Aa Aa
17 აპრილი 2021  |  10:25

ყველაფერი, რაც ტექდათვალიერებაზე უნდა ვიცოდეთ

2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის ტექდათვალიერების გავლა სავალდებულო გახდა.

მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ავტომობილებმა გარკვეული მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მფლობელებს სოლიდური ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

რისთვის არის საჭირო ტექდათვალიერება?

ტექდათვალისრების შემოღებას ხელისუფლება სამი ძირითადი არგუმენტით ხსნის:

პირველი – ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება;

მეორე – ავარიებისა და მათგან გამოწვეული უბედური შემთხვევების პრევენცია;

მესამე – მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების შემცირება.

როდის უნდა გავიარო ტექდათვალიერება?  

ყველა ავტომობილისთვის ვადები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია რეგისტრაციის თარიღზე.

მაგალითად, თუ თქვენ ავტომანქანა 10 მაისს დაარეგისტრირეთ, ანუ მანქანის პასპორტში რეგისტრაციის თარიღად 10 მაისი გაქვთ მითითებული, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის ტექდათვალიერების გავლის ბოლო ვადა სწორედ 10 მაისია.

ტექდათვალიერების თარიღის გადამოწმება ასევე შეგიძლიათ ვებ-გვერდზე pti.ge.

სად ტარდება ავტომანქანის ტექნიკური ინსპექტირება?

ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით ტექდათვალიერების 40 ცენტრი მუშაობს, აქედან 29 – თბილისში.

ამ 40-იდან კონკრეტულად რომელ ცენტრში გაივლით ტექდათვალიერებას, მნიშვნელობა არ აქვს. 

იმისთვის, რომ რიგში არ მოგიწიოთ დგომა, შეგიძლიათ ცენტრში ვიზიტი ონლაინ დაგეგმოთ. ამისთვის არსებობს ვებ-გვერდი www.pti.ge. ამავე გვერდზე შეგიძლიათ შეარჩიოთ ტექდათვალიერების ცენტრი, რომელიც გეოგრაფიულად თქვენთვის უფრო მოსახერხებელია.

ვიზიტის დაგეგმვის შემდეგ, ტელეფონზე მოკლეტექსტური სეტყობინება მოგივათ, სადაც ეწერება, რომ თქვენი მანქანა ნამდვილად ჩაწერილია ცენტრში. მესიჯში იქნება ცენტრის ზუსტი მისამართი და ასევე შეკვეთის უნიკალურ ნომერი.

თუ ინტერნეტი არ გაქვთ ან არ იცით, როგორ დაჯავშნოთ ვიზიტი ონლაინ, შეგიძლიათ ცხელ ხაზზე დარეკოთ და ოპერატორები ამას თქვენს მაგივრად გააკეთებენ. ცხელი ხაზის ნომერია 14-84. ზარი უფასოა. ქალაქის ტელეფონიდან ან მობილურიდან დარეკვისას წინ არავითარი კოდი არ სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ ცხელი ხაზი სადღეღამისო არ არის და არც შაბათ-კვირას არ მუშაობს. დარეკვა მხოლოდ ორშაბათ-პარასკევს 09.00-დან 18.00-მდე შეგიძლიათ.

რა მოწმდება ტექდათვალიერების დროს?

რეგლამენტის მიხედვით, ავტომობილი გამართული უნდა იყოს ყველა კრიტერიუმით: სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები. ასევე თქვენი ავტომობილი არ უნდა აბინძურებდეს გარემოს – გამონაბოლქვს შეამოწმებენ და დასაშვებზე მეტად არ უნდა ხმაურობდეს.

თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტექნიკურ რეგლამენტში მალე ცვლილებები იგეგმება და ის უფრო დემოკრატიული გახდება.

საუბარია რამდენიმე ცვლილებაზე.  პირველი ეხება დაზიანებებს საქარე მინაზე: თუ აქამდე საქარე მინაზე არსებული 5 მილიმეტრის ზომის ერთი ან რამდენიმე პატარა წერტილის-დაზიანების გამო მანქანას ახარვეზებდნენ, მომავალში ასე აღარ იქნება. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოში არ არის იდეალური გზები, თავისუფლად შეიძლება გზიდან პატარა კენჭი ავარდეს და საქარე მინაზე მწირე ზომის წერტილი დატოვოს. მძღოლი კი, ასეთ შემთხვევაში იძულებული გახდება მინა მთლიანად გამოცვალოს, რაც რამდენიმე ასეული ლარი ჯდება.

კიდევ ერთი სავარაუდო ცვლილება ის არის, რომ ტექდათვალიერების დროს არ დახარვეზდება ის მანქანები, რომლებსაც გვერდითი მინები აქვს დამუქებული.

ასევე, ნაკლები ყურადღება დაეთმობა მანქანის ვიზუალს. 

1. წესრიგში უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა ნათურა, რომელიც თქვენს მანქანას აქვს ქარხნულად (მათ შორის სალონის ნათურებიც);

2. წესრიგში უნდა იყოს წინა და უკანა შუშა. არ უნდა იყოს გაბზარული და არ უნდა ჰქონდეს დიდი და საშუალო ზომის დაზიანებული წერტილები, რომლებიც მხედველობას უშლის ხელს (5 მილიმეტრამდე წერტილი შეიძლება);

3. გამართულად უნდა მუშაობდეს მინამწმენდები. საღი და მოწესრიგებული უნდა იყოს ყველა სარკე და ასევე გამართულად უნდა იღებოდეს და იხურებოდეს ყველა კარი;

4. ავტომობილი გარეგნულად მეტნაკლებად უნდა იყოს ფორმაში – არ უნდა ჰქონდეს დიდი ზომის დაზიანებები და შეჭეჭყილი ადგილები;

5. ფარები თანაბრად უნდა ანათებდეს, არ უნდა იყოს დაბურული და ჭუჭყიანი. ყველა ფარი უნდა იყოს წესრიგში, ასევე ავარიულებიც;

6. საბურავებზე ყურადღება მიაქციეთ პროტექტორების ზომას. ასევე თითოეულ ღერძზე უნდა იყოს ერთნაირი საბურავები, რასაც პირველ რიგში აქცევენ ყურადღებას; ასევე აუცილებლად უნდა გქონდეთ სათადარიგო საბურავი;

7. მუხრუჭები წინაც და უკანაც, აგრეთვე ხელის მუხრუჭი უნდა იყოს წესრიგში. საჭეს არ უნდა ჰქონდეს ხმა და ფოლხვა (როცა ატრიალებ საჭეს და მანქანა ადეკვატურად არ უხვევს);

8. ძრავი უნდა მუშაობდეს გამართულად და არ უნდა ჰქონდეს დიდი ხმა. ასევე, არ უნდა ჰქონდეს დიდი ბრუნები, არ უნდა ქრებოდეს ნეიტრალში ყოფნის დროს; აუცილებლად გამართეთ ე.წ. “სვეჩები”; მოწესრიგებული უნდა იყოს ჰაერის ფილტრი; ასევე ბენზინის მიწოდების სისტემა და ფილტრები.

9. მანქანას ქვემოდანაც ამოწმებენ საგულდაგულოდ ფანრით – არსაიდან არ უნდა იღვრებოდეს ზეთი და რამე ლაქა არ უნდა ემჩნეოდეს. ამიტომ, სანამ ტექდათვალიერებას გაივლით, ავტომობილი შიგნიდან და გარედან გაარეცხინეთ. ასევე გაარეცხინეთ კაპოტი, რომ ძველი ლაქები მოაშოროთ.

10. ასევე, მანქანას ქვემოდან არ უნდა ჰქონდეს ჩამოვარდნილი,  ჩამოკონწიალებული და კარგად დაუმაგრებელი ნაწილები;

რა საბუთები მჭირდება ტექდათვალიერების გასავლელად?

მხოლოდ მანქანის პასპორტი, პირადობის მოწმობა და ქვითარი, სადაც ჩანს, რომ ტექდათვალიერების თანხა გადახდილი გაქვთ

რა მოხდებათუ ტექდათვალიერებას არ გავივლი?

მძღოლი, რომელიც თავს აარიდებს ტექნიკურ ინსპექტირებას ან ივლის ხარვეზიანი მანქანით,  50 ლარით დაჯარიმდება. ხოლო თუ იურიდიული პირი ან ინდმეწარმე ხართ, მაშინ  200 ლარით დაჯარიმდებით.

ეს ჩვენი პარტნიორი გაზეთის “ბათუმელების” ვიდეოა. ნახეთ, როგორ გადის ტესტირებას მანქანა ბათუმის ერთ-ერთ ცენტრში: 

თუ ასეთ მანქანას სხვას გადასცემთ სამართავად, თქვენც 50 ლარიან ჯარიმას გამოგიწერენ და მასაც, ვინც ავტომობილს მართავდა.

თუ დარღვევას არ აღმოფხვრით, ყოველი ერთი თვის გასვლის შემდეგ ჯარიმა კვლავ 50 ლარი იქნება, რაც ჯამში ერთი წლის განმავლობაში 600 ლარია.

ჯარიმას ერთი თვის ვადაში იხდით.

ჯარიმის  გადაუხდელობის შემთხვევაში 500-ლარიანი საურავი დაგეკისრებათ. თუ საურავსაც არ გადაიხდით, მაშინ თქვენს ავტომობილს 6 თვის ვადით მოძრაობის უფლება ჩამოერთმევა.

14 იანვრიდან ინსპექტირებაგაუვლელი მძღოლების გამოვლენის და დაჯარიმების საქმეში ქუჩებში დამონტაჟებული ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაერთო.

სულ რაღაც ოთხ დღეში – 14-დან 17 იანვრამდე – ჭკვიანმა კამერებმა 6 654 ჯარიმა გამოწერეს. მანამდე კი, წლის დასაწყისიდან პატრულ-ინსპექტორებმა 2404 ჯარიმა გამოუწერეს იმ მანქანების მძღოლებს, რომლებსაც ტექდათვალიერება არ ჰქონდათ გავლილი.

მარჯვენასაჭიანებმა ან გადატანილსაჭიანებმა რა ვქნათ? 

ზუსტად ის, რასაც სხვები აკეთებენ. წესი ყველასთვის ერთი და იგივეა. ასეთი ავტომობილები ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი მსუბუქი ავტომანქანა.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს დამატებით მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების კორექტირება მოუწევთ.

მიდგომა ყველასთვის ერთნაირია – მთავარია, ავტომობილმა ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

იგივე წესები ვრცელდება გადატანილსაჭიან ავტომობილებთან მიმართებაშიც. ოღონდ, აუცილებლად გაითვალიწინეთ ერთი რამე თუ საჭის მარჯვნიდან მარცხნივ გადატანა გინდათ, ეს ტეადათვალიერების გავლამდე მოასწარით, რადგან ტექნიკური დათვალიერების გავლის შემდეგ საჭის გადატანა კატეგორიულად იკრძალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომობილი მორიგ ტექდათვალიერებაზე აღარ დაიშვება.

რა ხდება მაშინროცა მანქანაში გაზის ბალონია დამონტაჟებული?

ტექდათვალიერება სავალდებულოა აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც. ასეთი ავტომობილები ინსპექტირებას სპეციალურად მათთვის გამოყოფილ და აკრედიტებულ ცენტრში გაივლიან. ამ ცენტრების მისამართების ნახვა შეგიძლიათ ის www.pti.ge-ზე.

რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავიარო ტექდათვალიერება?

თუ წელს ყველა მანქანა ტექდათვალიერებას რეგისტრაციის თარიღის მიხედვით გადის, მომავალი წლიდან უკვე მანქანის გამოშვების თარიღს უნდა მიაქციოთ ყურადღება.

კონკრეტულად კი, წესი ასეთია:

თუ გყავთ სულ ახალთახალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც 4 წელზე ნაკლები წლის წინაა გამოშვებული, მაშინ ტექდათვალიერება საერთოდ არ გიწევთ, ვიდრე თქვები მანქნა 4 წლის არ გახდება.

4-დან 8 წლამდე მანქანები ორ წელიწადში ერთხელ მოწმდება.

ხოლო, 8 წლის როცა გახდება მანქანა, მას უკვე ყოველწლიური შემოწმება უწევს.

მაგალითად: თუ თქვენი მანქანა 2005 წელს არის გამოშვებული, მაშინ ყოველ წლიური ტექდათვალიერება გიწევთ, რადგან ის 8 წელზე მეტი ხნის – 14 წლისაა.

რაც შეეხება სამგზავრო (8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე) ავტოსატრანსპორტს. ასეთ ავტოტრანსპორტს ტექინსპექტირება უკვე გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ, ყოველ წელიწადს უწევს. ხოლო ოთხი წლის რომ შესრულდება, მერე საერთოდაც წელიწადში ორჯერ უნდა შეამოწმო.

თუ მანქანა ტაქსია, მაშინ დამატებითი რეგულაცია შემოდის იმის და მიუხედავად, როდის არის გამოშვებული ტაქსი ნებისმიერ ვარიანტში ყოველ წელს ორჯერ შემოწმდება ისევე, როგორც სასწრაფო დახმარების მანქანა

ყოველ წელს მოწმდება ასევე სატვირთო  (3.5 . და ზემოთ ) და მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი (3,5. და მეტი ) ავტოტრანსპორტი.

რომელ ავტოსატრანსპორტს არ ეხება ტექნიკური ინსპექტირება?

ტრანზიტული ნომრების მქონე და განუბაჟებელ მანქანებს.

ტექდათვალიერება არ ეხება ასევე მოტოციკლებს;

ასევე  ავტომობილებს რომლებიც დამზადებულია 1960 წლამდე; მოდელებს, რომლებიც მოხსნილია წარმოებიდან; მანქანას, რომელიც ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებულია პირვანდელი მდგომარეობით; ასევე მანქანებს, რომლებიც უკვე აღარ/ვეღარ მოძრაობენ და ერთ ადგილას დგანან; ასევე სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა მაქსიმალური სიჩქარე ქარხნულად არ აღემატება 25 კმ/სთ-ს.

მე საქართველოს მოქალაქე რომ არ ვარ? 

ტექდათვალიერება თქვენს მანქანასაც ეხება.

ტექდათვალიერებაზე მანქანა აუცილებლად ავტომობილის მფლობელმა უნდა წაიყვანოს?

არა, არ არის აუცილებელი. შეიძლება თქვენი მანქანის ტექდათვალიერება მეგობარს, ქმარს, ცოლს, მამას, დედას ან ვისაც გინდათ, იმას მიანდოთ.

გარდა ამისა, არსებობს სპეციალური სერვისები, რომლებიც თქვენ მანქნას წაიყვანენ, თავად მიიყვანენ ტექდათვალიერების ცენტრში და უკან დაგიბრუნებენ. ცხადია, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ.

წყარო: jam-news.net; pti.ge

გაზიარება: