Aa Aa
18 მაისი 2022  |  14:44

„მე ნამდვილი ფანი ვიყავი“, - ჯერემი კლარკსონი მის გმირ პილოტს იხსენებს

ფორმულა 1-ის ყველა გულშემატკივარს ბავშვობაში თავისი კერპი ჰყავდა. სერ ჯეკი სტიუარტი ხუან მანუელ ფანხიოს გულშემატკივარი იყო. სერ ლუის ჰამილტონი - აირტონ სენასი. ჯერემი კლარკსონისთვის კი მხოლოდ ერთი პილოტი იყო, რომელმაც მისი გულის მოგება შეძლო: ჟილ ვილნევი. კანადელის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ, კლარკსონმა ყველაზე უნიკალურ პილოტზე ისაუბრა.

მხოლოდ სტატისტიკას თუ შეხედავთ, ვერ იტყვით, რომ ეს პილოტი ფანხიოს ან სენას გვერდით დგას: 2 პოლ პოზიცია, 6 გამარჯვება, 13 პოდიუმი და არც ერთი ტიტული. ეს შედეგი ჰამილტონმა მარტო 2020 წლის სეზონში დაჯაბნა.

მაგრამ კლარკსონისთვის ციფრები მთავარი არ არის. მისთვის მთავარია, როგორ იბრძოდა ის ტრასაზე.

„ვფიქრობ ორი რბოლა იყო, რითაც მან განსაკუთრებული პატივისცემა დაიმსახურა. პირველი ბრიტანეთის გრან პრი (1981) კარგად მახსოვს, რადგან იქ ვიყავი. ვუდქოუთში დიდი ავარია მოხდა. არ მახსოვს ვინ გამოიწვია. ჯერ კიდევ ის დღეები იყო ბარიერებად ბადეებს რომ იყენებდნენ. ნამდვილი სასაკლაო იყო, ყველგან ბოლიდები, ხალხი და მარშლები ირეოდნენ.

„როცა ყველაფერი დალაგდა, მხოლოდ ერთი ძრავის ხმას გაიგონებდით. ეს ჟილი იყო. ის ტრასაზე ნახევარი ბოლიდით დაბრუნდა. გარშემო ღობის ნარჩენები ჰქონდა შემოხვეული. ვფიქრობდი, „ამ კაცს ისე უნდა გამარჯვება, გასაგრძელებლად მზადაა-მეთქი“.

„და რა თქმა უნდა, 1979 წლის საფრანგეთის გრან პრი. მეორე ადგილისთვის რენე არნოს ეჯიბრებოდა. რამდენჯერ შეეჯახნენ ბოლო წრეზე ერთმანეთს... ხუთჯერ? მოსახვევში ერთმანეთს აგდებდნენ და მერე ისევ აგრძელებდნენ. შესანიშნავი რბოლა იყო და ვიფიქრე „ეს ჩემი საყვარელი პილოტია. მისი მსგავსი პილოტი მას შემდეგ არ მინახავს“.

კლარკსონმა ისიც აღიარა, რომ კედელზე „ფერარის“ გუნდში ვილნევის პოსტერებიც ჰქონდა გაკრული. იმასაც ამბობს, რომ ვილნევის სარბოლო ნომერი 27, დღემდე მისი ფავორიტი რიცხვია.

„დღემდე ჩემი იღბლიანი რიცხვია. როცა შესაძლებლობა მაქვს, ყოველთვის 27-ს ვირჩევ - ჟილ ვილნევის გამო. როცა რაიმე კონტექსტში 27-ს ვხედავ, მაგალითად, როცა ფსონს ვდებ ცხენზე ან სხვა რამეზე, ყოველთვის 27-ის ვირჩევ, ისევ ჟილ ვილნევის გამო“.

  

„კედელზე მისი სარბოლო მანქანების სურათებიც მქონდა. მის გამო Ferrari 355 ვიყიდე. Ferrari მის გამო მიყვარს და ის აუცილებლად წითელი უნდა იყოს. გვერდზე კინაღამ 27 მივაწერე“...

1979 წელს საფრანგეთის გრან პრიზე არნოს და ვილნევის დაპირისპირება ისტორიაში შევიდა, თუმცა, იმ დროს მათ საქციელს ბევრი აკრიტიკებდა და საშიშს უწოდებდა. გამონაკლისი იყო მარიო ანდრეტი, რომელიც ამ ორი ადამიანის დაპირისპირებას ადარებდა „ახალგაზრდა ლომების წყვილს, რომლებიც ერთმანეთს კაწრავენ“.

კითხვაზე, იყო თუ არა ვილნევის საქციელი თავზეხელაღებულობა, კლარკსონი პასუხობს:

„რა თქმა უნდა! იმედი მაქვს! ეს სწორედ ისაა, რასაც პილოტისგან ველი. რბოლის დასრულების შემდეგ, წარმოგიდგენიათ, რომ ჟილისთვის ვინმეს ეთქვა „ყოჩაღ ჟილ, საბურავები კარგად შეინახე“? მას არ უნდა საბურავების შენახვა. მას არნოსთან შეჯახება და ნახევარი ბოლიდით რბოლა სურს.

თანამედროვე ფორმულაზე რას ფიქრობს? გამოდგებოდა ვილნევის მართვის სტილი 2022 წელს?

„თანამედროვე ფორმულას რაღაც კარგიც აქვს. სხვა ბოლიდის უკან სიარული გამოიმუშავეს. პირველი ორი რბოლა ფანტასტიკური იყო, არა? მას მოეწონებოდა, დარწმუნებული ვარ.

„დარწმუნებული ვარ, ჩემსავით იფიქრებდა, რომ ეს ბოლიდები უფრო ძლიერი უნდა იყოს. ვიღაცას თუ შეეჯახე, ნაწილი დაკარგე და 5 წამით ჩამორჩი, გამარჯვების შანსი აღარ გაქვს. ადრე ბოლიდის პრობლემებით ისევ გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. დღეს კი ფიქრობენ: „პრობლემა მაქვს, ვერ მოვიგებ და ცდასაც არ აქვს აზრი“. ჩემი აზრით, მისთვის სწორედ ეს იქნებოდა უცნაური - თუ პატარა ნაწილი მოგძვრა, მაშინ შენთვის რბოლა დასრულებულია“.

1982 წლის ბელგიის კვალიფიკაციაზე ვილნევის ტრაგიკული გარდაცვალება საიდუმლოებითაა მოცული. წინა რბოლაზე, იმოლაში მისი გუნდელის დიდიე პირონის ღალატით ვილნევი ჯერ კიდევ გაცხარებული იყო. March-ის პილოტი იოხენ მასი ნელა მოდიოდა, თუმცა, ვილნევსა და მასს შორის კომუნიკაცია ვერ შედგა. მათი ტრაექტორიები გადაიკვეთა და ვილნევის ბოლიდი ბარიერის 225კმ/სთ-ით შეეჯახა. შუაზე გადამტყდარი ბოლიდი ცაში აიჭრა. კისრის მოტეხილობა იმაზე მიანიშნებდა, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.

ახსოვს კლარკსონს იმ დღის დეტალები?

„ვიცი სადაც ვიყავი“, ჩუმად პასუხობს კლარკსონი, „ტელევიზორს ვუყურებდი. მახსოვს ჟილის გარდაცვალება. ჟილ ვილნევი, კიტ მუნი, ყველა მახსოვს. ვიცი სად ვიყავი, როცა სენა გარდაიცვალა: ავტოშოუზე ვიყავი. ასეთი რამეები არ გავიწყდება“.

ფორმულა 1-ის ლეგენდარული ჟურნალისტი ალან ჰენრი ვილნევზე ამბობდა: „ის იყო უკანასკნელი პილოტი, რომელსაც ბოლიდის მართვის დაუოკებელი სიხარული ჰქონდა“. კლარკსონმა თავისი აზრი ამაზეც გამოთქვა.

„არ ვფიქრობ, რომ ბოლო იყო. ვფიქრობ, კიმი რაიკონენიც ხალისობდა. Ferrari ასეთ პილოტებს ირჩევს. ის იყო Ferrari-ს სრულყოფილი პილოტი. ნაიჯელ მანსელიც სრულყოფილი იყო.

ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ვილნევი ბოლო იყო. უბრალოდ, ის ჩემთვის გმირი იყო და მე მისი ფანი ვიყავი“.

 

გაზიარება: