ყველგანმავალი, ჰამერი, ჯიემსი, სპეციალური მოდელი, საიუბილეო მოდელი, ჰამერ ეიჩ2
Aa
Aa

GMC-მ Hummer H2-ის 25 წლის იუბილეს სპეციალური გამოშვების მოდელი მიუძღვნა

როდესაც ადამიანებს სიტყვა „ჰამერი“ ესმით, ბევრს თვალწინ მაშინვე კლასიკური Hummer H2 წარმოუდგება. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ამ საკულტო მოდელის დებიუტიდან უკვე 25 წელი გავიდა. საუკუნის დასაწყისში AM General-ს სამოქალაქო პირებისთვის ეს უზარმაზარი, კუთხოვანი ავტომობილი რომ არ შეექმნა, 2000-იანი წლების მუსიკალური კლიპები სრულიად განსხვავებული იქნებოდა. ამ ეპოქის პატივსაცემად, GMC-მ გადაწყვიტა გამოუშვას ახალი ელექტრო Hummer EV-ის სპეციალური სერია — სწორედ იმ საფირმო ყვითელ ფერში, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს.

ასევე იხილეთ: ისტორიაში საუკეთესო ყველგანმავალი ავტომობილები

საიუბილეო მოდელს კომპანიამ GMC Hummer EV Icon 25 უწოდა. ის შეზღუდული ტირაჟით გამოვა და სალონში, წინა პანელზე, სპეციალური საიუბილეო ლიმიტირებული სერიის ფირფიტები ექნება. თუმცა, მწარმოებელს ოფიციალურ პრესრელიზში ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია. სპეციალური ვერსიის შეკვეთა შესაძლებელი იქნება როგორც პიკაპის, ისე SUV-ის კორპუსით.

ნოსტალგიური დიზაინი თანამედროვე ინტერპრეტაციით

ყვითელი ფერი Hummer H2-ის სავიზიტო ბარათი და მთავარი საპრეზენტაციო ფერი იყო მისი გამოსვლისთანავე, 2002 წელს და მოდელის წარმოების დასრულებამდე აქტუალობა არ დაუკარგავს. ახალ ელექტრომობილზე ეს ფერი წარმოდგენილია მაღალკონტრასტულ ორფერიან ექსტერიერში — ყველა GMC Hummer EV-ს სახურავი და ძარის ქვედა ნაწილი შავ ფერში აქვს გადაწყვეტილი.

საიუბილეო მოდელს მუქი შავი სალონი აქვს, სადაც ექსტერიერის ყვითელი ფერი ძალიან ზომიერად და გემოვნებითაა გამოყენებული (მხოლოდ რამდენიმე ადგილას, მათ შორის წინა პანელის საიუბილეო ფირფიტაზე). სალონის ძირითადი ნაკერები კი თეთრია, რაც ინტერიერს უფრო სოლიდურ იერსახეს სძენს.

სალონისგან განსხვავებით, ტექნიკური მახასიათებლები ზომიერი ნამდვილად არ არის. სამძრავიან 3X კომპლექტაციაში ავტომობილი 1160 ცხენის ძალას აღწევს, ხოლო ორძრავიან 2X ვერსიაში, უგზოობის ექსტრემალურ პაკეტთან ერთად, სიმძლავრე 635 ცხენის ძალას შეადგენს.

საიუბილეო Icon 25 პაკეტის შეკვეთა ორივე კომპლექტაციისთვის იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ფასს, GMC-ს კონკრეტული ღირებულება ჯერჯერობით არ დაუსახელებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები