Tesla-ს მფლობელები თავიანთ ელექტრომობილებს რეკორდული რაოდენობით ყიდიან | მიზეზი?
Tesla-ს გარშემო, ბოლო პერიოდში, უცნაური ამბები ხდება. სადილეროებსა და ავტომობილებზე გახშირებული თავდასხმებით დაწყებული, კომპანიის ვანკუვერის გამოფენიდან მოხსნით დასრულებული. ამ ყველაფერთან ერთად, როგორც ჩანს მომხმარებელთა უკმაყოფილებაც იზრდება და ეს უკვე Tesla-ს მეორადი ელექტრომობილების გაყიდვის მაჩვენებელზეც აისახება.
Edmunds-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Tesla-ს მფლობელები თავიანთ ელექტრომობილებს რეკორდული რაოდენობით ყიდიან. 15 მარტამდე პერიოდში, 2017 წლის ან უფრო ახალი Tesla-ს გაყიდვები, ავტომობილებით ვაჭრობის საერთო რაოდენობის 1.4%-ს შეადგენდა. მაშინ, როდესაც გასული წლის იმავე მაჩვენებლით, 0.4% იყო.
CNBC-ის შეფასებით, ეს Tesla-სთვის რეკორდული ზრდაა. ამ შედეგის უკან კი, დიდი ალბათობით, მრავალი ფაქტორი დგას, მათ შორის ელექტრომობილების ბაზარზე კონკურენციის ზრდა.
ერთ-ერთ მთავარ მიზეზად Tesla-ს მფლობელის და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოლიტიკური კარიერა სახელდება, მაგალითად, მისი ახალი თანამდებობა და საკამათო გადაწყვეტილებები. ამას ემატება Tesla-ს სადილეროებზე გაზრდილი თავდასხმები, რაც არსებულ მფლობელებში შიშის გრძნობას აჩენს. ბევრი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ თავდამსხმელების შემდეგი სამიზნე შესაძლოა თავად გახდნენ.
მიუხედავად მიზეზებისა ერთი რამ ფაქტია. მომხმარებლების მხრიდან მეორადი ელექტრომობილების გაყიდვის ტენდენცია, სავარაუდოდ, კომპანიის სამომავლო გეგმებზეც უარყოფითად იმოქმედებს. კვლევის პროგნოზით, Tesla-ს მფლობელებმა შესაძლოა ამერიკული ელექტრომობილები მისი კონკურენტებით ჩაანაცვლონ, რაც Tesla-ს გაყიდვებსა და რეპუტაციაზე, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება.