იაპონიის ახალი Corvette, სავარაუდოდ, კარგად შენიღბული Mazda MX-5-ია
იაპონური ავტომწარმოებელი Mitsuoka Motors კიდევ ერთ გამორჩეულ, რეტრო სტილის ავტომობილზე მუშაობს. კომპანიამ ახალი მოდელის მეორე ტიზერი გამოაქვეყნა, რომელმაც პრაქტიკულად დაადასტურა, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ პრემიერაზე 1958 წლის შემდეგ წარმოებული Chevrolet Corvette C1-ის დიზაინით შთაგონებულ ორკარიან როდსტერს ვიხილავთ.
ასევე დაგაინტერესებთ: ვინ, როგორ და რატომ შექმნა მსოფლიოში ყველაზე უცნაური ძრავა?
ახლად გამოქვეყნებულ ტიზერზე ამჯერად ავტომობილის წინა ნაწილია ნაჩვენები. მისი პროპორციები და დიზაინის დეტალები, მათ შორის ოთხი მრგვალი წინა ფარი, დიდი ზომის ცხაური და კლასიკური ფორმები, აშკარად მიანიშნებს Corvette C1-ის გვიანდელ ვერსიაზე. კომპანია დამატებითი ტიზერების გამოქვეყნებას აგვისტოსა და სექტემბერშიც გეგმავს, ხოლო ოფიციალური პრემიერა 2026 წლის ნოემბერში გაიმართება.

Mitsuoka ცნობილია იმით, რომ სერიული წარმოების ავტომობილებს სრულიად ახალ, რეტრო სტილის დიზაინს ანიჭებს. კომპანიის თითქმის ყველა მოდელი უკვე არსებული ავტომობილის ბაზაზეა შექმნილი. ერთადერთი გამონაკლისი Mitsuoka Orochi იყო — კომპანიის მიერ დამოუკიდებლად შექმნილი სუპერქარი.

რაც შეეხება ახალ მოდელს, მისი პროპორციებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ის Mazda MX-5 (ND)-ის პლატფორმაზე იქნება აგებული. ეს Mitsuoka-სთვის ახალი მიდგომა არ არის. 2018 წელს კომპანიამ Rock Star-ი წარმოადგინა, რომელმაც Mazda MX-5 ND ვიზუალურად Chevrolet Corvette C2-ს დაამსგავსა, ხოლო Himiko ასევე MX-5-ის პლატფორმაზე იყო აგებული, თუმცა სრულიად განსხვავებული, კლასიკური დიზაინით. შედეგად, წესით, მივიღებთ ავტომობილს, რომელიც Mazda MX-5-ის ბაზაზეა აგებული და Corvette C1-ის დიზაინს იმეორებს.
ახალი მოდელის ესკიზი დიზაინერ ტაკანორი აოკიას ეკუთვნის, რომელმაც წარსულში Himiko-სა და Rock Star-ის დიზაინზეც იმუშავა. ზემოთ ჩამოთვლილ დეტალებთან ერთად, ტიზერიდან არ უნდა გამოგვრჩეს ავტომობილის სხვა გამორჩეული ელემენტებიც, მათ შორის: Corvette C1-ით ინსპირირებული გვერდითა ჰაერის შემშვებები, გამოკვეთილი უკანა ფრთები, სპორტული სპლიტერი და დიფუზორი.


იმ შემთხვევაში, თუ Mitsuoka თავის ახალ მოდელს მართლაც Mazda MX-5 ND-ის ბაზაზე შექმნის, მას, სავარაუდოდ, 2-ლიტრიანი ატმოსფერული 4-ცილინდრიანი ძრავა ექნება — 181 ცხენის ძალის გამომუშავებით. აგრეგატი წამოსულ სიმძლავრეს კი 6-სიჩქარიანი მექანიკური ან ავტომატური გადაცემათა კოლოფის საშუალებით უკანა ბორბლებზე გადაანაწილებს. წინა მოდელების მსგავსად, Mitsuoka-ს ახალი ქმნილებაც, წესით, შეზღუდული გამოშვების იქნება და მხოლოდ იაპონიის ბაზარზე გაიყიდება. თუმცა ნოემბრამდე მაინც შეგვიძლია იმედის ნაპერწკალი დავიტოვოთ...