ანაკლიის პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი გზისთვის მიწის გამოსყიდვა მიმდინარეობს
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე 1.7 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პროცესი მიმდინარეობს — ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტზე დაყრდნობით BMG წერს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, უშუალოდ გზის მშენებლობისთვის საჭირო ტენდერის გამოცხადება 2027 წელს იგეგმება, ხოლო პროექტის დაფინანსებაზე შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება ამ დროისთვის გაფორმებული არ არის.
„დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები“, — ნათქვამია უწყების პასუხში.
დეპარტამენტის განმარტებით, მიწის შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა, რომელთა საერთო ფართობი 1 720 553 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

ამასთან, პროექტის ფარგლებში იგეგმება 35 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონისთვის გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების სერვიტუტით დატვირთვა, რომლის ჯამური ფართობი 74 824 კვადრატული მეტრია.
უწყების ინფორმაციით, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა ასევე მოიცავს დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე არსებული აქტივების — შენობა-ნაგებობების, ხე-მცენარეებისა და ერთწლიანი კულტურების — საკომპენსაციო ღონისძიებებს.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის პროექტის პროგნოზირებული ღირებულება 327 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მოიცავს როგორც მიწების გამოსყიდვის, ასევე სამშენებლო სამუშაოების ხარჯებს. ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოიცავს როგორც საავტომობილო გზას, ასევე რკინიგზას.
საგზაო და სარკინიგზო მონაკვეთი იწყება ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურთან, გაივლის სოფელ ორულს, დიდ ნეძს, დიხაგუძუბასა და სოფელ ერგეტას, საიდანაც ანაკლიის მიმართულებით გაგრძელდება. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია 5 ესტაკადის, 11 გადასასვლელისა და 35 წყალგამტარი არხის მოწყობა.
წყარო: BM.GE