდვები მხოლოდ მცირედით, 0.6%-ით შემცირდა და 238 800 ერთეული შეადგინა.

პოზიტიური ტენდენციები: იაპონია და ინდოეთი

გლობალური ვარდნის ფონზე, ტოიოტამ პოზიციები მშობლიურ ბაზარსა და ინდოეთში გააუმჯობესა. იაპონიაში გაყიდვები 11.1%-ით გაიზარდა (118 381 ერთეული), რასაც ხელი შეუწყო ახალი მოდელების, მათ შორის RAV4-ისა და სრულიად ელექტრონული bZ4X-ის სტაბილურმა პოპულარობამ. შედეგად, იაპონიაში შიდა წარმოებაც 3.7%-ით გაიზარდა (250 588 ერთეული).

ინდოეთში კი ბრენდის გაყიდვებმა 15.3%-ით იმატა (30 227 მანქანა), რაშიც უდიდესი როლი ავტომობილებზე დაწესებულმა საგადასახადო შეღავათებმა ითამაშა. მაისის თვე რთული აღმოჩნდა მთლიანად იაპონური საავტომობილო სექტორისთვის. რვა წამყვანი იაპონური ბრენდის ჯამური გლობალური გაყიდვები 2.6%-ით შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები