Toyota, ტოიოტა, იაპონური, ტოიოტა ჰაილუქსი, Toyota Hilux
Aa
Aa

როგორი იქნება ახალი თაობის Toyota Hilux

ლოდინი თითქმის დასრულებულია — მალე Toyota-ს ლეგენდარული, ათასი ომის მნახველი (პირდაპირი გაგებით) პიკაპის, ჰაილუქსის ახალი თაობა გამოვა. გასული თვეების განმავლობაში გავრცელებული არაერთი გაჟონილი ინფორმაციისა და პაპარაცული ფოტოს შემდეგ, იაპონურმა ავტომწარმოებელმა სპეკულაციებს ბოლო მოუღო — ახალი თაობის Hilux-ის წარდგენა 10 ნოემბერს, ტაილანდში გაიმართება.

თიზერი, რომელიც Toyota-ს ტაილანდის მიმართულებამ გაავრცელა, პიკაპის ექსტერიერის დიზაინს გვაჩვენებს. წინა თაობის მოდელმა, რომელიც 2015 წელს გამოვიდა, მიუხედავად 2017, 2020 და 2024 წლებში განცდილი რესტაილინგებისა, დრო მაინც მოჭამა.

დიზაინში ცვლილება აშკარაა და ტოიოტა აშკარად ფუტურისტულ დიზაინს ცდის — ახალ მოდელს უფრო ვიწრო LED ფარები ექნება, რომელიც გამოყვანილ, მომრგვალებული ფორმების მქონე კაპოტსა და უფრო მაღლა განლაგებულ შემშვებებს შეუწყვილდება. გვერდითა მხრიდან, ახალი ჰაილუქსი მეტად ნაცნობი მოგვეჩვენება, კუთხოვანი უკანა ფარებითა და უკანა ბორტით, რომელსაც ამჯერად დახვეწილი ინტეგრირებული სპოილერი დაემატა. ცხაურაზე ტრადიციულად TOYOTA-ს ლოგოს შევხვდებით, უკანა ბორტზე კი წარწერა „Hilux-ს“.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ინტერიერის კადრები არ არის ნაჩვენები, თუმცა სხვადასხვა ცნობით, სალონში შევხვდებით ინსტრუმენტების ციფრულ პანელსა და განცალკევებულ საინფორმაციო-გასართობ სისტემას. გაუმჯობესდება ინტერიერის მასალებიც და შესაბამისად, ჰაილუქსი სრულყოფილი SUV-ის შთაბეჭდილებას დატოვებს და არა იმ ავტომობილის, რომლითაც უდაბნოში საომრად მიდიხარ.

რა დევს (შავ ყუთში) კაპოტის ქვეშ?

მიუხედავად ვიზუალური ცვლილებებისა, ჰაილუქსი ფესვებიდან შორს არ წავა. ავტომობილი IMV პლატფორმის განახლებულ ვერსიაზე აიგება და არ გამოიყენებს Toyota-ს შედარებით ახალ TNGA-F პლატფორმას, რომელიც Tacoma-სა და Land Cruiser-ებში გამოიყენება. 


სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება 2.8-ლიტრიანი ტურბოდიზელის Mild-Hybrid ძრავა, რომელის 201 ცხ.ძ-სა და 500 ნიუტონს გამოიმუშავებს. გადაცემის კოლოფი კვლავაც ავტომატური იქნება. 

გავრცელებული ცნობების თანახმად, 2.4-ლიტრიანი დიზელისა და 2.7-ლიტრიანი ბენზინის ძრავების წარმოება შეწყდება. დროთა განმავლობაში, იაპონური ავტომწარმოებელი მომხმარებელს ჰიბრიდულ და სრულად ელექტრო ვერსიებს შესთავაზებს. 

რაც შეეხება ფასსა და ძირითად ტექნიკურ დეტალებს — ყველაფერი 10 ნოემბერს გახდება ცნობილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები