შევროლეტი კორვეტი, ტუნინგი, ლენდ როვერი, ლენდ როვერ დეფენდერი, ვი 8
Aa
Aa

ინადირეთ ბრიტანულ სტილში: Land Rover Defender „კორვეტის“ ძრავით

E.C.D. Automotive-ის ახალი ქმნილება: Project Rowdy

East Coast Defender (E.C.D.) ამერიკული ტიუნინგ ატელია, რომელიც 2012 წელს დაარსდა და ძველებური Defender-ების აწყობით არის დაკავებული. ყოველი მისი ქმნილება ზედმეტად კარგი ყველგანმავალია. თითოეული Defender-ი კონკრეტულ მიზანს ემსახურება, მაგალითად Project Invictus საუკეთესო Land Rover Defender-ია თუ „ამერიკის“ ყველა ადგილის ნახვა გინდათ, რადგან ავტომობილი კარვით არის აღჭურვილი და მოძრავი სახლის ფუნქციას შეასრულებს.

რამდენიმე დღის წინ E.C.D.-იმ ახალი Defender-ი წარადგინა, სახელად Project Rowdy, რომელიც ქალაქგარეთ პიკნიკებისთვის გათვალისწინებულია.

პიკნიკში სენდვიჩებს და მწვადებს არ ვგულისხმობთ, არამედ ბრიტანული არისტოკრატიის ტრადიციული ნადირობის შემდგომ „პიკნიკს“. ავტომობილის საბარგულში Thewlis Gregson-ის ექსკლუზიური მრავალფუნქციური უჯრები არის ჩამონტაჟებული, სადაც შეგიძლიათ სანადირო იარაღი და Thewlis Gregson-ის დიზაინის ვერცხლის ჭურჭელი შეინახოთ.

უჯრები, ანალოგიურად Defender-ის ძარისა, „ბრიტანულ მწვანეში“ არის შეღებილი. ინტერიერში უმაღლესი ხარისხის ტყავი გხვდებათ. აღსანიშნია ცენტრალური კონსოლი, რომელიც ავტომობილის სალონს ორ ნაწილად ყოფს და როგორც დიზაინის ელემენტი, ავტომობილის შინაარსში ძალიან კარგად ჯდება. Recaro-ს ოთხივე ორთოპედიულ სავარძელს ძალიან კარგი გვერდითა დამჭერები აქვს და ხანგრძლივი მგზავრობისთვის არაჩვეულებრივად კომფორტულია.

რამდენიმე წინა პროექტის მსგავსად, ამ Defender-საც „ჯენერალ მოტორსის“ LS3 V8 ძრავა 6-სიჩქარიან ავტომატურ ტრანსმისიასთან ერთად ამოძრავებს. ავტომობილი აღჭურვილია ჰაეროვანი დაკიდების სისტემით და ჯალამბარით, რათა ავტომობილი არსად გაიჭედოს და ჭურჭელი არ დაისვაროს.

კონკრეტულად ეს ეგზემპლარი, კლიენტის შეკვეთაა და ამას ვერ შეიძენთ, მაგრამ ამის მსგავს, უნიკალურ Defender-ს E.C.D. თქვენი სურვილების გათვალისწინებით ააწყობს. ასეთი ავტომობილი იაფი არ ღირს. თუ გსურთ ბრიტანული ცხოვრების სტილისა და ისტორიის მატარებელი გახდეთ, მაშინ 200 000$-ის გადადება მოგიწევთ. ფუფუნება, სტილი, ისტორია და სტატუსი იაფი არასდროს იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები