80 წლის იაპონელი ქალი, 25 წლის შემდეგ, RX-7-ს ემშვიდობება | რა მოიმოქმედა Mazda-მ?
ეს 80 წლის ქალბატონი, სახელად ნაოკო მოშომოტო წარმოშობით ნაგასაკიდანაა და უკვე 25 წელია რაც ერთგულად თავის საყვარელ ავტომობილს ინახავს და მართავს. მანქანა კი, არც მეტი არც ნაკლები 1999 წლის Mazda RX-7-ია, რა თქმა უნდა, მექანიკური გადაცემათა კოლოფით.
Mazda ნაოკოსთვის ერთი ჩვეულებრივი ავტომობილი არასდროს ყოფილა, რომელსაც უბრალოდ გადაადგილებისთვის იყენებდა. RX-7 მისი ოცნების ავტომობილი გახლდათ, შთაგონებული Initial D-ის ანიმეთი, რომელსაც ის ორმოცდაათიან წლებში უყურებდა. ზუსტად მანამ, სანამ სრულიად ახალ RX-7-ს შეიძენდა.
ნაოკო Mazda-ს ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, რეგულარულად იყენებდა. ყოველდღიური საქმიანობისთვის გამოყენების მიუხედავად, ის მანქანას ზედმიწევნითაც უვლიდა და RX-7-ს, თავისი ასაკისთვის, რეალურად არც თუ ბევრი, 77 000 კილომეტრი თუ აქვს გავლილი. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, 80 წლის ასაკში, იაპონელმა ქალბატონმა მართვის მოწმობაზე უარი ნებაყოფლობით თქვა.
ამის მიუხედავად, არ სურდა საყვარელი RX-7 უბრალოდ გაეყიდა და მანქანისთვის შესაბამისი მფლობელის მოძებნა გადაწყვიტა. ნაოკოს ისტორია კი, Mazda-ს ყურამდეც მივიდა, რომელიც ერთგულ მძღოლს დაუკავშირდა და ნაგასაკიში, მის ადგილობრივ სადილეროსთან, მანქანის გადაცემის ცერემონიაც მოაწყო.
Mazda-მ საკუთარ თავზე RX-7-ის სრულად აღდგენის და რესტავრირების პასუხისმგებლობაც აიღო. კომპანია ახლა უკვე მის გამოყენებას ღონისძიებებსა და გამოფენებზე გეგმავს - როგორც მანქანის, ასევე იმ ქალის პატივსაცემად, ვინც მას მეოთხედი საუკუნის განმავლობაში უფრთხილდებოდა.