კორეაში შექმნეს ელექტრომობილის ბატარეა, რომელიც შესუსტებას 1300-ჯერ დამუხტვის შემდეგ იწყებს
სამხრეთკორეელი მკვლევარების ჯგუფმა ელექტრომობილის რევოლუციური ბატარეა შექმნა: ვერცხლის იონებით დაფარული ლითიუმ-მეტალის ბატარეა, რომელიც 1300-ჯერ დამუხტვის შემდეგაც კი ინარჩუნებს სტაბილურობას.
ახალ დიზაინს შეუძლია უფრო უსაფრთხო, ხანგრძლივი და მაღალი შესაძლებლობის მქონე ბატარეების წარმოება წაახალისოს, რაც ელექტრომობილების ინდუსტრიას მნიშვნელოვან პრობლემებს გადაუჭრის. ყოველივე ხსენებულს ვერცხლის ბაზაზე დამზადებულ მიკროსკოპულ საფარს უნდა ვუმადლოდეთ.
თუ ეს პროექტი გაამართლებს, მომავლის ელექტრომობილები ბევრად დიდ მანძილს დაფარავენ და ბევრად ხანგრძლივადაც მოგვემსახურებიან.
დეკადების განმავლობაში, მეცნიერები თვლიდნენ, რომ ლითიუმ-მეტალის ბატარეებზე გადასვლა ენერგიის შენახვის კუთხით დიდი ნახტომი იქნებოდა.
კორეაში შექმნილ ბატარეას შეუძლია, დღეს გამოყენებაში მყოფი ლითიუმ-იონის ბატარეასთან შედარებით, მფლობელს ენერგიის გაორმაგებული სიმკვრივე შესთავაზოს, ერთი მუდმივი პრობლემის — დენდრიტების საკითხის გადაჭრასთან ერთად.
ეს პატარა, ხის მსგავსი მეტალის ეკლები ელექტრომობილის ბატარეის ზედაპირზე ჩნდება დატენვის დროს და შეუძლია დააზიანოს შიდა ფენები, რაც ხშირად იწვევს მოკლე ჩართვებსა და ხანძრებსაც კი.
პროფესორმა ჩო ჯინ-ჰანმა და მისმა გუნდმა სწორედ ამაზე იმუშავეს — მათ პრობლემა მარტივად გადაჭრეს, დაფარეს ბატარეის ელექტროდები ვერცხლის იონების მონაცვლე ფენებითა და ქიმიური ნაერთი TCA-ით. ეს თითმის უხილავ დამცავ ბარიერს ქმნის და ეხმარება ლითიუმს, სახიფათო ფორმების მიღების ნაცვლად, თანაბრად განაწილდეს.
კიდევ უფრო კარგი ამბავი ისაა, რომ სამუშაოები ჩვეულებრივ, ოთახის ტემპერატურასა და ნორმალური ატმოსფერული წნევის პირობებში მიმდინარეობს — როცა ბატარეა ჩართულია, ვერცხლის უმცირესი უჯრედები საგზაო ნიშნებივით მუშაობენ, უბიძგებენ რა ლითიუმს სწორი მიმართულებით. ხოლო TCA გამძლე, ელასტიკურ ფენას ქმნის, რომელიც დროთა განმავლობაში ბატარეას დაზიანებისგან იცავს.
შედეგად კი უფრო სტაბილურ ბატარეას ვიღებთ, რომელიც არამხოლოდ გადახურებისგანაა დაცული, არამედ დეგრადაციასაც უფრო დიდი ხნის შემდეგ იწყებს. ლაბორატორიულ ტესტებში პროტოტიპმა 2000 საათის განმავლობაში სტაბილურად იმუშავა და 1300 დამუხტვა-განმუხტვის ციკლის შემდეგაც კი თავდაპირველი შესაძლებლობის 96% შეინარჩუნა, რაც დღესდღეობით არსებულ ტექნოლოგიასთან კონტრასტში, მნიშვნელოვანი წინსვლაა.
ჩოს გუნდი ფიქრობს, რომ მათ პროდუქტს შეუძლია, საფუძველი დაუდოს სხვა ლითონებზე (თუთიაზე, ნატრიუმზე) დაფუძნებული ბატარეების შექმნასაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვერცხლი შესაძლოა მეტად უსაფრთხო და ხანგრძლივი EV ბატარეების გასაღები იყოს.