გულშემატკივარმა კრის ჰარისის მოპარული M5 E28 პოლიციაზე ადრე იპოვა
როგორც წესი, ქურდობის და მსგავსი ტიპის დანაშაულის დროს, მხოლოდ საპოლიციო უწყებას აქვს უფლება დამნაშავე დააკავოს. თუმცა, ეს ალბათ მხოლოდ მოკვდავების შემთხვევაში, რადგან ცნობილი ადამიანების სამყარო მცირედით განსხვავებულად მუშაობს.
მაგალითად, ავიღოთ კრის ჰარისი, Top Gear-ის ყოფილი თანაწამყვანი და სერტიფიცირებული ავტომოყვარული. როდესაც ვიღაცამ მისი კლასიკური E28 BMW M5 მოიპარა, მან ამის შესახებ გულშემატკივრებს აცნობა და მათ ის უფრო სწრაფად იპოვეს, ვიდრე პოლიციელებმა.
View this post on Instagram
მხოლოდ Instagram-ზე ჰარისს თითქმის 900 000 გამომწერი ჰყავს. 2025 წლის 21 ივლისს, გამთენიისას, ჰარისმა თავის გამომწერებს უთხრა, რომ ღამით მისი კუთვნილი M5 მოიპარეს. „გთხოვთ, გააზიაროთ და დამეხმაროთ მის პოვნაში. ეს ავტომობილი უკვე 19 წელია, რაც მყავს“. პოსტიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ, ერთმა ადამიანმა განაცხადა, რომ ჰარისის ავტომობილი შენიშნა.
ჰარისმა თავდაპირველად მხოლოდ მცირედი ინფორმაცია გაასაჯაროა მომხდარის შესახებ და Top Gear-ის წამყვანი შეშფოთებულიც კი იყო იმ ფაქტით, რომ მანქანა დასახლებული პუნქტიდან მოიპარეს. „ის უბრალოდ იქ იდგა, გაჩერებული როგორც ნებისმიერი სხვა მანქანა, ღია ცის ქვეშ, ქუჩაში“, - აცხადებდა ჰარისი.
M5-ის დანახვისას კი, ჰარისი ემოციებს ვერ ფარავდა: „შეხედეთ ამას, აი ისიც, ჩემი M5“. მანქანა სოციალურ ქსელში წამყვანის ერთ-ერთმა მიმდევარმა აღმოაჩინა და მას შეტყობინებაც გაუგზავნა. გულშემატკივარმა ჰარისს უთხრა, რომ მანქანასთან დარჩებოდა მანამ, სანამ ის ადგილზე მივიდოდა.
View this post on Instagram
„ცოტა არეულობაა, მაგრამ მანქანა დავიბრუნე და თავს წარმოუდგენლად იღბლიანად ვგრძნობ“, - თქვა ჰარისმა. შემდეგ კი, ამ მოკლე დროში ავტომობილისთვის მიყენებულ ზიანზე ისაუბრა. მისი თქმით, ქურდებმა მანქანის დასაქოქად გარკვეულ ხრიკებს მიმართეს, რამაც მანქანა დააზიანა, თუმცა ეს ახლა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
ჰარისმა ისიც დაადასტურა, რომ მანქანაში თითქმის ყველაფერი იდეალურად მუშაობდა, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ავტომობილში იმაზე ნაკლები საწვავი იყო, ვიდრე მისი მოპარვისას და როგორც ჩანს, ქურდებმა ამ საწვავით შორს წასვლაც ვერ შეძლეს.