ფორმულა 1, ლუის ჰამილტონი, Formula 1, FIA, ფერარი, ბერნი ეკლსტოუნი, ფელიპე მასა, ნელსონ პიკე
Aa
Aa

17 წლის შემდეგ — ფელიპე მასამ Formula 1-ს უჩივლა

ფელიპე მასა 2008 წლის ტიტულის დაკარგვის გამო ფორმულა 1-ს სასამართლოში 2025 წელს უჩივის. ბრაზილიელი მრბოლელის განცხადებით, ის „თაღლითობის“ მსხვერპლი გახდა და ტიტული უსამართლოდ დაკარგა. 

საჩივარი ბერნი ეკლსტოუნის 2023 წლის ინტერვიუს ეყრდნობა. შესაბამისად, ლონდონის სასამართლოს წინაშე ბრალდებულების ამპლუაში Formula 1-ის მენეჯმენტი, ბერნი ეკლსტოუნი და FIA იქნებიან წარმოდგენილი. 

მასა კომპენსაციის სახით 82 მილიონ დოლარს მოითხოვს.

ისტორია სინგაპურში იწყება

თუ ფორმულას გულშემატკივარი არ ხართ, კონტექსტში გარკვევა დაგჭირდებათ, რისთვისაც 2008 წლის სეზონს უნდა დავუბრუნდეთ. 

პირველობისთვის ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ერთმანეთს მაკლარენის საჭესთან მჯდომი ლუის ჰემილტონი და ფერარის მძღოლი ფელიპე მასა ერკინებოდნენ. მთელი სეზონის განმავლობაში, ორი პილოტი გამარჯვებებს ერთმანეთში ცვლიდა, თუმცა სინგაპურის გრან პრიზე მოხდა ის, რამაც მასასთვის ტრაგიკულ მოვლენებს დაუდო სათავე. 


ამ წელს სინგაპურში გრანპრი პირველად ჩატარდა... გარდა ამისა, ეს პირველი რბოლა იყო ფორმულას ისტორიაში, რომელიც ღამით გაიმართა. თუმცა, როცა ამ რბოლის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაზე ვსაუბრობთ, ჰამილტონსა და მასას ნაკლებად ვეხებით — ეს ისტორია ამჟამად არარსებულ Renault-ის ფორმულას გუნდს ეხება. 

2008 წელს ფრანგული საჯინიბოს პილოტები ნელსონ პიკე უმცროსი და ფერნანდო ალონსო იყვნენ, მათი ხელმძღვანელი კი არც მეტი, არც ნაკლები ფლავიო ბრიატორე იყო. 

გრან პრის კვალიფიკაციაში რენომ საშინელი შედეგი აჩვენა — ალონსომ და პიკემ მე-15 და მე-16 სასტარტო პოზიციები დაიკავეს. ალონსომ გადაწყვიტა, რბოლა ნაკლები საწვავით დაეწყო, რათა წინ მყოფი ავტომობილებისათვის მალევე გადაესწრო. მე-12 წრეზე ალონსო პიტ სტოპში შევიდა საწვავის შესავსებად და საბურავების გამოსაცვლელად — ამაში უჩვეულო არაფერი იყო, თუმცა მე-14 წრეზე ფორმულას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი ისტორია დატრიალდა — ესპანელი მრბოლელის გუნდელი, ნელსონ პიკე მე-17 მოსახვევში კედელს დაეჯახა.

შეჯახებამ უსაფრთხოების მანქანის შემოსვლა გამოიწვია, რაც ალონსოს საეჭვოდ აწყობდა. ყველაზე მეტად ამ შემთხვევამ კი ფელიპე მასა დააზარალა: სრულ ქაოსში, მასამ პიტი ჯერ კიდევ ბოლიდზე შეერთებული საწვავის მილით დატოვა და გზად გუნდის ერთ-ერთ წევრსაც გადაუარა — მარტივი მისახვედრია, რბოლაში მისი შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა. საბოლოოდ, რბოლაში ალონსომ გაიმარჯვა იმ უპირატესობით, რომელიც ადრეული პიტ სტოპით მიიღო. მასას უბედურებას დაემატა ლუის ჰემილტონის მე-3 ადგილიც, რამაც ბრიტანელ მრბოლელს ბრაზილიელთან 7-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა. 

საბოლოოდ, ჰემილტონმა სეზონი 1 ქულით, უკანასკნელი გრანპრის ბოლო წრის ბოლო მოსახვევში გადასწრებით მოიგო, თუმცა სინგაპურის შემთხვევამ, რომელსაც დღეს „ქრაშგეითის“ სკანდალად ვიცნობთ, ლუისის ჩემპიონობას ჩრდილი მაინც მიაყენა. 

„შემთხვევითობა“, რომელიც შემთხვევითობა სულაც არ ყოფილა

2009 წელს რენომ ნელსონ პიკე გუნდიდან გაუშვა. მოგვიანებით ბრაზილიელმა აღიარა, რომ შეჯახება გამიზნული იყო, რათა ალონსოს უპირატესობა მოეპოვებინა. ამან მთელი F1 შოკში ჩააგდო, ფლავიო ბრიატორე მოგვიანებით სპორტიდან სამუდამოდ მოიკვეთა (შეზღუდვა რამდენიმე წლის შემდეგ მოიხსნა).

უარესი ჯერ კიდევ წინ იყო — 2023 წელს ფორმულას კომერციული უფლებების ყოფილმა მფლობელმა, ბრიტანელმა მაგნატმა, ბერნი ეკლსტოუნმა ინტერვიუში აღიარა, რომ „ქრაშგეითის“ მიღმა არსებული სიმართლის შესახებ მისთვის ცნობილი იყო და მასამ 2008 წლის ტიტული მართლაც უსამართლოდ დაკარგა. 

„მაქს მოზლიმ და მე 2008 წლის სეზონის მიმდინარეობისას ვიცოდით, რაც სინგაპურში მოხდა. ნელსონ პიკემ მამამისს უთხრა, რომ კედელთან შეჯახება გუნდმა მოსთხოვა, რათა უსაფრთხოების მანქანა გამოსულიყო და ამით ალონსოს ეხეირა. პიკეს კონტრაქტი ეწურებოდა და დიდი ზეწოლის ქვეშ იყო, ამიტომ დასთანხმდა. ჩვენ არაფერი გავაკეთეთ, რადგან სპორტის დაცვა და მისი დიდი სკანდალისგან გადარჩენა გვინდოდა. სწორედ ამიტომ ვესაუბრეთ პიკეს და დავარწმუნეთ, რომ დროებით სიმშვიდე შეენარჩუნებინა“, — ამბობდა ეკლსტოუნი 2023 წელს.  

მასა სწორედ ამ ინტერვიუს ეყრდნობა — ის აცხადებს, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდა და ჩემპიონი ის უნდა გამხდარიყო. მისი ადვოკატის განცხადებით, F1-ის ბოსებმა მოილაპარაკეს, რათა სიმართლე დაემალათ. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ სინგაპურის გრან პრიზე მასას მარცხი, პირველ რიგში, მის მიერ ტრასაზე დაშვებული შეცდომების ბრალი იყო და ახლა ამის განხილვა ძალიან გვიანია. 

მოსმენა 31 ოქტომბერს გაიმართა და მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილი მალე გახდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები