როგორ დაეხმარა სუპერქარების დიზაინი გორდონ მიურეის კიბოსთან ბრძოლაში?
80 წლის ასაკშიც კი, გორდონ მიურეი მუშაობას არ წყვეტს და სუპერქარებისთვის დიზაინების შექმნასა და განვითარებას განაგრძობს. McLaren F1-ის ყოფილი დიზაინერისთვის ხელი არც კიბოს დიაგნოზს შეუძლია. ერთ-ერთი უახლესი სუპერმანქანა - S1 LM - ქიმიოთერაპიის გავლის დროს შეიქმნა.
მიურეიმ ფართო საზოგადოებას კიბოს დიაგნოზის შესახებ ამ ზაფხულს აცნობა. ცნობილ ავტოდიზაინერს საყლაპავის კიბო 2024 წლის დასაწყისში დაუდგინეს, რის შემდეგაც მკურნალობა დაიწყო. ქიმიოთერაპიის შემდეგ, მიურეიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თითქმის ყველა უკუჩვენება, რის შესახებაც ის და მისი მეუღლე ექიმმა გააფრთხილა, მას მკურნალობის პროცესში გამოუვლინდა. გასული წლის ივლისში მიურეის ოპერაციაც ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა.
ამ პერიოდის განმავლობაში მიურეი მჭიდროდ თანამშრობლობდა მის კლიენტებთან - S1 LM-ის სუპერქარზე, რომელიც „ლე-მანის“ გამარჯვებულ McLaren F1 GTR-ს ეძღვნება. „გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესი მას კიბოს მკურნალობის გადალახვაში დაეხმარა“, - განაცხადა GMA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფილ ლიმ მონტერეის ავტომობილების კვირეულის ღონისძიებაზე.
„ის [მიურეი] ძალიან კონცენტრირებული იყო; მან ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი და მძიმე კურსი გაიარა, მუშაობდა მომხმარებლებთან ერთად და ფოკუსირებული იყო, როგორც საკუთარ თავზე, ასევე ავტომობილზე. ეს მანქანა სწორედ ამ ყველაფრის შედეგია“.
ღონისძიების მიმდინარეობისას ლიმ მიურეისა და მისი ავტომობილის შესახებ კიდევ არაერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, გასაოცარია, თუ რამდენად კონცენტრირებული იყო მიურეი მკურნალობის პერიოდის განმავლობაში მანქანების საკითხებზე: „ძალიან ვამაყობ მისით და რა თქმა უნდა, ამან ის მომხმარებლისთვისაც განსაკუთრებული გახადა“.
S1 LM-ის სუპერქარი GMA-ს T.50-ზეა დაფუძნებული და Gordon Murray Special Vehicles-ის მიერ შემუშავდა. კომპანიის ეს კონკრეტული განყოფილება, შეზღუდული გამოშვებებისა და მსგავსად, სპეციალური შეკვეთით დამზადებული ავტომობილების წარმოებაზეა ფოკუსირებული. ამ კონკრეტული მოდელის დებიუტს კი, მონტერეიში ვიხილავთ. ლის განცხადებით, GMA-ს კიდევ ბევრი გეგმა აქვს და მიურეიც არ გაჩერდება.